ადამიანის პაპილომა ვირუსი საკმაოდ სერიოზული ინფექციაა, რომელიც ქალებშიც და მამაკაცებში მძიმე გართულებებსა და პრობლემებს იწვევს. ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი ვაქცინაცია ითვლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სრულიად უფასოდ ტარდება. პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი ნანი ყავლაშვილი ვრცლად გვესაუბრება, რა გართულებებს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), როგორია ვაქცინის ეფექტურობა და რატომაა საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბებული:
- პაპილომა ვირუსი სქესობრივი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით. აპვ ადამიანებში კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა ტიპის დაავადებას იწვევს. ყველაზე გავრცელებული გენიტალური მეჭეჭებია, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მაგრამ პაციენტისათვის სერიოზული დისკომფორტია, როგორც ვიზუალურად, ისე ტკივილის თვალსაზრისით. ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მიზეზი ხდება. 25 წლიდან იზრდება კიბოს წინარე მდგომარეობების განვითარების რისკი, ხოლო 35 წლის ასაკის შემდეგ კი შესაძლოა, თავად უშუალოდ სიმსივნე (მათ შორისაა საშვილოსნოს ყელის კიბო) განვითარდეს. აქედან გამომდინარე, აპვ საკმაოდ საყურადღებო ინფექციაა. პაპილომა ვირუსს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება შეუძლია, არამედ მან შესაძლოა, ქალებში ვულვისა და ვაგინის კიბო, ორივე სქესში ანუსის ანუ სწორი ნაწლავის გარშემო არსებული ქსოვილების კიბო, თავისა და კისრის სიმსივნეები გამოიწვიოს, მამაკაცებში - სასქესო ასოს სიმსივნე. აღსანიშნავია, რომ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო წამყვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 100% პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. ანალური კიბო ქალებშიც და კაცებშიც შეიძლება თანაბრად შეგვხვდეს და დაახლოებით, 90% პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. ვაგინისა და ვულვის კიბოს შემთხვევაში შედარებით ნაკლები პროცენტია, თუმცა დიდი წილი მაინც პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. სასქესო ასოს კიბოს შემთხვევაში, დაახლოებით, 35%-ია პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული. რაც შეეხება თავ-კისრის მიდამოს სიმსივნეებს - ეს შეიძლება იყოს ხორხის კიბო, პირის ღრუს, ცხვირ-ხახის კიბო, რომელთა შემთხვევებიც მამაკაცებში უფრო გავრცელებულია, დაახლოებით, 30% პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული.
- პაპილომა ვირუსი დაინფიცირებული ადამიანისაგან ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდება, თუმცა აპვ ინფექცია შეიძლება პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას გავრცელდეს. იშვიათად, ვირუსი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს.
პრობლემა ის არის, რომ აპვ ინფექცია შესაძლოა, თავდაპირველად, კლინიკურად არ გამოვლინდეს. თუმცა, ვირუსის ზოგიერთი ტიპი მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად კიბოს წინარე მდგომარეობებისა, ან უშუალოდ კიბო ჩამოყალიბებას იწვევს.
- იმისათვის, რომ ვაქცინისაგან მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ, ადამიანი იქამდე უნდა აიცრას, ვიდრე სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს, ვინაიდან სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე აპვ რომელიმე შტამით ინფიცირების ალბათობა იზრდება, ვაქცინა კი ვირუსის იმ ტიპზე, რომლითაც უკვე ინფიცირებულია ადამიანი აღარ მოქმედებს. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ასაკად 10-11-12 წელია არჩეული. ვაქცინა ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და შესაბამისად, ყველა ამ ასაკის ორივე სქესის ბავშვს უფასოდ მიეწოდება. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ვაქცინაცია საქართველოში მხოლოდ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არ ტარდება. 26 წლის ჩათვლით ქალებსა და მამაკაცებს - ყველას შეუძლია, აიცრას, ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე. ვაქცინა 2023 წლამდე მხოლოდ გოგონებში ტარდებოდა. 2023 წლიდან უკვე ბიჭებშიც კეთდება. 27 წლიდან 45 წლამდე ქალბატონებს კი შეუძლიათ, პაპილომა ვირუსის ვაქცინით ექიმის რეკომენდაციით აიცრან. აცრა, როგორც უკვე აღვნიშნე, უფასოა. საქართველოში 4-კომპონენტიანი ვაქცინაა, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინა იცავს 4 ყველაზე გავრცელებული ონკოტიპისგან. ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია, ინფექციისაგან დაცვაში მისი ეფექტურობა 90%-ზე მაღალია, ვაქცინაცია დაახლოებით 95% ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვა აპვ-სთან დაკავშირებული სიმსივნეების განვითარების რისკს. როგორც უკვე აღვნიშნე, საშვილოსნოს ყელის კიბოს 100% პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. რომ აღარაფერ ვთქვათ სხვა სიმსივნეებსა და გართულებებზე. ამიტომ, ვაქცინაცია არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ მომავალში ჩვენს შვილებს საფრთხეები თავიდან ავარიდოთ.
