მარიამ ზურებიანი პროფესიით ფარმაცევტია. ამჟამად პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტია და უკვე სამი წელია, სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობს. იქამდე 13 წელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა, დაცვის პოლიციელი იყო. მას ამ საქმიანობაში 2 დაც შეუერთდა და საავიაციო უშიშროების განხრით სამივე ერთად იყო დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ მარიამმა გადაწყვიტა, პროფესია შეეცვალა, შეისწავლა პერმანენტული მაკიაჟი, მიიღო გამოცდილება და საკუთარი სალონიც გახსნა. საქმიანობა კვლავ დებთან ერთად განაგრძო და ამბობს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე, წარმატებას ვერ მიაღწევდა. გვიყვება, რა გზა გაიარა იქამდე, ვიდრე სილამაზის ინდუსტრიაში აღმონდებოდა:
- აქამდე რადიკალურად განსხვავებულ სფეროში ვიყავი, საავიაციო უშიშროების განხრით ვიმუშავე. 13 წელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გავატარე და ჩემი საქმიანობა უზომოდ მიყვარდა. სხვა სფეროში საკუთარი თავი ვერც კი წარმომედგინა. რამდენიმე წლის მერე შუათანა დამაც აეროპორტში დაიწყო მუშაობა, მერე პატარა დაც შემოგვიერთდა. რაკი სამივე ამ სფეროში ვიყავით, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ იქაურობას ვერ ვთმობდი. ამ 13 წლის უზომოდ მადლიერი ვარ.
სილამაზის ინდუსტრიაში კი სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემმა თანამშრომელმა პერმანენტული მაკიაჟი ისწავლა. ყოველ ჯერზე ვხედავდი, თანამშრომელი გოგონები ნინოსთან ვიზიტის შემდეგ, როგორი გადაკალმული წარბით მოდიოდნენ. ერთ დღესაც დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი და ისე დაემთხვა, რომ ესთეტიკის ცენტრში იწყებდა მუშაობას და მოსწავლის აყვანა უკვე შეეძლო. მეც გადავწყვიტე, ამ პროფესიას დავუფლებოდი. არასოდეს დამავიწყდება, რამხელა ენერგია ჩადო ჩემში და როგორ სჯეროდა, რომ გამომივიდოდა. სწავლების ერთ დღეს აპარატის ახსნაზე გადავედით და მასწავლიდა, როგორ მომეთავსებინა აპარატში ნემსი სწორად, დავაკვირდი და, რა თქმა უნდა, მეც ვცადე. თუმცა, პირველად ისეთი ძალით მოვათავსე, დაახლოებით, 15 წუთი სპეციალისტი ნემსის მოხსნას ცდილობდა. არ დამავიწყდება მისი მშვიდი ხმა: "მარი, ეს ჰანტელები არ არის, დარბაზში არ ვართ, უბრალოდ სინაზე და მეტი არაფერი" (იცინის). თავიდან ბოლომდე გვერდში მედგა და მინდა, ამ სფეროში მართლა ძალიან კარგ სპეციალისტს - ნინო ჯავახიძეს მადლობა საჯაროდ გადავუხადო.
- როდესაც კურიერმა აპარატი მომიტანა, გავხსენი და დივანზე ჩამოვჯექი. თან ვუყურებდი და თან შიში მეუფლებოდა. მეგონა, ვერ შევძლებდი… მეზობლის გოგონა გადმოვიდა და მკითხა, როდის შევძლებდი მისთვის წარბის დაფერვას. ვუთხარი, კი მაქვს მასალა და აპარატიც, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა-თქო. მან მითხრა, ზუსტად ვიცი გამოგივაო და ეს ისეთი სტიმული იყო ჩემთვის, სულ ცოტა ხანში, იმავე დივანზე, სპეციალური განათების გარეშე მივიღე პირველი პაციენტი (იცინის). უზომოდ ბედნიერი იყო... მეორე დღეს უკვე დედას გავუკეთე წარბის დაფერვა და აღმოჩნდა, რომ დედამ მომიზიდა პაციენტები (იცინის). უბნის ქალები რიგ-რიგობით ცდილობდნენ ჩაწერას. თავიდან რამდენიმე თვე სახლში ვიმუშავე. მერე მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია, ერთ-ერთ სალონში გასაუბრებაზე მივედი და თანამშრომლობაზე შევთანხმდით. მითხრა, პირველი პაციენტი ჩემს სალონში მე ვიქნებიო. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ყველაფერი იმ სიხარულისთვის, რაც შედეგს მოჰყვა, ღირდა. ჩემთვის პირველი სალონი იყო და მახსოვს, როგორ ნდობით განეწყო. ამიტომ, პირველი შანსისთვის, არა მხოლოდ ნდობისთვის, არამედ ადამიანური გვერდში დგომისთვისაც მინდა, ვერიკო კოდელაშვილს მადლობა გადავუხადო. ძალიან კარგ კოლექტივში აღმოვჩნდი და ამის მერე უკვე სხვადასხვა კლინიკასა და ესთეტიკის ცენტრთან თანამშრომლობა დავიწყე.
- რაც ამ პროფესიას დავეუფლე, საკუთარ სტუდიაზე იმის მერე ვოცნებობდი. მაგრამ თან ვაცნობიერებდი, რომ აუცილებელი იყო, ამ სფეროში ჯერ გარკვეული გამოცდილება დამეგროვებინა. შარშან ზამთარში ამ ოცნების ასრულება შევძელი. ჩემი დების გვერდში დგომის გარეშე, ნამდვილად გამიჭირდებოდა. მინდოდა, როგორც აეროპორტში მოვიყარეთ ერთად თავი, ასე ერთად გვემუშავა ამ სფეროშიც და დავიწყე ჩემი დების დაფარული ნიჭის აღმოჩენის ძიება (იცინის). წამით არ მიფიქრია მათ გარეშე მუშაობაზე და არც მიკითხავს, ისე მოვუწყვე კუთხე, რომ სტიმული მისცემოდათ. შუათანა დამ ვიზაჟი ისწავლა, ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და ახლა უკვე პროფესიულ დონეზე ისწავლა. სხვანაირად ვერ მივიღებდი - გასაუბრებისა და ნამუშევრების ნახვის მერე უკვე დავრწმუნდი, რომ საუკეთესო თანამშრომელი ავიყვანე (იცინის). ვცდილობ, უმცროსი და თმის პროცედურების სწავლაში ჩავრთო.
- პირველ რიგში, კვალიფიციური და სანდო სპეციალისტის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ასევე მასალა სერტიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.
- ძირითადად, წარბის დაფერვა უფრო მოთხოვნადია. გამომდინარე იქიდან, რომ წარბის ასიმეტრია, დეფორმაცია ხშირია, ასაკის მატებასთან ერთად წარბი მეჩხერი ხდება, პერმანენტი იდეალური გამოსავალია. ასევე ბევრი მომხმარებელი მყავს ტუჩის დაფერვაზე, ესეც აქტუალურია.
თამარ იაკობაშვილი