ბოლო პერიოდში არაერთმა მშობელმა დაწერა, რომ მათ შვილებს გამონაყარი და ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს ინფექციური ერითემა აქვთ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, რა არის ინფექციური ერითემა, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა შემთხვევაშია აუცილებელი სპეციალისტის ჩართულობა:
- ინფექციური ერითემა, რომელსაც ასევე მე-5 დაავადებას უწოდებენ, ვირუსული გენეზის დაავადებაა. მას პარვოვირუსი იწვევს და მწვავე დასაწყისი ახასიათებს. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს ცხელება, საერთო სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი. თუმცა, ყველაზე სპეციფიკური სიმპტომი, რაც ამ დაავადებას აქვს, გამონაყარია. გამონაყარი, როგორც წესი, სახის მიდამოდან იწყება და ლოყების მიდამოში ჰიპერემია, სიწითლეა გამოხატული. შემდეგ, გამონაყარი მთელ სხეულზე ვრცელდება. შეიძლება, იყოს უხვი ან ნაკლებად უხვი და დაახლოებით, 5-7 დღის შემდეგ ალაგდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, პაციენტს მწვავე სიმპტომატიკა ჰქონდეს, როგორებიცაა, მაღალი ტემპერატურა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი აღენიშნებოდეთ.
- როგორც აღვნიშნე, ეს დაავადება ვირუსული გენეზისაა და აქედან გამომდინარე, მას რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. პაციენტს სიმპტომურად ვმკურნალობთ. თუ გამონაყარი უხვია და ამავდროულად, მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე გრძელდება, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ექიმს მივმართოთ და შესაბამისი რეკომენდაციები მივიღოთ. მსგავსი გამონაყარით შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებებიც მიმდინარეობდეს. მაგალითად, წითელა, წითურა. ასევე, არაინფექციური გენეზის დაავადებები, მათ შორის, ალერგია. ამიტომ, თუ გამონაყარი განვითარდა და ტემპერატურული რეაქციაცაა, ჩემი რეკომენდაციაა, რომ მივმართოთ ექიმს, რომელიც სწორ რჩევებს მოგვცემს.
- ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში კი, ხშირი კონტაქტისა და აქტიური კომუნიკაციის გამო, უფრო ხშირად და ადვილად ვრცელდება.
- ოფიციალური სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა პირადი პრაქტიკიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მაქვს, მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით მომატებულია. პაციენტები, ძირითადად, ამბულატორიულ კლინიკებს მიმართავენ, სტაციონარული მკურნალობა კი იშვიათად სჭირდებათ.
- დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია და დამყარებულია როგორც კლინიკურ სიმპტომატიკაზე, ასევე არსებობს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, რომელთა დახმარებითაც ზუსტად დავადგენთ, პაციენტს ინფექციური ერითემა აქვს თუ სხვა ტიპის დაავადება. როგორც გითხარით, აღნიშნული დაავადება სიმპტომებით შეიძლება, წითელას, წითურას ან ალერგიულ დაავადებებს ჰგავდეს და მშობელს, სპეციალისტის გარეშე, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით გაუჭირდება, ერთმანეთისგან გაარჩიოს. ზოგადად, ინფექციურ დაავადებებს ალერგიისაგან ის გამოარჩევს, რომ ალერგიის დროს გახანგრძლივებული ცხელება ნაკლებადაა გამოხატული. ხოლო, ვირუსული ინფექციების დროს, როგორც წესი, გამონაყარს ასევე ტემპერატურაც ახლავს. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ბავშვს ეს სიმპტომები ჩამოუყალიბდა და ტემპერატურა 4-5 დღეზე მეტხანს ხანგრძლივდება, ექიმს მივმართოთ, რომელიც დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში დაგვეხმარება.
- იშვიათად, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, მძიმე მიმდინარეობაც შეგვხვდეს. საბედნიეროდ, ინფექციურ ერითემა ხშირად გართულებების გარეშე გვხვდება, მაგრამ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც შესაძლოა, მძიმედ წარიმართოს, სიმპტომები გახანგრძლივდეს და პაციენტს გარკვეული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება დასჭირდეს. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები, ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფონური დაავადება აქვთ, ორსულები, ბავშვები თანდაყოლილი სხვადასხვა პათოლოგიით, უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ და პირველივე დღეებში ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. დანარჩენ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, დაავადების ბინაზე მართვა შესაძლებელია. მაგრამ, გახანგრძლივებული სიმპტომების დროს აუცილებელია, ინფექციონისტს ან პედიატრს მივმართოთ.
თამარ იაკობაშვილი