"ვკანკალებ, განადგურებული ვარ..." "როგორ ვუთხრა მშობლებს, რომ ჩავიჭერი? სახლში მისვლა აღარ მინდა..." - აბიტურიენტების ემოციები და ზეწოლა მშობლების მხრიდან - მშობლები

"ვკანკალებ, განადგურებული ვარ..." "როგორ ვუთხრა მშობლებს, რომ ჩავიჭერი? სახლში მისვლა აღარ მინდა..." - აბიტურიენტების ემოციები და ზეწოლა მშობლების მხრიდან

2024-08-05 14:00:58+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. სამწუხაროდ, ბევრ აბიტურიენტს არ გაუმართლა და იმაზე ბევრად დაბალი ქულა მიიღო, ვიდრე ელოდა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაბალი თუ არასაკმარისი ქულებით მიღებულ საკმაოდ დიდ სტრესს მშობლების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა, გაკიცხვა და მუქარებიც კი მოჰყვება, რაზეც სხვადასხვა ჯგუფში თავად აბიტურიენტები წერენ. რას ამბობენ აბიტურიენტები და რა რეკომენდაციებს გვაძლევენ ამ დროს ფსიქოლოგები, როგორ ჯობს ამ დროს მოიქცეს მშობელი და რით შეიძლება ვანუგეშოთ ახალგაზრდები - ამას ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

  • ძალიან იმედგქცრუებული ვარ საკუთარი თავით. ძალიან დაბალი ქულები მივიღე, არადა ტესტებს სულ კარგად ვწერდი... ქულას არ ვჩივი, უბრალოდ არ მინდა, რომ მშობლებს იმედები გავუცრუო... ისეთები ვწერე, ახლა ვფიქრობ ჯობდა სულ არ დამეწერა... საშინელ სტრესში ვარ... ძალიან არ მინდა, რომ ჩავიჭრა... საშინლად ვარ, ასე ცუდად არ ვყოფილვარ ალბათ...
  • თითქოს ნორმალურად დავწერე, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ბევრი შეცდომა მაქვს... მართლა ძაან დავისტრესე... რისთვის გადავაყრევინე მშობლებს ფული, რომ იმედები გამეცრუებინა მათთვის? არ ვიცი, რა ვქნა. რომელ უნიშიც მინდოდა, ალბათ ვერც იქ ვერ მოვხვდები... ძალიან მრცხვენია ჩემი თავის და განსაკუთრებულად სხვების, ჩემგან რომ მეტს და კარგ ქულებს ელოდებოდნენ...
  • წინა წელს ერთი ბავშვი, წერდა კარგად ვსწავლობდი მთელი წელი, მაგრამ ძალიან დაბალი ქულები ავიღეო. მშობლები დებილს მეძახიანო… დაახლოებით ასეთი შინაარის იყო... თავის მოკვლა მინდაო… არ მახსოვს სად წერდა და ვინ იყო, მაგრამ ფაქტია ეროვნულები ბავშვებს ანადგურებს მენტალურად და ფიზიკურად. მშობლებს კი ხშირად თვალს ბინდს გადააფარებს ხოლმე "მეზობელი რას იტყვის”. გთხოვთ, ბავშვებო, არ იდარდოთ არაფერზე. არ წყდება ცხოვრება ამ ქულებით. იმაზე მეტი იცით, ვიდრე ეროვნულია. ერთი ტესტი ვერ გადაწყვეტს თქვენს განათლებას. ეს შინაგანად უნდა იცოდეთ. მშობლებო, გთხოვთ დაუდგეთ თქვენს შვილებს გვერდით და დაამშვიდოთ. უთხრათ, რომ ყველაფერი წინ აქვთ. ძალიან რთულია, როდესაც ვერ ამართლებ მშობლის იმედებს, მაგრამ ნუ ფიქრობთ მეზობლებსა და მასწავლებლებზე, მთავარი გმირი აქ თქვენი შვილია, რომელმაც მთელი წელი იშრომა და ნულიდან დაიწყო ბევრი რამ.
  • დედაჩემმა, დებილი ხარო... პირდაპირ ასე მითხრა. ყველა კმაყოფილი გამოვიდა შენ გარდაო, დებილი ხარ და მაგიტომ ვერ დაწერეო. არ ვიცი, შეიძლება ჩემს რეპეტიტორებში გადაყრილ ფულზე დარდობს, ან ნათესავებში და მეზობლებში სატრაბახო ქულების ვერაღებას (გადავუხდი ოდესმე მაგ ფულსაც)... შარშან რომ წერდნენ ბავშვები საკუთარ მშობლებზე, ხანდახან ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ხდებოდა, მაგრამ ყოველი თვის გადახდილი ფული და დახარჯული თეთრი ამომადინა დედაჩემმა ყელში. დებილი ხარო, ეგეც დააყოლა... ჰოდა არ ვიცი, ამ ჯგუფში ბევრი მშობელია და უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენც გვტკივა, ჩვენც განვიცდით და ჩვენც არ გვინდოდა "უკმაყოფილოები" გამოვსულიყავით საგამოცდო ცენტრებიდან. და თუ ისეთი მშობლებიც ხართ, რომლებიც ასე ექცევით შვილებს და სანერვიულოს ზემოდან უმატებთ, ვფიქრობ, მშობლები არ უნდა გერქვათ! არ იმსახურებთ შვილებს...
  • გრანტზე არ მყოფნის ქულები... ოჯახის წევრებთან ამის თქმაც ძაან მიჭირს, მგონია იმედები გავუცრუე.
  • ცუდად ვარ, გული მტკივა... იმედგაცრუებული ვარ, მრცხვენია ყველასი. მრცხვენია დედასი, რომელმაც ფული და შრომა დახარჯა ჩემში. რა ცუდია, როცა ნერვიულობა გჯობნის და მართლა ამდენი მეცადინეობა წყალში მეყრება... მიჭირს გავუსწორო თვალი ჩემს მშობლებს. მე ხომ არ მინდოდა იმედების გაცრუება, დეე...
  • ვკანკალებ, განადურებული ვარ...
  • როგორ ვუთხრა მშობლებს, რომ ჩავიჭერი? სახლში მისვლა არ მინდა...

