სამწუხაროდ, ისტორიები, რომლის მიხედვითაც მშობლები შვილების მომავალსა და ჯანმრთელობას რელიგიური შეხედულებებისა თუ სხვა გავლენების გამო განსაკუთრებულ საფრთხეში აგდებენ და ზოგჯერ შემთხვევები ფატალურადაც სრულდება. მაგალითად, 2023 წლის გაზაფხულზე ბლოგერის, მაქსიმ ლიუტის ისტორია არაერთმა ადამიანმა გაიგო. მამაკაცმა უმი მცენარეული საკვების მიღება აირჩია და გადაწყვიტა, სხვა ტიპის საჭმელი მცირეწლოვანი შვილისა და ცოლისთვისაც აეკრძალა. მეტიც, დედას უფლებას არ აძლევდა, პატარა რძით გამოეკვება. ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა...
ცოტახნის წინ მსგავსი კიდევ ერთი საშინელი ამბავი გაჟღერდა. ნოვოსიბირსკში, ერთ-ერთ სოფელში, 10 წლის გოგონას, ალინას (სახელი შეცვლილია) იგივე ბედი ეწია.
სოფელში ორი ათასზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. მარიას ოჯახი (დედის სახელიც შეცვლილია) ადრე სანიმუშოდ ითვლებოდა. 3 შვილის დედას მეუღლე 2 წლის წინ გარდაეცვალა და ბავშვებთან მარტო დარჩა. გარეგნულად ჩანდა, ქალი ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილებისთვის კარგი მომავალი შეექმნა, თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა.
ქმრის სიკვდილი მარიამ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვა. ცხოვრების გაგრძელება გაურთულდა და ხსნა და ნუგეში რელიგიაში იპოვა. ის არა მხოლოდ ეკლესიაში დადიოდა და ყველა წესს ასრულებდა, მისი ინტერესები ნელ-ნელა ფორმირებას განიცდიდა. მალე იოგას მიმართა, მანტრებითა და ინდუისტური თემებით დაინტერესდა. თუმცა, კლასიკურ ინდუიზმთან იმას, რასაც ქალი აკეთებდა, საერთო არაფერი ჰქონდა. სავარაუდოდ, ის სექტანტთა ერთ-ერთ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც ამ რელიგიას სულ სხვაგვარად აღიქვამდა და განმარტავდა. შავი ტანსაცმელი გრძელი, ფერადი სამოსით შეცვალა და ბავშვებსაც ასეთივე სტილი მოარგო.
ერთ დღეს მარიას სახლში უცნაური წყვილი გამოჩნდა. სავარაუდოდ, ისინი იმ სექტიდან იყვნენ, რომელშიც ქალი გაწევრიანდა. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მრავალშვილიანი დედა სახლიდან გაემგზავრა. მან ბავშვები ახალ მეგობრებს - ოლეგ და ანა გოლდინებს დაუტოვა. დიდი ალბათობით, წყვილი ვედური სექტის წარმომადგენლები იყვნენ.
ვიდრე დიასახლისი სახლში არ იყო, ოლეგმა და ანამ გადაწყვიტეს, რომ 10 წლის გოგონა, ალინა, ბნელი ძალებით იყო შეპყრობილი, ამიტომაც ის უნდა გაეთავისუფლებინათ. ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობდა. ქუჩაში არ უშვებდნენ და მასზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ. გოგონა ტიროდა, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ, რომ მის სულს მალე გაათავისუფლებდნენ.
ალინას უფროსი ძმა და უმცროსი და ოთახებში იმალებოდნენ და, ფაქტობრივად, სუნთქვის ეშინოდათ, რომ სახლში გამოჩენილ ცოლ-ქმარს ყურადღება მათზე არ გადაეტანა.
როდესაც მარია სახლში დაბრუნდა, მისი შვილი უკვე სიკვდილის პირას იყო. სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა გოგონას გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ქალი საკუთარ მეგობრებს მაინც იცავდა და ამბობდა, რომ ბავშვმა ბევრი კანფეტი ჭამა, მოიწამლა და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება.
თუმცა, გამოძიება ამბობს, რომ 14-დან 17 ივნისამდე ნოვოსიბირსკის რეგიონის ორი მცხოვრები, დედის თხოვნით, ბავშვს უვლიდა. ამ დღეების განმავლობაში, მასზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ, აშიმშილებდნენ, გაურკვეველ რიტუალებს უტარებდნენ, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ბავშვი დასუსტდა და გარდაიცვალა.
გოლდინები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ არავინ მოუკლავთ. თუმცა, დადგინდა, რომ ისინი სექტანტები არიან და ერთ-ერთი რიტუალის ჩატარებამ 10 წლის გოგონას გარდაცვალება გამოიწვია. განწმენდის რიტუალში, სავარაუდოდ, ბავშვის ჭინჭრით ცემაც შედიოდა...
გოლდინების ბედს ახლა სასამართლო გადაწყვეტს. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება მარიას, ვიდრე მეურვეობის საკითხები გაირკვევა, სოციალური სამსახური მისი და მისი შვილების მდგომარეობით ყოველდღიურად ინტერესდება.