ნინო სალუქვაძე ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელია. იგი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი — ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი - 2008 წელს საქართველოს გუნდში.
ნინოს ბავშვობაში კალათბურთის თამაში სურდა და მშობლებიც მხარს უჭერდნენ, თუმცა სიმაღლის გამო მწვრთნელმა ის გუნდში არ აიყვანა. ამის შემდეგ ნინომ მუსიკის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, თუმცა ისიც და მშობლებიც ხვდებოდნენ, რომ ბავშვს სხვა ინტერესები ჰქონდა. მოგვიანებით, ნინოს მამამ — ვახტანგ სალუქვაძემ, რომელიც მიზანში სროლის მწვრთნელია, გადაწყვიტა, რომ შვილისთვის რამდენიმე გაკვეთილი ჩაეტარებინა.
"ჩემი მწვრთნელი მამაჩემია და ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრებაზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა".
ნინო სალუქვაძის შვილი ასევე ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანია. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ცოტნე მაჭავარიანმა მე-6 ადგილი დაიკავა 10 მეტრიდან ჰაერში სროლაში. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომელთაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.