ცოტა ხნის წინ საქართველოს 7-ქალა რაგბის გუნდმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. პირველ ეტაპზე, ზაგრებში, ხორვატიაში, გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გასვლით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბუდაპეშტში მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა, ორივე ეტაპის შეჯამებით მეორე ადგილი შეინარჩუნა და ელიტის საგზური მოიპოვა. მნიშვნელოვანი გამარჯვება ქალთა რაგბის არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, თუმცა სოციალურ ქსელში ხორვატიაში გადაღებული კადრები ვირუსულად გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ჩვენს გუნდს საქართველოს ჰიმნი შეცდომით ჩაურთეს. მცდელობის მიუხედავად, რომ შეცდომა გამოესწორებინათ, ჰიმნი სწორად მაინც ვერ ჩართეს და გოგონებმა გადაწყვიტეს, ჰიმნი მუსიკის გარეშე, დამოუკიდებლად ემღერათ. ანა პოღოსიანი 20 წელზე მეტია, ქალთა რაგბიშია ჩართული და წელსაც ისტორიულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის გუნდის წარმატების, ჰიმნის ექსპრომტად შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება:
- საქართველოში ქალთა რაგბის დაარსების დღიდან ამ სპორტში აქტიურად ვარ ჩართული. ქალთა რაგბი 2005 წელს დაარსდა, 2008 წელს კი საერთაშორისო თამაშებში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. რაგბიში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. იქამდე ფეხბურთს ვთამაშობდი. ერთხელ ზურაბ დუგლაძემ, ქალთა რაგბის დამაარსებელმა, ფეხბურთის ვარჯიშზე მნახა და მთხოვა, საკუთარი ძალები რაგბიშიც მომესინჯა. თავდაპირველად, ამ იდეით არ აღვფრთოვანებულვარ იმიტომ, რომ რაგბის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და არც თამაშებს ვუყურებდი. მაგრამ ზურაბ დუგლაძემ მთხოვა, რომ ვარჯიშზე ერთხელ მივსულიყავი და თამაშის სპეციფიკა მენახა. ერთხელ რომ მივედი, ამ სპორტით "მოვიწამლე" და მას შემდეგ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2008 წლიდან 2015 წლამდე ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვიყავი. შემდეგ ჩვენი ნაკრები დაიშალა და თამაში ახალმა თაობამ დაიწყო. ამის შემდეგ მსაჯობა დავიწყე. საქართველოს რაგბის ჩემპიონატს ვმსაჯობ. ასევე, 2021-2022 ევროპის ჩემპიონატზეც მსაჯად ვიყავი მიწვეული. როგორც გითხარით, წელს ნაკრებში კვლავ დავბრუნდი და ერთად დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ.
წელს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და ელიტ-რაუნდში ავედით. ქალთა რაგბის ისტორიაში ასეთი შედეგი არ ყოფილა. დაარსების დღიდან, ეს ჩვენი მიზანი იყო და როგორც იქნა, წელს ოცნების ასრულება შევძელით. ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ივნისში პირველი წრე ვითამაშეთ, სადაც ძალიან კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. 6 თამაშიდან 5 მოვიგეთ. სამწუხაროდ, შვედეთის ნაკრებთან ფინალში დავმარცხდით. მაგრამ, მაინც ძალიან კმაყოფილები ვიყავით. მეორე ეტაპი ივლისში გაიმართა. 4 თამაში მოვიგეთ, 2 წავაგეთ, თუმცა ორივე ეტაპის ჯამური ქულებით მეორე ადგილზე გავედით. პირველი-მეორე გუნდი კი ზედა დივიზიონში ადის, სადაც მაღალი დონის გუნდები თამაშობენ და როგორც იქნა, მოვხვდით. მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტი შემართებით ვემზადებით.
- ხორვატიაში ვიყავით, შვედეთის გუნდს ფინალში ვეთამაშებოდით. მოედანზე რომ გამოვედით და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჰიმნი გაჟღერდებოდა, მოვემზადეთ. მაგრამ, მალევე მივხვდით, რომ ძველი ჰიმნი ჩაირთო. შეეშალათ, ჩართვას ისევ შეეცადნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ჩართეს. ამიტომ, ერთმანეთს გადავულაპარაკეთ და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი დამოუკიდებლად შევასრულეთ. ძალიან ემოციური იყო. ვერ გადმოგცემთ, ეს როგორი ამაღელვებელი იყო. როდესაც შენი ქვეყნის ჰიმნს მღერი, თანაც ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, კიდევ უფრო ემოციური და საამაყოა. ალბათ, რომ დასრულდა თამაში, მენეჯერი ჩემპიონატის ოფიციალურ წარმომადგენლებს უსაყვედურებდა, მაგრამ ჩვენთვის ამ ფორმით შესრულებული ჰიმნი ძალიან ამაღელვებელი იყო.
- რაგბის თამაში რომ დავიწყე, 21 წლის ვიყავი, ახლა 40 წლის ვარ. ამ სპორტს მთელი ჩემი ენერგია, დრო და რესურსი მივუძღვენი. ნებისმიერი სპორტი ძალიან დიდ შრომასა და მოტივაციას მოითხოვს. სამწუხაროდ, არაერთხელ უკითხავთ, ქალმა რაგბი რატომ ავირჩიე. ვფიქრობ, სპორტის "ქალებისა" და "მამაკაცების" საქმედ დაყოფა, არასწორი დამოკიდებულებაა. მგონია, სპორტს სქესი არ აქვს. ერთნაირად კარგად შეიძლება გამოუვიდეთ ქალებსაც და მამაკაცებსაც.
- ჩემთვის, რაგბის თამაშის დაწყება რთული არ ყოფილა. როგორც გითხარით, ფეხბურთს ვთამაშობდი და ფეხბურთამდე მძლეოსანი ვიყავი. ფიზიკურადაც მომზადებული ვიყავი და შემდეგ უკვე თამაშის სპეციფიკას, წესებს გავეცანი. ალღო საკმაოდ მალე ავუღე.
- ეს სპორტი ძალიან დიდ მონდომებასა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. სისწრაფე, სისხარტე და მოტივაცია ბევრს ნიშნავს.
- ჩემი აზრით, ქალთა რაგბის პოპულარიზაციას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. უფრო მეტმა გოგონამ რომ გაიგოს, დაინტერესდეს, ტელევიზიებით აქტიურად გაშუქდეს, კარგი იქნება. სხვა მხრივ, ფედერაციიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს. მაყურებლები უფრო მეტად სოციალური ქსელებიდან გვიჭერენ მხარს. ბევრმა არაერთი დადებითი და სასიამოვნო კომენტარი დაგვიწერა და ჩვენი სიხარული გაიზიარა.
- ჯერჯერობით ვისვენებთ, შემოდგომიდან შევიკრიბებით და მზადებას დავიწყებთ. წინ ძალიან საპასუხისმგებლო და რთული შეხვედრები გველოდება.
თამარ იაკობაშვილი