რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ დარტყმას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში - ზაზა თელია აქტუალურ თემაზე საუბრობს - მშობლები

რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ დარტყმას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში - ზაზა თელია აქტუალურ თემაზე საუბრობს

2024-06-19 11:55:57+04:00

ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით შესაძლოა, სითბური დაკვრა მივიღოთ. რა სიმპტომებით შეიძლება, გავიგოთ, რომ სითბური დაკვრა განვითარდა, ვინ არიან რისკ ჯგუფებში და რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს,

- სითბური დაკვრის დროს ორგანიზმის გადახურება ხდება, მასში ტემპერატურა იმატებს. ეს შეიძლება ჰაერის მაღალი ტემპერატურით იყოს გამოწვეული ან მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად. ის, თუ რამდენი გრადუსის პირობებში შეიძლება, ადამიანს სითბური დაკვრა დაემართოს, ძალიან ინდივიდუალურია. თუ ქრონიკული დაავადების მატარებელია, მისთვის სულ მცირე პერიოდიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სითბური დაკვრა მიიღოს. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ჭარბი წონა, სიმსუქნეა. შესაძლოა, ამ პრობლემის მქონე ადამიანს, სითბური დაკვრა ძალიან სწრაფად, მაგალითად, დაახლოებით, 1 საათში დაემართოს. ჭარბწონიანი ადამიანების მეტაბოლიზმი შენელებულია. ამავდროულად, სითბოს გაცემაც შემცირებულია.

სითბური დაკვრის სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ავად ყოფნის შეგრძნება
  • ძლიერი ოფლიანობა
  • ხელების, ფეხების ან კუჭის არეში სპაზმი ან კრუნჩხვები
  • გახშირებული სუნთქვა ან გულისცემა
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა
  • წყურვილის შეგრძნება
  • სისუსტე

ჩამოთვლილი სიმპტომები სწრაფად ვითარდება. პირობითად, ადამიანი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ 1-2 საათში აღნიშნული სიმპტომები განუვითარდა.

არსებობს საგანგაშო ნიშნები, როცა სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთ და შეიძლება, ადამიანის კლინიკაში გადაყვანაზეც ვიფიქროთ. საყურადღებო ნიშნებია:

  • სხეულის ტემპერატურა თუ 40 გრადუსი ან მეტია
  • ადამიანი უგონო მდგომარეობაშია
  • დახმარებიდან 30 წუთის განმავლობაში ისევ ცუდად გრძნობს თავს
  • კანი ცხელია, არ ოფლიანობს, მშრალი და წითელია
  • გული სწრაფად უცემს
  • სუნთქვა გახშირებულია ან პირიქით, გაძნელებული
  • გულყრა აღენიშნება
  • აქვს გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა

ჩამოთვლილი სიმპტომები მოზრდილებსა და ბავშვებში ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, ბავშვებში აღნიშნულ სიმპტომებს შესაძლოა, გაღიზიანებადობა დაემატოს.

სითბური დაკვრის დროს რისკ ჯგუფებში შედიან:

  • ბავშვები
  • ხანდაზმულები
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ინსულტი.

რა უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარებისათვის?

  • დაუყოვნებლივ გადავადგილდეთ გრილ ადგილას
  • ყველა არასაჭირო ტანსაცმელი, მაგალითად, მოსაცმელი, წინდები გავიხადოთ
  • ცივი წყლის, სპორტული სასმელის მიღება
  • კანის გაგრილება - ცივი წლის სპრეი, ცივი საფენები
  • ტანსაცმელში გახვეული ყინულის კუბების მოთავსება იღლიის ქვეშ ან კისერზე. ყინულის პირდაპირ ყინულის კანზე მოთავსება არ შეიძლება. ამით შესაძლოა, დამწვრობა გამოვიწვიოთ.

დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს.

რა შეიძლება, გავაკეთოთ პრევენციისთვის?

  • უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობის ცივი სასმელი, უპირატესად, წყალი
  • უნდა ვატაროთ ფერადი და თავისუფალი ტანსაცმელი, მუქი ფერის ტანსაცმელი სითბოს იზიდავს
  • მოვერიდოთ მზეზე ყოფნას 11-დან 15 საათამდე
  • მოვერიდოთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას
  • მოვერიდოთ სიცხეში ინტენსიურ ვარჯიშს. არ ვივარჯიშოთ მზეში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.
  • განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ბავშვებზე. მაგალითად, ფეხბურთის, რაგბის შემთხვევაში, როდესაც მათ გარეთ, მოედანზე უწევთ ყოფნა, 11-დან 15 საათამდე პერიოდში არ უნდა ვავარჯიშოთ. არ შეიძლება, ბავშვმა მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიური დასხივების ქვეშ ივარჯიშოს. ძალიან მაღალი რისკია, რომ სითბური დაკვრა განუვითარდეს.