რუსი აბიტურიენტები მისაღებ გამოცდაზე თხზულების წერისას ვლადიმერ პუტინის ციტატებს იყენებენ, რათა უფრო მაღალი ქულა მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა და იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როსობნადზორს ამის ოფიციალურად უარყოფა დასჭირდა.
„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოხსენიება ან ციტირება რუსული ენის სახელმწიფო გამოცდის თხზულებაში არ ზრდის ქულებს. ამის შესახებ როსობრნადზორმა განაცხადა“ - წერს რია ნოვოსტი.
მანამდე, არაერთმა Telegram-ის არხმა გაავრცელა სკოლის მოსწავლეების შეტყობინებები, სადაც ნათქვამია, რომ კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც სახელმწიფოს მეთაურის ციტატები გამოიყენეს, ესეში უფრო მაღალი ქულები მიიღეს.
„საკუთარი დამოკიდებულების დასაბუთებაში კონკრეტული პიროვნების ან პიროვნების მოხსენიება გამოცდის მონაწილეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს“, - აღნიშნეს როსობნადზორში.
მათი განმარტებით, ერთიან სახელმწიფო გამოცდაზე აბიტურიენტებს თავიანთი მსჯელობის გასამყარებლად შეუძლიათ არგუმენტები მოიყვანონ, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ, წაკითხულ ან კულტურულ-ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება. დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მაგალითებისა და არგუმენტებისთვის ყველა წყარო დაშვებულია და მათი არჩევანი კურსდამთავრებულის ზოგად კულტურულ დონეს აჩვენებს.