ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი ოცნება აისრულა და 37 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა - მის უამრავ ჯილდოს ოლიმპიური ოქროც შეემატა. სერბი ჩოგბურთელი საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა ჩოგბურთის ისტორიაში. რეკორდსმენია პროფესიონალური რეიტინგების პირველ ადგილზე ყოფნით, კვირების რაოდენობის მიხედვით. ასევე რეკორდსმენია სეზონების რაოდენობით (რვა), რომლებიც დაასრულა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსით. რეკორდსმენია დიდი მუზარადის ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით (24)... ჩოგბურთის ისტორიაში პირველ ადგილზეა გამომუშავებული საპრიზო თანხით - 182,4 მლნ დოლარზე მეტი...
თუმცა მისი რეკორდებისა და ჯილდოების თვლა შორს წაგვიყვანს, ფაქტია, რომ ის ჩვენი დროის უდიდესი ჩოგბურთელია და უკვე ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 1987 წლის 22 მაისს დაიბადა სერბეთში, ბელგრადში. მამამისი სრჯან ჯოკოვიჩი კოსოვურ-ჩერნოგორული წარმომავლობისაა, დედა - დიანა ჟაგარი, ხორვატი. ნოვაკის ორი უმცროსი ძმა - მარკო და ჯორჯეც ჩოგბურთელები არიან. დღესდღეობით ნოვაკი მონტე-კარლოში ცხოვრობს, თუმცა ფესვებთან კავშირს არ კარგავს და მშობლიურ ბელგრადს ძალიან ხშირად სტუმრობს.
ჩოგბურთის თამაში 4 წლისამ დაიწყო და 6 წლის იყო, როცა იუგოსლავმა ლეგენდამ ელენა გენჩიჩმა შენიშნა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს ბავშვი მომავალი ჩემპიონი იყო. გენჩიჩმა ნოვაკთან იმუშავა შემდგომი 6 წელი, მერე კი მიხვდა, რომ ბიჭი საზღვარგარეთ უნდა წასულიყო, რათა მეტი წარმატებისთვის მიეღწია.
12 წლის ნოვაკი ნიკოლა პილიჩის საჩოგბურთო აკადემიაში გადაიყვანეს, გერმანიაში, სადაც 4 წელი გაატარა. 14 წლისამ დაიწყო საერთაშორისო კარიერა, როცა პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ამ წარმატებას კი თავბრუდამხვევი კარიერა მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება და ჩოგბურთელი ნამდვილ ლეგენდად აქცია.
2014 წელს დაქორწინდა ნოვაკი თავის დიდი ხნის სიყვარულზე, ელენა რისტიჩზე, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - სტეფანი და ტარა, რომლებიც სერბეთში მონათლა შარშან, სერბ პატრიარქთან.
რწმენა ნოვაკისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. მართლმადიდებელი ქრისტიანია და სერბეთის პატრიარქთან აქტიური ურთიერთობა აქვს. 2011 წელს სერბმა პატრიარქმა წმინდა საბას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, რაც უმაღლესი ჯილდოა სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ნოვაკმა ჯილდო დაიმსახურა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენს სერბი ხალხის და ეკლესია-მონასტრებისადმი. ნოვაკი კორტებზეც ხშირად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ.
ხოლო მისი ფოტო ჯვრით ვირუსულად გავრცელდა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ - ყველასთვის ცნობილი რელიგიური სკანდალის პასუხად.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ასევე ცნობილია, როგორც პოლიგლოტი ჩოგბურთელი - ექვს ენაზე საუბრობს. სახელი გაითქვა იუმორისტული პაროდიებითაც - ხშირად აჯავრებს სხვა ჩოგბურთელებს, რომელთა დიდი ნაწილი მისი მეგობარია.