"წონა, 5 საათზე მეტ ხანს ჯდომა, ცხოვრების უმოძრაო წესი რისკ-ფაქტორებია..." - რა იწვევს და რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები - მშობლები

"წონა, 5 საათზე მეტ ხანს ჯდომა, ცხოვრების უმოძრაო წესი რისკ-ფაქტორებია..." - რა იწვევს და რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები

2024-06-19 15:08:30+04:00

ანგიოლოგი, ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძეგადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები, რა იწვევს მათ განვითარებას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში:

- ორგანოს ცხოველქმედებისთვის საკვები და ჟანგბადი სჭირდება. "ვიღაცას" უნდა მოჰქონდეს და პირიქით, მიჰქონდეს. გული ე.წ. პომპა, ძრავაა, რომელიც სისხლძარღვების საშუალებით ორგანოებს სისხლს აწვდის. იქ მისული სისხლი ვენური სისტემით ბრუნდება. ეს ცირკულაციაა. ვენური სისტემის ამოცანაა, სისხლი გულში დააბრუნოს. მაშინაც კი, როცა ჩვენ ვდგავართ. როდესაც პერიფერიული პომპა არ გვაქვს, ქვევიდან არანაირი წნევა არ იქმნება, რომ სისხლი გულისაკენ გადაჭირხნოს. ამ დროს ძალიან ფაქიზი მექანიზმია ჩართული, რომ გრავიტაცია გადალახოს. ზუსტად ამ მექანიზმების მოშლამ შეიძლება, კიდურებში ვენური სისხლის შეგუბება გამოიწვიოს.

"კაცობრიობის ხარკი ორ ფეხზე სიარულისთვის" - ასე ეძახდნენ ვენურ დაავადებებს. პრობლემა არის ის, რომ ვენური სისხლი ორგანოდან არ გამოდის. ყველაზე პრობლემური ადგილები კი ქვედა კიდურებია. ადინამია, ცხოვრების უმოძრაო წესი, წონა - რისკ ფაქტორებად ითვლება. ვისაც 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში ჯდომა უწევს, მას აქვს რისკ ფაქტორი, რომ ვენური დაავადება განუვითარდეს.

ჩივილები მრავალფეროვანია. თუმცა, მთავარი, რაზეც პაციენტები საუბრობენ, ეს არის ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების, გადაჭიმვის შეგრძნება. პაციენტები აღნიშნავენ, რომ გრძნობენ, თითქოს, გირები ჰკიდიათ. ასევე, გამოხატულია გაგანიერებული კანქვეშა ვენები. როგორც წესი, ვენური დაავადების ძირითადი მიზეზი ზედაპირული ვენური სისტემაა. ანატომიაში ღრმა ვენური სისტემა და ზედაპირული ვენური სისტემა არსებობს. ძირითადი ღრმა ვენური სისტემა გახლავთ, სადაც დარღვევები იშვიათად ხდება. თუმცა, მათი დაზიანება გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა. ზედაპირულ ვენურ სისტემაში კი პატარა ხარვეზიც კი შეიძლება, მთელი სისტემის პრობლემა გახდეს.