ზაფხული ყოველდღიური რუტინის დარღვევის საუკეთესო დროა. მეტი თავისუფალი დრო სხვადასხვა ასაკის ადამიანებს საშუალება აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ ჰობს, დასვენებას, რელაქსაციას და ამავდროულად, კითხვასაც, რაც განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კითხვა არა მხოლოდ განტვირთვის, არამედ თვითშემეცნების კარგი შესაძლებლობაც გახლავთ. სწორად შერჩეული წიგნი ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის მარტივი გზაა. ის საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ ახალ და რიგ შემთხვევაში, ფანტასტიკურ სამყაროში, შეხვდეთ საინტერესო პერსონაჟებს ან უბრალოდ ჩაიკარგოთ საინტერესო თხრობაში.
წიგნი საუკეთესო მეგზურია ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც მატარებელსა თუ თვითმფრინავში. დღის ბოლოს ჰამაკში გამაგრილებელ სასმელთან ერთად კი საინტერესო წიგნის კითხვა ზაფხულის ცხელი დღის მშვენიერი დასასრულია.
ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა, ხელი გაუშვათ ეკრანებს და აიღოთ წიგნები. არ აქვს მნიშვნელობა მარტივი და სახალისო ისტორიები გიყვართ, დამაფიქრებელი ისტორიული რომანები, ამოუცნობი ფენტეზი თუ ჩახლართული საიდუმლოებების ამოხსნა, თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.
ჩვენ კი გირჩევთ რამდენიმე წიგნს, რომლის წასაკითხადაც ზაფხული ნამდვილად საუკეთესო დროა.
„დაიწყე საკუთარი თავით“ - პეტრა ველზებორი
"ბევრი ჩვენგანი გამოფიტვის ზღვარზე მუშაობს და კარიერას შრომა-დასვენების ჯანსაღი ბალანსის რეჟიმსაც სწირავს. არადა, წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. ნაცვლად იმისა, რომ გადაღლისა და გამოფიტვის გზას მივდიოთ, მენტალური ჯანმრთელობის ცნობილი ექსპერტი პეტრა ველზებორი გვასწავლის, როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე, რა პრიორიტეტები უნდა დავიცვათ. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ დაგეხმარებათ შინაგანი და გარე გავლენების გააზრების, პიროვნების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების სასიცოცხლო სტრატეგიების ათვისებაში, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას მოგიტანთ. პეტრა ველზებორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა, როდესაც ტრავმებსა თუ სიძნელეებთან ჭიდილის თაობაზე საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს და ცხოვრებაში რთული პერიოდების გადალახვასა და დადებითი მსოფლაღქმის ჩამოყალიბებას გვასწავლის. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ გაჯერებულია კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევების ანალიზითა და ფსიქოლოგიური კვლევების მაგალითებით. ეს წიგნი იქცევა მთავარ სახელმძღვანელოდ მათთვის, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას და უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და კარიერა.“
„ქალი“ - ანი ერნო
რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავი ნახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა _ ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.
„დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ - ტეილორ ჯენკინს რეიდი
"როკჯგუფი "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია... მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..
„ეგებ ოდესმე“ - ჩესკა მეიჯორი
ემა ძალიან დაკავებულია, მთელი დღე ტელეფონს ჩაჰკირკიტებს, თანამშრომლებისა და ავტორების "საგანგებო სიტუაციებზე" მესიჯებსა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებს პასუხობს, დედების კომიტეტის აქტიური წევრიცაა, დარბის საქმიან შეხვედრებზე და ამასობაში მისი ყურადღება აკლდება ოჯახს, ქმარსა და ორ შვილს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. საღამოობით, როცა შინ ქანცგაწყვეტილი ბრუნდება, დიდი გამოცდა და განსაცდელი ელოდება, თანაც ყოველდღე... ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, გაისმის მუხრუჭების ხმა და... დენი მკვდარია. მეორე დღეს იღვიძებს და... დენი ცოცხალია, ისევ ორშაბათია და ისევ 3 დეკემბერი... ისევ... ისევ და ისევ... როგორ აღუდგება ემა წინ ბედისწერას? საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ნუთუ მისი დიდი სიყვარული არ იქნება საკმარისი?
„ძალაუფლების 48 კანონი“ - რობერტ გრინი
მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი""), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები""), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ""). მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება. ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
R