50 წლის შელი უოლს ორსულობის შეწყვეტა ექიმებმა ხუთჯერ ურჩიეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ ნაყოფის ტვინი ფორენცეფალური კისტით იყო დაზიანებული. კისტა ცერებროსპინალური სითხით სავსე ღრუში მდებარეობდა. "პაწაწინა კუბოც კი ვიყიდეთ", - იხსენებს ეშლი. მან ექიმების რჩევა არ გაითვალისწინა და მისი ვაჟი, ნოა, 2012 წლის მარტში მოევლინა ქვეყანას. დაბადების დროს ბიჭს ტვინის მხოლოდ ორი პროცენტი ჰქონდა, ასევე ზურგის ტვინის თიაქარი და ჰიდროცეფალია. ექიმებს ეგონათ, რომ ბიჭი დაბადებიდან მალევე მოკვდებოდა, მაგრამ ნოა გადარჩა.
„ჩემი ბიჭი სხვა ბავშვებივით ვერ დადიოდა. წლების განმავლობაში მას სუნთქვის მონიტორით ეძინა, რომელიც გვაფრთხილებდა ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი სუნთქვას შეწყვეტდა. თითქმის არ მეძინა. საშინელება იყო, მაგრამ ამას არანაირად არ უმოქმედია ჩვენი ბიჭის ხასიათზე." - განუცხადა დედამ ჟურნალისტებს რამდენიმე წლის წინ.
მშობლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - სამი წლის ასაკში ბავშვის ტვინი გაიზარდა და დადგენილი ნორმის 80%-ს მიაღწია. ნოეს არ შეუძლია სწავლა, როგორც მისი ასაკის სხვა ბავშვები, მაგრამ ის საკმაოდ აქტიურია. ბიჭს შეუძლია კითხვა, სრული წინადადებებით ლაპარაკი და უყვარს სიმღერა, რაც აოცებს ექიმებს, რომლებმაც მშობლებს უწინასწარმეტყველეს, რომ ნოე მცენარესავით იქნებოდა.
რეგულარული გამოკვლევებისა და ოპერაციების მიუხედავად, ნოე ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრობს. "გატაცებულია მანქანებით, Minecraft-ით და მიუზიკლებით. უყვარს ხუმრობების მოფიქრება. ძალიან მხიარულია. ყოველდღე გვაოცებს ახალი უნარებით. „შემიძლია წინდები ავიწიო“ ან „მე თვითონ შემიძლია ჩავიცვა მაისური“, გვეუბნება და ძალიან ამაყობს ამით. მას ორი წელი დასჭირდა, რომ ჭამა ესწავლა, მაგრამ შეძლო ეს“ - ამბობს შელი.
2022 წელს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა ნოეს კორსეტის დახმარებით დამოუკიდებლად დგომაც შეუძლია. „თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ჩემი შვილი იქ იდგა. კორსეტში ისეთი მაღალი ჩანდა. ბედნიერებისგან ანათებდა“, - იხსენებს შელი.
შელის თქმით, მას და მის მეუღლეს რობს არასოდეს ეპარებოდათ ეჭვი, რომ ნოას ძალიან ბევრი რამ შეეძლო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ნოას ოცნება ცოლის მოყვანა და შვილების გაჩენაა. უცნობია, რა ელის ბიჭს - ექიმები არ არიან დარწმუნებულები, რომ ის მოზარდობის ასაკს გადაურჩება - ამიტომ შელიმ შვილი საქორწილო ტორტის დეგუსტაციასა და საყიდლებზე წაიყვანა.
„ნოემ საყიდლებზე თოჯინაც წამოიყვანა, დაგეგმა, როგორ მოაწყობს ბავშვის ოთახს და მამობაშიც კი ივარჯიშა. ძნელია იმის გაცნობიერება, რომ მისი ოცნებები შეიძლება არასოდეს ახდეს, მაგრამ ვცდილობ არ ვაჩვენო მას ჩემი შიში“, - ამბობს შელი.
ახლა 12 წლისაა. აგრძელებს სწავლას და დიდ დროს უთმობს მუსიკას. 2024 წელს ის უკვე რამდენჯერმე გამოვიდა საქველმოქმედო The Music Man Project-ზე, რომლის თანხებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებას ხმარება. ნოემ მოახერხა გამოსვლა სამეფო ალბერტ ჰოლში, ასევე ლონდონის პალადიუმის თეატრში.
შელის თქმით, მისი მთავარი ოცნებაა, რომ ნოა ბედნიერი იყოს. „მას თავისი სახლი უნდა, ასევე მანქანის მართვა და ჰავაიზე გაფრენა. ნოა იმის დასტურია, რომ თუ იმედი გაქვს, შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. ეს კარგი გაკვეთილია ყველა ჩვენგანისთვის“.