ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გადაცემაში "სთორი" მამის გარდაცვალებაზე საუბრობს, იხსენებს იმ ნიშნებს, რომლებითაც დემენციის დიაგნოზზე თავდაპირველად ეჭვი მიიტანა და აღნიშნავს იმასაც, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე კრიტიკამ, რომელიც მამის სპეციალურ პანსიონატში გადაყვანამ გამოიწვია:
- მამაჩემის გარდაცვალებიდან ორმოციც არ გასულა... ისე მოხდა, რომ ემოციურად ამ ამბავს ჯერ ვერ დავეწიე. ხანდახან, უცებ დღის განმავლობაში გამახსენდება ხოლმე... ჩემი ფიქრები, აზრები ისეა დალაგებული, როგორც მის გარდაცვალებამდე. უცებ გამახსენდება ხოლმე, რომ აღარ არის და ყოველ ჯერზე სტრესში ვარ. არ ვიცი, რატომ ვერ დავძლიე ეს ემოცია, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანმა 5 ეტაპი უნდა გაიაროს. ალბათ, მე პირველში ვარ გაჩხერილი. ყველა ექიმი, ექთანი, რომლებიც ბოლო დრომდე მასთან კონტაქტობდა, ერთხმად აღიარებდა, რომ მამაჩემი ყველასგან განსხვავებული პაციენტი იყო. მედიცინა ამ ფაქტებს თავად უარყოფს. გამორიცხულია, რომ ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება აქვს, ასე ზედმიწევნით აკეთებდეს რაღაცებს სიცოცხლის ბოლომდე. მამაჩემის, რომელსაც დემენცია ჰქონდა, ფსიქიატრებისა და ნევროლოგების შეხვედრებს ხსნიდა. ჩემთვისაც დაუჯერებელია, ამას როგორ აკეთებდა. მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ მას ბოლომდე შენარჩუნებული ჰქონდა ყველა ის უნარი, რომლებითაც ყველა აღფრთოვანებული იყო. ფეხზე დგებოდა ბოლომდე ქალის დანახვისას. ბოლომდე ხელზე კოცნიდა ქალს... ქალი მისთვის სხვა საფეხურზე მდგომი არსება, ღვთაება იყო. მეც მისთვის ღვთაება ვიყავი. მიუხედავად ამდენი წინაღობისა, ეს ყველაფერი მან მაინც შეინარჩუნა. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საერთოდ არ იცოდა, ვინ ვიყავი. მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიკვდილამდე ბოლო დღეები და ბოლო კვირები ის გონებაზე იყო...
ლილუ ძალიან მოსწონდა, ყოველთვის ადარებდა რაღაცას, ამაღლებულს, კარგს, მაგრამ არაფრით არ იცოდა, რომ ის მისი შვილიშვილი იყო. ვიდრე გარდაიცვლებოდა, 2 დღით ადრე ვიყავი, წინა დღეს ვერ მოვახერხე მისვლა. არ ლაპარაკობდა. ხმამაღლა ვეკითხებოდი, "ვინ ვარ, მითხარი... როდის მოვიდე?" ამომხედა, მითხრა, ნანა, 2 დღეშიო. 2 დღეში გარდაიცვალა... ისე მითხრა ნანა, რომ დარწმუნებული ვარ, იცოდა, ვინ ვიყავი და ზუსტად დამისახელა ის ორი დღე, რის შემდეგადაც ის გარდაიცვლებოდა. ასეც მოხდა...
ვიდრე ეს დაავადება დაუდასტურდებოდა, იქამდე ლექციებს 2 ენაზე ატარებდა. მე მასთან ერთად არ ვცხოვრობდი და შეიძლება, ბევრი რაღაც გამომრჩა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სულ მთლად უცებ დაიწყო. ჩემთვის რამდენიმე საყურადღებო ეპიზოდი იყო. დილით 6 საათზე გაოგნებულმა დამირეკა, რომ წინა დღით საოცარი რამ დამემართა. მითხრა, 11 საათზე რომ გავედი ინსტიტუტში, ბნელოდაო. ვერ ავხსენი, დილის 11 საათზე სიბნელე რატომ უნდა ყოფილიყო. მერე მივხვდი, რომ ღამის 11 საათზე ეგონა, რომ უნდა გასულიყო. გააჩერა ტაქსი და წავიდა... რომ მიხვდა, რომ უნივერსიტეტი დაკეტილი იყო, ძალიან გაოგნებული დაბრუნდა სახლში. მთელი ღამე ამაზე შფოთავდა. ეს, ალბათ, პირველი ნიშანი იყო. ვთხოვე, რომ სწავლებისთვის თავი დაენებებინა, ასაკიც ხელს უწყობდა, დაესვენა და ისე ეცხოვრა, როგორც ენდომებოდა. თუმცა, უარს ამბობდა. ჩემ გარეშე რას შვრებოდა და როგორ იყო, ბევრი რამ არ ვიცი...
ერთხელ ჩხუბითა და ღრიალით დამირეკა. ეს მას არასდროს ახასიათებდა. მიყვიროდა: "ლილუ რატომ დამიტოვე და მერე რატომ წაიყვანე ისე, რომ არ გამაფრთხილე?" ვუთხარი, რომ ლილუ იმ დღეს მასთან საერთოდ არ ყოფილა... საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოტოს ესაუბრებოდა. ფოტო ჩააწვინა ლოგინში... მანდ უკვე მივხვდი, რომ მორჩა...
მე პირადად ვიცი, რომ მამაჩემს კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი ვაჩუქე. ყველაფერი ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პანსიონატმა მამაჩემს მისცა ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა. რითიც მისი ხასიათი მუდმივად გადასარევი იყო, ბოლომდე ძალიან კარგად ჭამდა, აღარსად გარბოდა, შფოთვა ნაკლები ჰქონდა. ის ადამიანები, ვინც მასთან 24 საათის განმავლობაში იყვნენ, მისმა ტვინმა დაიმახსოვრა. კარგი ემოცია კი სიცოცხლის გახანგრძლივების უებარი საშუალებაა. თუმცა, იმის გამო, რომ მამა პანსიონატში ცხოვრობდა, ყოველდღიურ კრიტიკას ვიღებდი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ეტაპი მარტივად გავიარე. მაგრამ, როდესაც შენს სიმართლესა და კონკრეტული ქმედების სარგებლიანობაში დარწმუნებული ხარ და ზუსტად იცი, რომ მამასთვის ეს საუკეთესო რამ არის, რაც შეგიძლია, გაუკეთო, ამ დროს მეტ-ნაკლებად მაგარი ხარ.