ბრიტანეთის სამეფო კარს აშკარად მძიმე დროება უდგას. ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში სადარდებელი არ ილევა. ქეით მიდლტონის და მეფე ჩარლზის ონკოლოგიური დიაგნოზების შემდეგ, ამჯერად 73 წლის პრინცესა ანას გამო მოუწიათ ნერვიულობა.
დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ქეითის არყოფნაში უილიამთან ერთად ასრულებდა მიდლტონის მოვალეობებს, ცხენიდან გადმოვარდა და ტვინის შერყევითა და თავის ტრავმებით კლინიკაში მოათავსეს.
სხვა დეტალები არ ცხადდება. ვარაუდობენ, რომ გადმოვარდნილი ანა ცხენმა ქვეშ მოიყოლა. ინციდენტი საღამოს სეირნობის დროს მოხდა. მამულში მის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე ადმირალი ტიმოთი ლორენსი და შვილები - ზარა ტინდალი და პიტერ მარკ ენდრიუ ფილიპსი. მათ მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პრინცესა კლინიკაში გადაიყვანეს.
"მისი უდიდებულესობა ყველას ბოდიშს უხდის, ვისაც მომხდარის გამო უხერხულობა შეექმნება ან იმედგაცრუებული იქნება", - აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
ელისაბედისა და პრინც ფილიპის ქალიშვილი ყველაზე შრომისმოყვარედ არის აღიარებული სამეფო ოჯახიდან. სწორედ ის ესწრება უმრავლესობას ოფიციალური ღონისძიებებიდან და ასობით საქველმოქმედო ფონდის მუშაობას კურირებს.
წაიკითხეთ მეტი პრინცესა ანაზე და მის ცხოვრებაზე: