ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე ცოტა ხნის წინ ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემას სტუმრობდა, საკუთარ განვლილ არც ისე მარტივ გზაზე ისაუბრა. ილაპარაკა იმაზე, როგორ განიკურნა დაავადებისგან, რომელსაც წლები ებრძოდა, როგორ დაძლია დეპრესია, ადამიანების დაცინვა, სხვადასხვა დროს მასზე განხორციელებული თავდასხმებიც გაიხსენა... ამ თემებზე მას სხვა დროს თითქმის არც უსაუბრია და სრულიად სხვა ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე.
გიორგი ნაზრაიძეს ვთხოვეთ, ჩვენთვისაც მოეთხრო ის ამბები, რომელიც სხვადასხვა დროს მან გამოიარა...
- მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა. გამოიხატებოდა გულის წასვლით, კრუნჩხვებით, სხვა გამოვლინება არ ჰქონია. რომ მემართებოდა, რამდენიმე ადამიანი მაკავებდა... იმ პერიოდში ისე ხდებოდა, რომ სხვაგან გავდიოდი და ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია... ეს ყველაფერი 10-11 წელი გამიგრძელდა. ამის გამო ბევრი ცხოვრებისეული შეზღუდვა მქონდა... ყველაფერი კი 9-10 წლის ასაკში დაიწყო... იმ პერიოდში ჭავჭავაძეზე არსებობდა "ეპილეფსიის ფარული ცენტრი", სადაც სამკურნალოდ დავდიოდი.
- იმ შეტევას რა იწვევდა?
- შეიძლება მაგალითად, ვინმესთან მეჩხუბა, იმ ჩხუბში გამარჯვებული ვყოფილიყავი, მაგრამ 2 დღის შემდეგ შეტევა დამემართოდა. ზედმეტად რომ დავხარჯავდი ემოციას, იმას ორგანიზმი ვერ იტანდა და შესაბამისი რეაქციას ისე გამოხატავდა. შეტევა შეიძლება ყოველ დღეც ყოფილიყო. ის დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ემოციური დღე იყო. შესაძლოა უშუალოდ ემოციის გამოხატვისასაც მომხდარიყო...
- მედიკამენტოზურად მკურნალობდი?
- კი და ფსიქოლოგებთანაც ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ემოციები თვითონ უნდა მეკონტროლებინა, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ წამალი პრობლემას ვერ უშველიდა. წამლები კი ისეთი იყო, რომელიც ემოციურ ფონს მითიშავდა...
- და ეს ყველაფერი, წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა?
- კი. წამლებმა და ფსიქოლოგების კონსულტაციებმა გავლენა იქონია. ამასთან, გავიზარდე, ემოციების კონტროლი ასე თუ ისე დავიწყე და ეტაპობრივად ყველაფერი შეჩერდა. განაგრძეთ კითხვა