"მყავს 17 და 15 წლის გოგონები, რომლებიც მარწმუნებენ, რომ მენსტრუაციის დროს ტამპონის გამოყენება მათაც შეუძლიათ, ვისაც სქესობრივი ცხოვრება არ აქვს. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? მეუბნებიან, რომ მათ კლასში სხვა გოგოებსაც აინტერესებთ ეს თემა და აქტიურად განიხილავენ. მე კი ვშიშობ, რომ თავს დაიზინებენ, უთქვამს კიდეც ერთს, რომ კინაღამ გული წაუვიდა ტამპონის მორგებისას" - ეს შეკითხვა ჩვენი საიტის ერთ-ერთ მკითხველს ეკუთვნის, რომელზე პასუხიც, ვფიქრობთ, ბევრი მშობლისთვის და მოზარდისთვის იქნება საინტერესო.
ზაფხულის პერიოდში, როდესაც ზღვის კურორტები, აუზები, რეკრეაციული სივრცეები იხსნება და განსაკუთრებით პოპულარული ხდება, ყველას სურს, მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენოს და წყალშიც თამამად ჩავიდეს. ბევრი გოგონასთვის ჰიგიენური საფენი ხელის შემშლელია და მისი ტამპონით შეცვლა სურს. შეკითხვით მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს ნატო შენგელიას მივმართეთ, რომელმაც გვითხრა:
"მოზარდებში ტამპონის გამოყენებას რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგანაც მისი გაკეთება შესაძლოა, საქალწულე აპკის დარღვევის რისკებთან იყოს დაკავშირებული. ტამპონის სპეციალური ზომები არსებობს. პატარა ზომის ტამპონი შეიძლება, დარღვევის გარეშე მოთავსდეს. მაგრამ, როდესაც მენსტრუალური ციკლის შეწოვის შემდეგ გაჯერდება, მოცულობაში გაიზრდება, გამოცვლის დროსაც შესაძლოა, საქალწულე აპკი დაზიანდეს. გარდა ამისა, მოზარდებმა, როგორც წესი, ტამპონის სწორად გამოყენება არ იციან და გაკეთების დროსა შეიძლება, რომ საქალწულე აპკი დაიზიანონ. თუმცა, თუ მოზარდს სქესობრივი ცხოვრება აქვს, მაშინ მან შეიძლება, ყველაზე მცირე ზომის ვაგინალური ტამპონი გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში რისკები იხსნება. აუცილებელია, 3-4 საათში გამოიცვალოს. აღნიშნული დროის შემდეგ, ის ინფექციის წყარო ხდება და სახიფათოა.
ზრდასრულ ქალებში, რომლებსაც სქესობრივი ცხოვრება არ აქვთ, ტამპონის გამოყენება შეიძლება. ელასტიურობაც იზრდება და აპკის ხვრელის ზომაც. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ მისი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც საქალწულე აპკის დარღვევის რისკები მაინც არსებობს.
ზოგადად, მოზარდობის ასაკში ყველაზე ოპტიმალური საშუალება ჰიგიენური პაკეტის გამოყენებაა, რომელიც ნაკლებად პრობლემური და ადვილად მოსახმარია. თუმცა, აქაც გამოცვლის დროები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და 3-4 საათში ერთხელ ახლით შევცვალოთ. გამოყენებიდან 3-4 საათის შემდეგ უკვე მასზე დაგროვილი სისხლი და მასში არსებული მიკრობები შეიძლება, ინფექციის წყარო გახდეს." - ამბობს ნატო შენგელია.
თამარ იაკობაშვილი