თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთად დიდ ბრიტანეთში არ ყოფილან. როგორც გაირკვა, მეუღლეებს რამდენიმე თვეში პრინცის ისტორიულ სამშობლოში ელოდნენ, მაგრამ მათ წინასწარ გააუქმეს ლონდონში ვიზიტი.
სასექსელებმა განმარტეს, რომ ბრიტანეთში თავს დაცულად არ იგრძნობდნენ და მათი შეშფოთება, ალბათ, უსაფუძვლო არ იყო. წყვილის ახალი ინტერვიუ CBS News-ზე მეგანის დაბადების დღეს, 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ამჯერად წყვილმა საუბრისთვის სრულიად ნეიტრალური თემა აირჩია: კიბერბულინგი და მისი გავლენა მოზრდილებსა და ბავშვებზე. ჰარისა და მეგანის სამუშაო პროექტებიდან ბევრი ახლა სწორედ ამ საკითხებზეა ორიენტირებული - კიბერბულინგი, ონლაინ ექსპლუატაცია და ამ საფრთხეების შედეგები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
სასექსელები აღიარებენ, რომ თავად კვლავ განიცდიან თავდასხმებს როგორც ტაბლოიდების, ასევე უბრალო ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან და ამიტომ თავიანთი შვილების, არჩისა და ლილიბეტის დაცვა სურთ. ამის გამოა, რომ თითქმის არასოდეს აქვეყნებენ თავიანთ ფოტოებს და არ გამოჰყავთ ბავშვები საჯაროდ.
”ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც სოციალური მედიისგან ვისწავლეთ. ბულინგის მსცვერპლი შეიძლება აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი გახდეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ადრე თუ თქვენი შვილები სახლში იყვნენ, იცოდით, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ. ახლა ისინი შეიძლება გვერდით ოთახში ისხდნენ პლანშეტით ან ტელეფონით და საფრთხის წინაშე იდგნენ. სანამ თქვენ გაიგებთ და ზომებს მიიღებთ, 24 საათში შეუძლიათ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე“, - ამბობს მეგანი.
მეგანმა და ჰარიმ განმარტეს, რომ მათთვის კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. წყვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ მშობელთა აუდიტორიისთვის განკუთვნილი პროექტი უკვე დაიწყო. პლატფორმა სპეციალურად იმ მშობლების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებმაც სოციალური ქსელების გავლენის გამო, შვილი დაკარგეს - პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ასევე მათთვის, ვინც კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა და დახმარება სჭირდება.
მეგანმა აღნიშნა, რომ მან ბევრი რამ იცის კიბერბულინგის შესახებ - მასობრივი სიძულვილის გამო ოდესღაც თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ჰერცოგინიას თქმით, მას რცხვენოდა ამის შესახებ ქმართან ლაპარაკი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰარის წარსულში კიდევ უფრო მძიმე განსაცდელი ჰქონდა გადატანილი. თუმცა მეგანმა მაინც იპოვა ძალა, ჰარისთან განეხილა თავისი შიშები.
”როდესაც ტკივილს ან ტრავმას განიცდით, მჯერა, რომ განკურნების გზა პრობლემების შესახებ ღიად საუბარია. არასდროს მინდა, სხვამ თავი ისე იგრძნოს, როგორც მე. და არასდროს ვისურვებდი, რომ სხვამ იფიქროს გამოუსწორებელ გამოსავალზე. არასოდეს ვისურვებდი, რომ სხვისიც ისევე არ სჯეროდეთ, როგორც ჩემი არ სჯეროდათ. თუ მე ვისაუბრებ იმაზე, რაც გადავიტანე და ეს გადაარჩენს ვინმეს ან გაბედულებას შესძენს ცხოვრებაში, მე მივიღებ ამ დარტყმას“, - განაცხადა მეგანმა ახალ ინტერვიუში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მეგან მარკლი ჟურნალისტთან საუბრისას "შინაგანად ნერვიულობდა" - მალმალე თმას ისწორებდა და ქმრის ხელს ეხებოდა, რომ მხარდაჭერა ეგრძნო. აუდიტორიის რეაქციის შიშით, სიტყვებსაც ფრთხილად არჩევდა.
მეგანისა და ჰარის შიში ნამდვილად არ არის უსაფუძვლო: კრიტიკის ახალი ტალღა მეუღლეებს ინტერვიუს გამოქვეყნებამდეც კი დაატყდათ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბოლოს ოპრა უინფრისთან საუბარში მათ ძალიან ბევრი ოჯახური საიდუმლო გასცეს.
კერძოდ, მეგანმა დაიჩივლა, რომ ბუკინგემის სასახლე მას ყოველთვის ზიზღით ეპყრობოდა, მან ასევე დასცინა ზოგიერთ ტრადიციას (მისალმებელი ჟესტი დედოფალთან შეხვედრისას) თქვა, რომ „აიძულებდნენ, გაჩუმებულიყო", თუმცა ყოველთვის სურდა საკუთარი აზრის გამოხატვა. მეგანის ისედაც დაბალი რეიტინგი დიდ ბრიტანეთში მაშინ ბოლომდე დაეცა და ისინიც კი, ვინც თავდაპირველად დადებითად იყო განწყობილი წყვილის აშშ-ში გადასვლასთან დაკავშირებით, მის მიმართ კრიტიკულად განეწყვნენ.