"საპირფარეშოები არ არის ქალაქში და კაცები ხეებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებში შარდავენ, ბავშვებს ქუჩაშივე აკმაყოფილებინებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს მშობლები..." - რატომ არ არის საკმარისი საპირფარეშო ქალაქში და რას ამბობს მოსახლეობა - მშობლები

"საპირფარეშოები არ არის ქალაქში და კაცები ხეებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებში შარდავენ, ბავშვებს ქუჩაშივე აკმაყოფილებინებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს მშობლები..." - რატომ არ არის საკმარისი საპირფარეშო ქალაქში და რას ამბობს მოსახლეობა

2024-07-09 13:24:41+04:00

საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემა ყოველთვის აქტუალურია. ხშირად წუხან მშობლები მოუვლელ საპირფარეშოებზე სკოლებში, თუმცა არანაკლებ შემაწუხებელია ქალაქში ტუალეტის დეფიციტი ან თუ არის, ზედმეტად არაჰიგიენურ მდგომარეობაშია. თბილისში განთავსებული ბიო ტუალეტები არასაკმარისია, მხოლოდ გარკვეულ ლოკაციებზეა და ამავდროულად, საკმაოდ მოუწესრიგებელია. ანტისანიტარია იმდენად შემაწუხებელია, რომ ხშირად მოსახლეობა კონკრეტულ ლოკაციაზე გავლასაც ერიდება. იმის გამო, რომ თბილისში მცირე რაოდენობის ბიო ტუალეტებია, არაერთი უხერხულობა იქმნება და შემთხვევებს ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ:

  • "ტუალეტების დეფიციტი რომ არის, ეს სერიოზული პრობლემაა. მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მაღაზია არაა, უბრალოდ ვერ ჩახვალ, ისე ყარს შარდის სუნად..."
  • "ქუჩაში ვიყავით და ბავშვს მოუნდა ტუალეტში შესვლა. ახლო-მახლო ვერსად ვერ ვნახე. ვეხვეწებოდი, მოითმინე-თქო. მერე უკანა გზაზე გზატკეცილზე ჩამოვედი ტრანსპორტიდან და ავტოგასამართ სადგურზე ვთხოვე შეშვება..."
  • "თუ არის ხომ, ისეთია გული გაგისკდება. პარკში რომ გყავს ბავშვი გასართობად და ამდენ ფულს ხარჯავ, ნებისმიერ გასართობ პარკში, ტუალეტშიც ფულს გახდევინებენ (თუ იპოვე საერთოდ) და რა მდგომარეობაში დაგხვდება, კაცმა არ იცის."
  • "რეგიონებში უარესი მდგომარეობა, რა ტუალეტი, რის ტუალეტი..."
  • "იმიტომაა, ავტობუსიდან რამდენჯერ დამინახავს, ხეებთან რომ არიან მიმდგრები კაცები და შარდავენ ასე სახალხოდ..."
  • "კაცები მარტო? ბავშვები რამდენჯერ დამინახავს, დედები რომ მიაყენებენ ქუჩაშივე. ამასწინათ ზედ გაჩერებაზე ჰყავდა ხელში აყვანილი დედას და ასაქმებინებდა... მასეთებს ათი ტუალეტი რომ დაუდგა, არ შევლენ..." - წერენ კომენტარებში.
  • სადაც არის, ყარს მის ირგვლივ ტერიტორია. იმ მარშუტკით ვეღარ დავდივარ, რომელიც ბიოტუალეტთან ჩერდება. ზაფხულში იმ ადგილას სუნთქვა შეუძლებელია.

საკითხზე თბილისის მერიას მივმართეთ. გვინდოდა, გაგვერკვია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბიო ტუალეტების განთავსებაზე და ხომ არ იგეგმება რაოდენობის გაზრდა.

"მერია ბიო ტუალეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამონტაჟებს, როდესაც რაიმე ღონისძიების გამართვა იგეგმება, განცხადებით მოგვმართავენ და ამ კუთხით, დახმარებას ითხოვენ. სხვა შემთხვევაში, კერძო კომპანია იღებენ პასუხისმგებლობას." - გვითხრეს თბილისის მერიაში.

ასევე, მათივე განმარტებით, ამ საკითხზე თბილისის მერიას ხელშეკრულება "კონსალტინგ გრუპთან" აქვს გაფორმებული:

"2017 წელს თბილისის მერიამ შპს "კონსალტინგ გრუპთან" რეტერატების მოსაწყობად ხელშეკრულება გააფორმა . 30 ადგილი გამოიყო და ის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა." - გვითხრეს თბილისის მერიაში .

"კონსალტინგ გრუპთან" დაკავშირება და დამატებითი დეტალების გარკვევა ვცადეთ, თუმცა მითითებულ ნომრებზე არავინ გვიპასუხა.