USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი სკოლების ორდღიანი ონლაინ ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული ინიციატივები გაუზიარეს. მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლების დირექტორებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობა განათლების ექსპერტებმაც მიიღეს. ფორუმზე შეკითხვების დასმა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებითაც მსმენელებს გააცნეს იმ პროექტებისა და აქტივობების შესახებ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს, გააერთიანეს სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრეს.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე, ფორუმისა და ზოგადად, ამ პროგრამის შედეგებზე გვესაუბრება:
- უკვე 2 წელია, 650 სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება, ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა და ბიზნესის სასკოლო სივრცესთან დაკავშირებაა. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა უკვე არაერთი პროექტი დააფინანსეს და მოსწავლეების ინიციატივები გაიზიარეს. შედეგად, სკოლებში არსებული სხვადასხვა პრობლემა მოგვარდა. მაგალითად, ბიზნესის სექტორისა და სკოლების თანამშრომლობის შედეგად ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორებიცაა სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, სხვადასხვა სახის ტურნირის, ინტელექტუალური შეჯიბრების გამართვა, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, სკოლებში ბიბლიოთეკების განახლება და მრავალი სხვა. რაც შეეხება თავად ჰიბრიდულ ფორუმს, ის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მესამედ ტარდება და მისი მიზანი სკოლებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა გაზიარებაა. ონლაინ ფორმატი საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან წარმატებული პრაქტიკის შესახებ მოვისმინეთ. ღონისძიებაზე აქცენტი მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ მიღწეულ წარმატებებსა და კონკრეტულ შედეგებზე გაკეთდა. საბოლოოდ, მიზანი კი არის ის, რომ ყველა სკოლაში ისმოდეს მოსწავლის ხმა, რადგან სკოლა მოსწავლეებისთვისაა. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში რაც უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი, სკოლის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილ შეიტანენ და გამოიმუშავებენ ბევრ ისეთ უნარ-ჩვევას, რაც სამომავლოდ ბევრი მიმართულებით გამოადგებათ. მოსწავლეებმა თავიანთ სკოლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და ამ გამოცდილების გაზიარება სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ მაგალითი თავიანთ პრაქტიკაში გამოიყენონ. ორი დღის განმავლობაში, 11-11 სკოლა წარადგენდა იმ პროექტებსა და აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმრთველობებმა განახორციელეს და წარმატებული, საინტერესო შედეგები მიიღეს, ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვა სკოლის წარმომადგენლებთან, გამოკვეთეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზებიც მოიფიქრეს. ძალიან სასიამოვნო პრეზენტაციები იყო. მსმენელები როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ პლატფორმის საშუალებით, სვამდნენ შეკითხვებს, წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით უფრო მეტი აინტერესებდათ და საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ვფიქრობ, წარმატებული ორი დღე გამოგვივიდა.
მარინა უშვერიძე ასევე საუბრობს იმაზეც, თუ რაში დაეხმარება მოსწავლეს მსგავსი აქტივობების სამომავლოდ:
- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეს სოციალური უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც ცხოვრებაში, მომავალი წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლა მოსწავლეს ცხოვრებისთვის ამზადებს. ამიტომ, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, პრეზენტაციის, არგუმენტირების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, გუნდში მუშაობის უნარი და ბევრი სხვა სოციალური უნარი განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. სამოქალაქო განათლების პროექტები მოსწავლეს ეხმარება, რომ სკოლის გარეთ გავიდეს, მოიპოვოს მხარდამჭერები, ისწავლოს ადამიანებთან მოლაპარაკება და საკუთარი მიზნის ირგვლივ ინტერესთა ჯგუფის მობილიზება შეძლოს. ეს კი მას გამოადგება, როგორც დასაქმებაში, ასევე, შესაძლოა, ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროში წარმატების ხელშემწყობი ფაქტორიც გახდეს.
ამავდროულად, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას და მეტი ადამიანისათვის არ იქნება სულ ერთი, რა ხდება მის ირგვლივ, იტყვის თავის აზრს, ითანამშრომლებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც გამოადგება.
ფორუმზე მსმენელები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული პროექტებს გაეცნენ. ანი ჯოჯუა თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე და ამავე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა. ის გვიყვება იმ აქტივობების შესახებ, რაც აღნიშნული სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს:
- ძალიან საინტერესო წელი გვქონდა. საკმაოდ ბევრი პროექტი და აქტივობა განვახორციელეთ და ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სკოლის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეთა უნარების, თვისებებისა და ინტერესების შესაბამისი აქტივობები დაგვეგეგმა. ყოველთვიურ გამოკითხვებს ვატარებდი, თუ რა შეიძლებოდა სკოლაში უფრო გააქტიურებულიყო, რა შეიძლებოდა, შეგვეცვალა... რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეთა მოტივაციაზეც დიდ გავლენას ახდენდა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებოდნენ. მაგალითად, ზოგს ლიტერატურული კლუბი მოსწონს და კლუბის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო, ზოგს განსხვავებული მიმართულება. მათზე მორგებული კლუბები და აქტივობები შევქმენით და ჩემი აზრით, საინტერესო აქტივობების წინაპირობაც ეს გახდა.
ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი ჩემთვის საინტერესოა, რადგანაც მათ როგორც მოსწავლეების, ისე თემის განვითარებაში დიდი როლი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოხალისეობის კლუბის განვითარება იყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში აქტიურად საქმიანობდა. სხვადასხვა ასაკის ბავშვები უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს და არაერთი კარგი აქტივობა განახორციელეს. ასევე, ძალიან საინტერესო იყო პლასტმასის შეგროვების აქცია, რომელშიც როგორც ჩვენი მოსწავლეები, ასევე მოსახლეობა, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ასევე, გამოვყოფდი სპორტულ აქტივობებს, რომლებიც ასევე განსაკუთრებულია იმ კუთხით, რომ მსაჯების როლში მე-11-მე-12 კლასის გამოცდილი მოსწავლეები იყვნენ. სპორტი რომ გვაერთიანებს და ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამ აქტივობითაც დავამტკიცეთ.
