1993 წლის 12 აპრილს ტეხასის შტატის პატარა ქალაქ ჰატჩინსში გოგონა დაიბადა. ბავშვს ლორენი დაარქვეს. თუმცა, მისი დაბადება ოჯახში არავის გახარებია. როდესაც გოგონა გაჩნდა, მის ბიოლოგიურ დედას უკვე სხვა ქმარი ჰყავდა, ამიტომაც გადაწყვიტეს, მინდობით აღზრდაში გადაეყვანათ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დედამ და მამინაცვალმა გეგმა შეცვალეს და უდანაშაულო ბავშვი "გასართობ სათამაშოდ" გადააქციეს...
თავდაპირველად დედამ, ბარბარამ და მამინაცვალმა კენეტ ატკინსონმა ბავშვი საბრინა კავანოსა და მისი მეუღლის, ბილის ოჯახში მიიყვანეს. უშვილო წყვილი ბავშვზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ამიტომაც, როდესაც პატარა გოგონა იქ მიიყვანეს, განსაკუთრებული სიყვარულითა და ზრუნვით ეპყრობოდნენ. სპეციალური სათამაშო სივრცეები მოუწყვეს, ყოველ წუთს მასთან ატარებდნენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ.
თუმცა, 8 თვის შემდეგ ლორენის ბიოლოგიური დედა საბრინასა და მის მეუღლეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ შვილის დაბრუნება სურდა. წყვილს ბავშვთან განშორება განსაკუთრებით გაუჭირდა, თუმცა ვერაფერს იზამდნენ. საბრინამ ლორენის ბიოლოგიურ დედას სთხოვა, რომ გარკვეული პერიოდულობით მისი ნახვის უფლება მაინც მიეცათ. სხვათა შორის, როგორც მოგვიანებით ქალმა გაიხსენა, თავიდანვე ეჭვობდა, რომ ლორენის სახლში რაღაც რიგზე ვერ იყო და იქ ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდა. ერთხელ ლორენთან სტუმრად მისულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვის საფენი სისხლით იყო დასვრილი. ქალმა იფიქრა, რომ შესაძლოა, პატარა გოგონა გააუპატიურეს და სასამართლოს მიმართა, რომ ბარბარასთვის დედობის უფლება ჩამოერთმიათ. საბრინა ამტკიცებდა, რომ ბავშვის გამოკვლევა აუცილებელ იყო, თუმცა სასამართლომ ბიოლოგიურ დედას დაუჭირა მხარი.
ამის შემდეგ ატკინსონებმა საბრინასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს და სახლთან მისვლაც კი აუკრძალეს. ამ დროს ლორენი უკვე ორი წლის იყო. მშვილებელმა დედამ ჯერ კიდევ არ იცოდა, პატარა ლორენის თავს რა საშინელება ხდებოდა...
სასამართლოს შემდეგ ბარბარამ პატარა გოგონას კარადაში ჩაკეტვა დაიწყო. ბავშვს ლაპარაკი და მოძრაობა სასტიკად აუკრძალა. თუ წესებს დაარღვევდა, კიდევ უარეს სასჯელს მიიღებდა. შედეგად, გოგონა ბნელ კარადაში გაუნძრევლად იჯდა, სადაც სინათლე მხოლოდ სახელურის ჭრილიდან აღწევდა.
ამბავი იმდენად გამაოგნებელია, რომ მისი გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოება ვერ იჯერებდა. ლორენზე მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ, პედოფილებზე "აქირავებდნენ" და ბავშვს აშიმშილებდნენ.
მათ ლორენის გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავდათ. თუმცა, სწორედ ლორენი აღმოჩნდა ის, ვისი წამებაც გადაწყვიტეს. ზაფხულის ერთ დღეს გოგონას მამინაცვალს ზედმეტი ალკოჰოლი რომ არ მიეღო, ალბათ, ბავშვის ტანჯვა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. როგორც მეზობლები ამბობენ, 8 წლის განმავლობაში არაფერი იცოდნენ იმ საშინელების შესახებ, რაც ატკინსონების ოჯახში ხდებოდა. თუმცა, იმ დღეს, როცა მამაკაცი დათვრა, მეზობლებს საკუთარი "საიდუმლოს" შესახებ უთხრა. მეზობლებმაც პოლიციაში დარეკეს...
ადგილზე მისულ პოლიციელებს კარადაში 8 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც 11 კილოგრამს იწონიდა. ბავშვი საშინლად ჭუჭყიანი იყო. თმა ტილებით სავსე, კბილები ჩამტვრეული ჰქონდა. მუდმივი ჯდომის გამო, ფეხზე სიარული არ შეეძლო. შინაგანი ორგანოები დაზიანებული ჰქონდა, კარადაში კი ისეთი ანტისანიტარია იყო, სპეციალისტებს თავიდან არ სჯეროდათ, რომ ბავშვის გადარჩენას შეძლებდნენ.
2002 წელს ბარბარასა და მის მეუღლეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მათი სხვა შვილები მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ლორენს, ის საბრინასა და ბილის სახლში დაბრუნდა. მშვილებელი ოჯახი მზად იყო, ბავშვს რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გაევლო. მხარი დაუჭირეს, სხვადასხვა თერაპიაზე მიიყვანეს. ნელ-ნელა ბავშვმა ლაპარაკიც განაახლა და სიარულიც. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩააბარა. ლორენის მთავარი ოცნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება იყო.
თუმცა, 2018 წელს დადგინდა, რომ 25 წლის ლორენი 14 წლის გოგონას ავიწროებდა და აბულინგებდა. ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა და აშანტაჟებდა. საქმეზე გამოძიება 3 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ლორენი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მიუხედავად მშვილებელი ოჯახის დიდი ძალისხმევისა, სპეციალისტებმა თქვეს, რომ გოგონა ბავშვობაში მიღებული ტრავმებისაგან ვერასოდეს გამოჯანმრთელდება...