იმედგაცრუებული აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციები საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" ფსიქოლოგს, ხათუნა ხაჟომიას ვთხოვეთ. ის გვიყვება, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეთ მშობლებს ასეთ დროს, რომ შვილებს მოტივაცია კიდევ უფრო მეტად არ დაუკარგონ და სამომავლო წარმატებისთვის მოამზადონ:

xatuna-xazhomia1-1722942323.jpg

- ჩვენთან ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ძალიან გავრცელებულია. თუმცა აბიტურიენტებზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. მათთვის გამოცდები არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებასთან, არამედ მშობლების, მასწავლებლების, ახლობლების იმედების გამართლებასთან ასოცირდება და როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ, ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ემოციურია. ფინანსურ შესაძლებლობებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში უამრავ აბიტურიენტს გამოცდებში ნორმალური შეფასების დასაფიქსირებლად რეპეტიტორების დახმარება სჭირდება. ეს კი სტრესის ფონს ზრდის როგორც მშობლებისთვის, ასევე თავად ახალგაზრდებისთვისაც.

ახალგაზრდებში, რომლებმაც ვერ მიიღეს ის შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ ან საერთოდ ვერ გადალახეს ზღვარი, მოზღვავებული ნეგატიური ემოცია ბუნებრივია. ეს შეიძლება, იმედგაცრუებით, გაღიზიანებით, შფოთვით გამოიხატოს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მსგავსი რეაქცია ძალიან ბუნებრივია და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. მიიღეთ ეს ემოცია, როგორც რეალობა და საკუთარ თავს მიეცით დრო, რომ მოვლენები გადააფასოთ. როდესაც ემოციებზე ისაუბრებთ, თქვენს განცდებს მეგობრებს, ოჯახის წევრებს გაუზიარებთ, ეს კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ, რომ ნეგატიურ სიტუაციას გაუმკლავდეთ.

შეგვიძლია, მსგავსი სიტუაცია სასიკეთოდ გამოვიყენოთ. იმედგაცრუებას შეხედეთ, როგორც გამოცდილებას. არაჩვეულებრივი გამოცდილება მიიღეთ, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ შემდეგ წელს ბევრად უფრო თავდაჯერებულები, მოტივირებულები იყოთ და ცოდნა უკეთ გამოავლინოთ. უპირატესობა გექნებათ იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც შემდეგ წელს გახდებიან აბიტურიენტები. ამიტომ, შეეცადეთ, სიტუაციას ამ კუთხით შეხედოთ. დასვით შეკითხვები - რატომ დადგა ეს შედეგი? სად იყო სუსტი მხარე? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