ჩემთვის, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლების მიღება ფუნდამენტურია. მოსწავლეთა თვითმმართველობას კი იმიტომ აქვს განსაკუთრებული როლი, რომ ბავშვებს შეუძლიათ, თავიანთი ინტერესების შესაბამისი სფერო, საქმიანობა იპოვონ და სკოლის ასაკიდანვე განახორციელონ. ის უნარები, თვისებები, რაც თვითმმართველობამ შემძინა, თუნდაც ხალხთან კომუნიკაცია, პრეზენტაციის წარდგენა, სხვადასხვა ასაკის ადამიანთან მუშაობა, ვფიქრობ, სამომავლოდ ჩემს პროფესიაში ძალიან საჭირო იქნება.
მართა ხურცილავა ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეა და მსმენელებს განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სახით გაუზიარა:
- უკვე ორი წელია, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ვარ და ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 30-მდე პროექტი განხორციელდა, სადაც ჩართული იყო როგორც სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, ასევე სკოლაში არსებული სხვადასხვა კათედრა. ქალაქში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩავერთეთ. სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშში ვმონაწილეობდით. ასევე, ვიმუშავეთ თემაზე - სახანძრო სისტემის გაძლიერება სკოლებში, რომელიც მიზნად მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და იმ ცოდნის გადაცემას ისახავდა, რომელსაც კრიტიკულ და საგანგებო სიტუაციებში შეიძლება, დაეყრდნონ. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი ბულინგთან ბრძოლასა და ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. გარდა ამისა გვქონდა პროექტი სახელწოდებით: "მოვუფრთხილდეთ შავ ზღვას". შავი ზღვის სანაპირო ზოლი დავასუფთავეთ. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები საჭიროა, რომ ბავშვებში სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების დონე ამაღლდეს და მეტად ჩაერთნენ თავიანთი ქალაქის ცხოვრებასა და განვითარებაში. თვითმმართველობის წევრები მოსწავლეების ხმა არიან და ისინი გვაძლევენ საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. როდესაც თვითმმართველობის თავმჯდომარე გავხდი, თავიდანვე სხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დავგეგმე და ერთმანეთის შეხედულებებს გავეცანით. ყოფილა შემთხვევები, როცა მათი აქტივობები გაგვიზიარებია და ჩვენც გამოგვიყენებია, ან პირიქით. გამოცდილების გაზიარება, გუნდურად მუშაობა, თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება კი ვფიქრობ, შესანიშნავი გამოცდილებაა არა მხოლოდ სასკოლო ცხოვრებისთვის, არამედ სამომავლო წარმატებებისთვისაც.
ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო კაკულია კი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას, არამედ მოსახლეობასაც აერთიანებს და პრობლემის აქტუალურობას აჩვენებს:
- შარშან, როდესაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გვქონდა, უცხოელებიც, ჩამოსული სტუმრებიც გვეხმარებოდნენ და ჩვენთან ერთად ასუფთავებდნენ სანაპიროს. ალბათ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომ მოსწავლეების აქტიურობას შეუძლია, ბევრი ადამიანი სასიკეთო საქმეებისათვის გააერთიანოს. მშობლებიც ძალიან დიდი ხალისით ერთვებიან. მოაქვს ერთჯერადი პარკები, ხელთათმანები, საჭირო ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექცია ამ ყველაფრით მოსწავლეებს ამარაგებს.
მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული პროექტები სკოლის დირექციის აქტიური ხელშეწყობით მიმდინარეობს. ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი, მთვარისა ახვლედიანი საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება:
- USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ჩვენს სკოლას, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვა არაერთ სკოლას, მნიშვნელოვნად დაეხმარა. ერთობლივი თანამშრომლობის, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, მოსწავლეთა თვითმმართველობა იმდენად გააქტიურდა, რომ მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, სკოლისთვის, მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე მოგვმართონ და ერთად განვიხილოთ მოგვარების გზები. მოსწავლეები მზად არიან, რომ თემში გავიდნენ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლონ, გამოკვეთონ პრობლემა და მისი მოგვარების კონკრეტული გზებიც დასახონ. დირექცია, რა თქმა უნდა, მოსწავლეებს ხელს უწყობს. ვცდილობთ, ბავშვებს რესურსების, კონტაქტების მოძიებაში დავეხმაროთ, გავყვეთ, სადაც უნდათ, უზრუნველვყოთ ტრანსპორტით და მსგავსი მიდგომით, ერთობლივი მუშაობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მაგალითად, წიგნიერების პროექტს გამოვყოფდი - სკოლის ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით შეივსო და გამრავალფეროვნდა. ჩვენი სკოლა ცენტრალურ გზაზე, გზის პირასაა და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი გაკეთდა. ამისთვის კი მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიაში დამოუკიდებლად წავიდნენ, პრობლემის შესახებ ისაუბრეს და შედეგად, ეს საკითხით მოგვარდა. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩვენთან, სკოლაში მოვიწვიეთ და იქაც თემისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გავაჟღერეთ. ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავენ ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს, როგორებიცაა, მაგალითად, "დედაენის დღე", "დედამიწის დღე" და ასე შემდეგ. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ სამოქალაქო განათლების კლუბი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად თუ სხვა საგნის მასწავლებლებთან და დირექციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლასა თუ თემში არსებულ გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს. მინდა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მე მჯერა, რომ მათი დახმარებით, კიდევ არაერთი სასიკეთო პროექტი განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
თამარ იაკობაშვილი