უმძიმესი ტრაგედიიდან, რომელიც 2010 წლის 22 აგვისტოს დატრიალდა და 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 14 წელი გავიდა. ავტოკატასტროფაში, რომელიც მუცოს ხეობაში მოხდა, 3 მცირეწლოვანი და 4 ზრდასრული ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, პოეტ გელა დაიაურის ოჯახი - მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - ჯარჯი და დემეტრე.
"საძულველი 22/07-2010... უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი.... გაცხოვნოთ უფალმა...." - წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში.
გელა დაიაურისა და თეონა ქუმსიაშვილის ოჯახი გამორჩეული იყო და მათი სიყვარულიც სამაგალითო, ერთმანეთს სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიდნენ.
პოეტი ბევრი წელი ებრძოდა ამ ტკივილს და ამბობს, რომ დღესაც მისთვის ეს მოუნელებელი ტრაგედიაა. 3 წლის წინ მან გადაწყვიტა, ოჯახი მეორედ შეექმნა. როგორც თავად ამბობდა, მარტოობით დაიღალა. "ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე".
მას და მის მეუღლეს ეკა მანჩხაშვილს ცოტა ხნის წინ ვაჟიც გაუჩნდათ - პატარა ვაჩე.