სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭის რეგიონიდან ვიდეომიმართვას ვრცელებს და ამბობს, რომ ღვარცოფული მდინარის ჭალაში საბავშვო ბაღის შენობას აშენებენ.
„ეს მდინარე ღარულას ჭალაა. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ჭალაა, რადგან ღარულა მთის მდინარეა და თავისი ტერიტორია აქვს. ამ ჭალაში ახლა საბავშვო ბაღი შენდება. გაუკეთებიათ ნაპირსამაგრი სამუშაოები. მდინარეს უზარმაზარი მასალა აქვს ჩამოტანილი. ხომ ხედავთ, ამ მასალის რაოდენობას, თუ რა პოტენციალი აქვს მდინარე ღარულას. ეს გაამაგრებს წყალს? ეს არის ამ ბავშვების დაცვითი მექანიზმი? საოცრება ხდება, ვინ გასცა ამის მშენებლობის უფლება? ჩვეულებრივი ღვარცოფული მდინარეა და ხედავთ, რა შეუძლია ამ მდინარეს. ხომ უნდა მორჩეს მდინარეების ჭალებში მშენებლობების გაცემის ნებართვა და ასეთი უპასუხიმგებლო ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მით უმეტეს ასეთი ბუნებრივი კატასტროფებისადმი მიდრეკილ რეგიონებში“ - ამბობს თეა გოდოლაძე, რომელმაც მოგვიანებით პოსტიც გამოქვეყნა, მას შემდეგ, რაც ონის მუნიციპალიტეტში ამ მშენებლობის ნებართვა მოიკითხა.
„ვერ მოვითმინე, გზიდან დავბრუნდი და ონის მუნიციპალიტეტს მივაკითხე. სოფელი ღარი ონს ერწყმის, ერთი პატარა ხიდია საზღვარი მხოლოდ. ღარში სამშენებლო ნებართვა ონის მუნიციპალიტეტის გაცემულია. ონის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულია შოვის ყბადაღებული გრგ-ც. ონის მუნიციპალტიტეტში, საწყალი, უბრალო ხალხი მუშაობს. ლუკმა-პურის დაკარგვის რომ ეშინინით. რაჭა-ლეჩხუმში აღარაფერია და აღარავინაა, ნორმალური სამუშაო ადგილები და პირობები რომ შექმნას.
შევედი შენობაში და ვითხოვე ონის მერთან, სერგი ხიდეშელეთან შეხვედრა. მერს და მოადგილეებს თათბირი აქვთ და არ სცალიათო. კი ბატონო, საჯარო დაწესებულებაა და არაა საჭირო “დიდი ხალხის” შეწუხება. უბრალოდ, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა ამიხსნას, რატომ გასცეს მშენებლობის ნებართვა მდინარის კალაპოტში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე-თქო. პატიოსნად მანახეს დასკვნა. მოვასწარით მე და ლაშამ წაკითხვა. ერთი წინადადება წერია, ღვარცოფულია და ნაპირი გაამაგრეთო. ნაპირი დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზეა “რაცხანაირად” გამაგრებული. გადაჭრეს პრობლემა “რიბაკმა” ბიჭებმა. რისი დამცავია ის, არაფრის! დავამთავრე თუ არა წაკითხვა, რიგითი თანამშრომლის ოთახში, თავად მერი და მისი ძალზედ ოდიოზური “დამრტყმელი, სპორტსმენი ბიჭი” მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი შემოვიდნენ. ვითომ არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. საწყლად გაითამაშეს კომუნისტი ფუნქციონერების სცენა. თქვენ ვინ ხართ და რატომ ზიხართ ჩვენი თანამშრომლის მაგიდასთანო. ანგარიშს ვკითხულობდი, მივუგე. მოგვმართეთ ოფიციალურად და და ოფიციალურად გაგცემთ პასუხს, რატომ ავაშენეთ ჭალაში საბავშვო ბაღიო. მეო ნებართვის გამცემი ვარ, მშენებელი კი არაო. ეს ნებართვაც და დასკვნები საჯარო უნდა იყოს და ატვირთული ვებგვერდზე. მივხვდი, რომ იქ კამათს აზრი არ ჰქონდა! ამათთვის მშენებლობა უდრის ფულს და ხალხი და მათი უსაფრთხოება მეასეხარიახოვანია. დასკვნა და კვლევა არ უნდა იმ ფაქტს, რომ საბავშვო ბაღი ჭალაში არ უნდა ააშენო. შოვი 2023 წელს მოხდა! „ - წერს თეა გოდოლაძე.