მშობლების, ახლობლების, მეზობლების მხრიდან წამოსული წნეხი შვილების ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. შესაძლოა, აბიტურიენტი ძალიან კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ სტრესის დონე იმდენად მაღალი იყოს, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ვერ გამოიყენოს. ამიტომაა, რომ გამოცდის შედეგზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას და ის მხოლოდ კონკრეტულ საგნებში ფაქტობრივ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. ასევე, საგამოცდო პროცესს, გამოცდის მიმდინარეობას თავისებური ღელვა ახლავს თან და ამ ემოციებს ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამ გამოწვევას შეხედავთ, როგორც გამოცდილებას, წნეხისგან იზოლირებასაც შედარებით მარტივად შეძლებთ. გარკვეული გეგმა უნდა შექმნათ. საკუთარი უნარები, სურვილები, შესაძლებლობები კარგად შეაფასეთ. დაფიქრდით, რა უნდა გააუმჯობესოთ, რა უნდა შეცვალოთ, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ. კიდევ ერთი წელი გექნებათ, რომ ბევრად უფრო გააზრებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

აქცენტი გააკეთეთ პოზიტიურ ამბებსა და ძლიერ მხარეებზე. შესაძლოა, ის, რასაც ახლა წარუმატებლობად აღიქვამთ, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყოს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, რეალურად გინდოდათ თუ არა იმ პროფესიის არჩევა, რასაც გეგმავდით. მთელი წელი გაქვთ, რომ ის, რასაც ახლა წარუმატებლობად და ტრაგედიად თვლით, საკუთარ სიძლიერედ გარდაქმნათ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

"ეს მშობლებისთვისაც სტრესია"

- მშობლებს თავიანთი შვილებისათვის საუკეთესო უნდათ. უფროსები, როგორც წესი, ბევრს მუშაობენ, ცდილობენ, რომ შვილებს კარგი მომავალი შეუქმნან, მოამზადონ. ხოლო, როცა იმ შედეგს ვერ იღებენ, რისი მოლოდინიც ჰქონდათ, ძალიან ნერვიულობენ. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში სხვა ადამიანების, მეზობლების, ახლობლების აზრი, შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცოტა ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანები ვართ. იმ მშობლებისათვის, რომელთა შვილებმა მაღალი შედეგები ვერ აჩვენეს ან ბარიერი ვერ გადალახეს, ძალიან დიდი სტრესია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებისთვის ერთი მკაფიო რეკომენდაცია მექნება - რაც არ უნდა მოხდეს, შვილებთან ურთიერთობაში ოქროს შუალედი შეინარჩუნეთ. შეიძლება, გეწყინათ მათი შედეგები, იმედგაცრუებულები ხართ, თქვენი მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ თქვენი რეაქცია უნდა იყოს ისეთი, რომ ნდობა შეინარჩუნოთ. ყოველთვის თქვენი შვილების მხარდამჭერები იყავით. შეიძლება, იზარმაცეს, მაგრამ შენიშვნა ისე უნდა გამოხატოთ, რომ მათი პასუხისმგებლობის გრძნობა გააქტიურდეს და შემდეგ წელს გამოცდების საუკეთესოდ ჩაბარება უფრო მეტი მონდომებით შეძლონ.

განსჯის გარეშე მოუსმინეთ. "შემარცხვინე", "უსაქმურო", "ეს როგორ გააკეთე?!" - მსგავსი რეპლიკები არასოდეს გამოვიყენოთ. შესაძლოა, ბავშვებმა იარლიყები მიიწებონ და თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მეტად დაკარგონ.

ჩვენ, მშობლებს, ძალიან დიდი ძალა გვაქვს, რომ ასეთ დროს შვილები წავახალისოთ, მოტივაცია დავუბრუნოთ და მივცეთ ბიძგი, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. იძულებითა და ლანძღვით შედეგს ვერ მივიღებთ. თანამშრომლობითა და წახალისებით ეს შესაძლებელია, უფრო ადვილად მოხერხდეს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მაგრამ, მშობლებსაც ვეტყოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ამბავი, როგორც ერთ-ერთი არასასიამოვნო შემთხვევა გაგახსენდებათ და თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ, სამომავლო წარმატებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. სტუდენტების ჯგუფში არავინ ინტერესდება, ვინ მერამდენე მცდელობაზე და რა ქულებით აბარებს. ახალ ეტაპს ნულიდან იწყებენ.

მთავარია, შვილი იყოს კარგად და ცხოვრების ხალისი საერთოდ არ დავუკარგოთ. ჩვენი ვალია, რომ მათი მხარდამჭერები ვიყოთ იმიტომ, რომ შვილთან კარგ ურთიერთობაზე ძვირფასი არაფერია.