დიდი ლიტერატურული ტურნე უკვე რამდენიმე წელია, ქვეყნის მასშტაბით მკითხველის საყვარელ ტრადიციად იქცა. შეხვედრების ფარგლებში, თანამედროვე ქართველი ავტორები ხვდებიან მკითხველებს, მათ ახალ გამოცემებს წარუდგენენ და დასმულ კითხვებს პასუხობენ. მეორე მხრივ, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, რჩეულ ავტორებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ, საყვარელ წიგნებზე კი ავტოგრაფები მიიღონ. წელს ტურნე 8 ივლისს თელავში დაიწყება და 19 აგვისტოს ბახმაროში დასრულდება.
ლიტერატურული ტურნე განსაკუთრებით შეიყვარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობამ, რადგან მათთვის ახალ წიგნების შეძენა, ავტორებთან შეხვედრა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ ისინი წლიდან წლამდე ელიან ზაფხულის იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც ცნობილი თანამედროვე ავტორები მათ მშობლიურ მხარეს ეწვევიან.
მიმდინარე წელს კი ლიტერატურულმა ტურნემ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ორგანიზატორების მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაზარდონ და სწორედ ამიტომ ავტორებთან შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს იქნება მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხვს საკუთარ მხარეში. საერთო ჯამში წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ავტორებთან შეხვედრა 18 ქალაქში ჩატარდება.
წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე გახლავთ ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ ტურნეში ჩაერთვებიან საბავშვო ავტორებიც. ამ დრომდე ტურნეს ფარგლებში ბავშვებისთვის მხოლოდ სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა ტარდებოდა ხოლმე. ამჯერად კი საბავშვო ავტორები: ლელა ცუცქირიძე, ვასო გულეური და ნინო ქადაგიძე ბავშვებს განსაკუთრებულ შეხვედრას უმზადებენ. ისინი პატარებს ზღაპრებს წაუკითხავენ და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებენ. პარალელურად, ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობებს ამზადებენ ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ და „პალიტრა სტუდია“. ისინი სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი ლაღად და ბედნიერად იგრძნოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთო ჯამში აქტივობები 18 ქალაქშია დაგეგმილი. მათი ნაწილი პირველად გახდა დიდი ლიტერატურული ტურნეს ნაწილი. ორგანიზატორების განმარტებით, კი ქალაქების ჩამონათვალი წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. ამჯერად წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ავტორებთან შეხვედრა შემდეგ ქალაქებში გაიმართება: თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, სურამი, ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, ტყიბული, საირმე, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი, ოზურგეთი, ბახმარო.
უშუალოდ ავტორთან შეხვედრების განრიგი კი ასე გამოიყურება:
დიდი ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა დაგეგმილი. შეხვედრის ადგილებში მისულ სტუმრებს დახვდებიან პროექტ „მაკულიტერატურის“ წარმომადგენლები, რომლებიც მაკულატურას ჩაიბარებენ. სანაცვლოდ მკითხველები ადგილზე წარმოდგენილ ახალ წიგნებს მიიღებენ. 2 კგ. მაკულატურის ღირებულება 1 ლარია, გადასაცვლელი წიგნების კატალოგი კი ადგილზევე დახვდებათ.
ლიტერატურული ტურნე რამდენიმე წელია ტარდება და მის ფარგლებში ათასობით მკითხველი უკვე შეხვდა საყვარელ ავტორს. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი იქნება.
R