- გვერდითი მოვლენებისა და შესაძლო გართულებების შესახებ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ამ ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობა მცდარია. როგორც ყველა ვაქცინას, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასაც გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს. ძირითადად, ის, რაც ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება, განვითარდეს, ადგილობრივი რეაქციაა. მაგალითად, ტკივილი მკლავზე იმ ადგილას, სადაც აცრა ჩატარდა, შეშუპება. შეიძლება გამოვლინდეს ტემპერატურული რეაქცია, თავის ტკივილი, გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები. ისე, როგორც ყველა სხვა ვაქცინის დროს, ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია. სტატისტიკის მიხედვით, ანაფილაქსია ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, ყოველ მილიონ ადამიანში ერთხელ გამოვლინდეს. აცრა სამედიცინო დაწესებულებაში ხდება. ყველა ექიმი, ვინც ამ აცრას აკეთებს, გადამზადებულია და ანაფილაქსიის მართვა იცის. ეს არის რეალური გვერდითი მოვლენები, რომლებიც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს. უნაყოფობა, საკვერცხეების უკმარისობა, ოვულაციის დარღვევა, აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი მცდარად უკავშირდება აპვ ვაქცინაციას. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა და აპვ ვაქცინაციასა და ზემოთჩამოთვლილ დაავადებებს შორის კავშირი არ დასტურდება. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 მილიონი ვაქცინა გაკეთდა და მათგან 3 შემთხვევაში საკვერცხის პირველადი უკმარისობა გამოვლინდა. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციის გარეშეც გვხვდება. ამ და ბევრი სხვა კვლევით აპვ ვაქცინის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ დადასტურდა.
- როდესაც ვაქცინაცია ტარდება, დაავადების გავრცელება მკვეთრად კლებულობს. ამიტომაცაა, რომ კოვიდამდე პერიოდში წითელას შემთხვევები ძალიან დაბალი იყო. დიფთერია და პოლიომიელიტი პრაქტიკულად, აღარ გვხვდება. საგრძნობლად იყო შემცირებული სხვა დაავადებები (ყივანახველა, წითურა, ყბაყურა). ის, რომ დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, შეიძლება გახდეს ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, მოსახლეობამ ვაქცინაციაზე უარი თქვას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ის, რომ თუკი ვაქცინაციაზე უარს ვიტყვით, ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელება კვლავ გაიზრდება. არც წითელა, არც დიფთერია, რაც ვაქცინით მართვადი სხვა დაავადებები არსად გამქრალა. რა თქმა უნდა, ბუნებაში არსებობს და თუ აცრას არ ჩავიტარებთ, არსებობს იმის შანსი, რომ ისევ გავრცელდეს. კორონავირუსის პერიოდმა ვაქცინაციის პროცესზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა. კოვიდ ვაქცინის საწინააღმდეგოდ აგორებულმა ნეგატიურმა კამპანიამ, სხვა ვაქცინაციის პროცესზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვაქცინებისადმი რწმენა შეარყია. მეორე ის, რომ საგანგებო მდგომარეობა იყო, გადაადგილება შეიზღუდა და მშობლებს ნაკლებად მიჰყავდათ ბავშვები ასაცრელად. კოვიდის შემდგომ პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაეცა. კოვიდამდე ბავშვებში პირველადი ვაქცინაციის 96-97% გვქონდა. კორონავირუსის შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ზოგიერთი ვაქცინის შემთხვევაში 86%-მდე დაეცა. მაჩვენებელი ნელ-ნელა იმატებს. თუმცა, თუ დროულად არ დაუბრუნდა მაღალ მაჩვენებელს, ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელება მოიმატებს.
- ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევაა, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა აგვარიდა თავიდან. მეტიც, ვაქცინაცია მედიცინის 10 მიღწევას შორის ერთ-ერთია და ამ გზით უამრავი ადამიანი გადარჩა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 100% პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. ვაქცინაცია 95%-ით გვიცავს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ავცრათ და ავცრათ დროულად, მანამ, სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ორჯერადად კეთდება. გოგონებთან ერთად, ბიჭებიც აუცილებლად უნდა ავცრათ. როგორც აღვნიშნე, პაპილომა ვირუსმა შესაძლოა, სასქესო ასოს, სწორი ნაწლავის, ასევე, პირის ღრუსა და ხახის მიდამოს სიმსივნეები გამოიწვიოს, რომელთა გავრცელებამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა. ყველაზე ეფექტური გზა, რომ ჩვენი შვილები აპვ ინფექციისაგან დავიცვათ და ამ ინფექციის სერიოზული გართულებები თავიდან ავარიდოთ, ვაქცინაციაა.
თამარ იაკობაშვილი