ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორიმეგი კავთუაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს საკმაოდ აქტუალურ და ბევრი მშობლისთვის მტკივნეულ თემაზე:
"სანამ სიამოვნებით განვიცდით რა შეუძლია სპორტს, მანამდე მინდა დავწერო ეს სტატუსი...
მშობლები და მასწავლებლები სპორტს, მუსიკას, ხელოვნებას მეორეხარისხოვან საგნებს ვეძახით და არ გვეზარება მათი დაკნინება. არ ვიცი, ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ სკოლაში ბავშვი მხოლოდ მათემატიკის და ქიმიის ფორმულების დასაზეპირებლად ან წერა-კითხვის სასწავლად დადის.
სხვა ყველაფერი თავისით უნდა მოუფრინდეს - მიზნის დასახვა, თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, გუნდურობა, ლიდერობა, შრომისმოყვარეობა, ჯანსაღი ცხოვრების და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები...
არადა, ბავშვი სპორტის საშუალებით საუკეთესოდ სწავლობს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპების დაცვას:
- ფიზიკურ აქტივობას
- სწორი კვების მნიშვნელობას
- უსაფრთხოების წესების, დღის რეჟიმის და ჰიგიენის დაცვას.
- ორგანიზებულობას და თვითკონტროლს.
- მიზნის დასახვას
- დისციპლინას
- შრომის და დასვენების მონაცვლეობის აუცილებლობას
- სამართლიანი თამაშის წესების დაცვას
- გუნდურობას.
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ვერ გახდება ეროვნული ნაკრების წევრი მომავალში. თუმცა ვარჯიში ზრდის და სწავლის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, მოძრაობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და "საწვავს" აწვდის ტვინს. მთელი დღე უმოძრაოდ მჯდარი ბავშვი გაღიზიანებულია, ვერ ითვისებს მასალას, ვერ ხარჯავს ენერგიას, ცელქობს და ცუდ ქცევებს ავლენს.
ვიცი, რასაც ჰგავს ჩვენი სკოლების სპორტდარბაზები და რა რესურსებით უწევთ მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარება. ისიც ვიცი, რამდენ კლასს უტარდება ერთად სპორტი და რა ქაოსია ამ ვითომ გაკვეთილზე. ისიც ვიცი, ათასობით ბავშვი სპორტის გაკვეთილზე სკოლის ეზოში რომ დახეტიალობს უმიზნოდ. ვიცი, დაწყებითი კლასების ბევრი მასწავლებელი სპორტის ნაცვლად მათემატიკას რომ ატარებს. რა თქმა უნდა, ყველგან არა, მაგრამ ბევრგან ჯერ კიდევ ასეა.
შესაძლოა მშობლების და სხვა საგნების მასწავლებლების არასერიოზული დამოკიდებულება სწორედ ამის გამო იყოს გამოწვეული, მაგრამ ამ ყველაფრის მოწესრიგება უნდა მოვითხოვოთ და არა სპორტის მეორეხარისხოვან გაკვეთილად გამოცხადება.
სასწრაფოდ გვჭირდება ყველა სკოლაში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურა და ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული წრეების მრავალფეროვნება.
თუ მე არ მეთანხმებით, ნაკრების ბიჭებს შეხედეთ".