ბოლო პერიოდში ადამიანებს ფოსტიდან ან დასაქმების სააგენტოდან ესემეს შეტყობინება მისდით, სადაც წერია, რომ მათ სახელზე ამანათია და პირადი მონაცემების შეყვანას ითხოვენ. ან კიდევ დასაქმებას სთავაზობენ მაღალი ანაზღაურებით, რაც ინტერნეტ თაღლითობაა და შესაძლოა, სერიოზული ზიანი მოგადგეთ. იურისტი, ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ახალი თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს და გვაძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ თავი:
- ძირითადად, მიმდინარე თვეების განმავლობაში, ორი ტიპის თაღლითური სქემაა გავრცელებული. ერთი - სამუშაოს შეთავაზება და მეორე, ფოსტიდან გზავნილი. მათ შესწავლილი აქვთ, თუ რა რაოდენობის გზავნილები ხორციელდება საქართველოდან და რადგან ხედავენ, რომ გზავნილების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თაღლითობის შესაბამის გზებს იყენებენ.
შესაძლებელია, ბევრ ადამიანს, ვისაც ესემესი მისდის, გზავნილი მართლაც ჰქონდეს და ელოდებოდეს. შესაბამისად, მათთვის ეს თაღლითური ესემესი საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. დაახლოებით, მსგავსი შინაარსის შეტყობინება მოდის: "თქვენი ამანათი ჩამოსულია, მაგრამ მისამართი დასაზუსტებელია და თქვენთან დაკავშირება ვერ ხერხდება." მითითებულია ბმული, სადაც მისამართის და სხვა დეტალების დაზუსტებას ითხოვენ. მეორე შემთხვევაში, ესემესები სამუშაოს შეთავაზების შესახებაა და გარკვეულ ფიქსირეულ, გარანტირებულ ანაზღაურებას გვთავაზობენ. ასეთი შეტყობინებაც მსგავსი ტექსტით - "გთხოვთ, გადადით ბმულზე!" ბოლოვდება. ორივე შემთხვევაში, თაღლითობაა. ვინაიდან, ბმულზე გადასვლის შემდეგ, ისინი გარკვეული გზებით პირადი მონაცემების შეყვანას, მისამართის, საბანკო ბარათის დაფიქსირებას გვთხოვენ. მხოლოდ ბმულზე დაჭერით შესაძლებელია ჩვენი ტელეფონი ან კომპიუტერი დავირუსდეს. მაგრამ, როდესაც ბმულზე გადასვლის შემდეგ, პერსონალურ მონაცემებს გავცემთ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენი ანგარიშიდან გარკვეული თანხა გაიტანონ.
3 მარტივი წესი დავიმახსოვროთ:
პირველი, როდესაც ესემეს შეტყობინება მოგვდის, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ის კონკრეტული კომპანიის მიერ არის თუ არა გამოგზავნილი. თუ არ აწერია, რომელი კომპანიისგან მოდის შეტყობინება, მაშინ ამ კომპანიის შესახებ შინაარსში მაინც უნდა იყოს მითითებული. თუ მართლა ველოდებით გზავნილს და მართლა არ იყო მისამართი სწორად მითითებული, ლინკზე არ გადავდივართ, მაგრამ იმ კომპანიას ვურეკავთ, რომელი კომპანიიდანაც ესემესი მოგვდის. თუ ესემესში კომპანია მითითებული არ არის, საკითხი დავამთავროთ. ეს თაღლითური სქემაა. თუ მითითებულია, როგორც აღვნიშნე, ვრეკავთ და ვკითხულობთ, მართლა ჩამოვიდა თუ არა ჩვენი ამანათი.
დასაქმების შეთავაზების შემთხვევაშიც, შეგვიძლია, კონკრეტულ კომპანიაში დავრეკოთ და გავარკვიოთ, მართლა აქვთ თუ არა ვაკანსია.
მეორე რჩევა - ბარათის ნომერი ანგარიშის ნომრისგან გავმიჯნოთ. ბარათის ნომერი არის ციფრები, რომლებიც ჩვენს ბარათზეა დატანილი და რომელსაც არასდროს არავის ვაძლევთ! ანგარიშის ნომერი არის ის, რასაც ბანკში გვაძლევენ, ან შეგვიძლია მობაილ ბანკში შევიდეთ და ვნახოთ. ეს არის გრძელი ნომერი და ის სჭირდება ადამიანს, რომელსაც სურს, რომ თანხა ჩაგვირიცხოს. ანგარიშის ნომერი, ვისაც გინდათ, მიეცით, მაქსიმუმ, თანხა დაგირიცხონ. მეტ ზიანს ვერ მოგაყენებენ. მაგრამ ბარათზე არსებულ ციფრებს არავის ვუზიარებთ.
მესამე რჩევა - თუ ონლაინ ვყიდულობთ რაღაცებს და შესაბამისად, ბარათზე არსებული ციფრები პროდუქციის საყიდლად თავად შეგვყავს, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გვქონდეს ცალკე ბარათი. ანუ, ეს არ უნდა იყოს ის ბარათი, სადაც მთელი ჩვენი დანაზოგი და ნაშთი გვაქვს. შესყიდვებისთვის ცალკე გავაკეთოთ ბარათი.
ასევე, მივმართავ ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს, მეგობრებო, ახალკურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს 5 ათას დოლარს თვეში ჩვეულებრივი სატელეფონო ან ოფის მომსახურებისთვის არავინ გადაგვიხდის. იცოდეთ, რომ როდესაც ამ თაღლითურ სქემებს გამოარკვევენ, მისი ორგანიზატორის დადგენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იმის, თუ კონკრეტულად ვინ არის დასაქმებული. სამწუხაროდ, ბევრ ახალგაზრდას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ამ სქემაში შეიტყუებენ და მათი 99% საქმიანობას ციხით ასრულებს, ორგანიზატორები კი თავიანთ ადგილებზე რჩებიან.