შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლეს:
ერეკლე ძინძიბაძემ პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა დაამთავრა და მათემატიკაში მაქსიმალური შეფასება - 51 ქულა მიიღო. ერეკლეს უმაღლესი ქულა აქვს ინგლისურშიც - 69/70. ის სწავლის გაგრძელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით აპირებს, იქამდე კი მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- პირველ რიგში, საკუთარ თავს ვენდობოდი. წინასწარ მქონდა გეგმა, როგორ უნდა გამეკეთებინა მთელი ტესტი, რომ დროის ფაქტორიც გამეთვალისწინებინა და პასუხების ფურცელზე სწორადაც გადამეტანა. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა მთავარია. არ უნდა დაგეზაროს. ასეთ შემთხვევაში, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ჩემს მასწავლებლებს - ლალი აბულაძესა და თამარ თოდაძეს დიდ მადლობას ვუხდი. მათი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგი მივიღე. ოჯახსა და მეგობრებს ჩემი წარმატების სჯეროდათ. ამან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და თავდაჯერებულობის გაზრდაში დამეხმარა.
მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, მხოლოდ ერთ დავალებაზე არ დაახარჯონ მთელი ენერგია. ყოველთვისაა შესაძლებლობა, რომ ის, რასაც ვერ ვაკეთებთ, ბოლოსთვის შემოვიტოვოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ.
მონდომება და რწმენა მთავარია. კომაროვში ჩაბარება მინდოდა, შედეგით იმედგაცრუებული დავრჩი. მაგრამ, ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მივიღე. ამიტომ, გჯეროდეთ თქვენი თავის, შეუძლებელი არაფერია.
კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი ლუკა ალადაშვილია. მან ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50 მიიღო. ქართულ ენასა და ინგლისურში კი მაქსიმალური შეფასებები აქვს. ლუკა გვიყვება, რა დაეხმარა, რომ მათემატიკაში უმაღლესი ქულა მიეღო:
- ეს ქულა ძალიან დიდი შრომის შედეგია. ყველაზე მეტ დროს სწორედ მათემატიკას ვუთმობდი. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ამ საგანში მაღალი შეფასება მიიღო, საკითხების სრულყოფილად გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი რაიმეს დავიზეპირებთ, სხვა კუთხით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემასა და ანალიზს ვერ შევძლებთ. ამიტომ, ყველაზე მთავარი, მათემატიკაში თემების გააზრებულად სწავლაა. სხვაგვარად, მხოლოდ დაზეპირებული ფორმულებითა და მონაცემებით დიდი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.
დამატებით რეპეტიტორთან არ დავდიოდი, სკოლის ფარგლებში, წლების განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო.
როგორც აღვნიშნე, მათემატიკაში ყველა საკითხის სრულყოფილად გააზრება აუცილებელია. თუ ერთხელ გაიგე, მერე ყველაფერი ძალიან გამარტივდება. გარკვეული თემების გამოტოვება ან არასრულყოფილად შესწავლა თავს აუცილებლად გამოიჩენს. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ ყველა თემა ბოლომდე ამოვწუროთ. წელს, ჩემი აზრით, მათემატიკის ტესტში ერთქულიანი დავალებები უფრო გართულებული იყო, მაგრამ მაღალქულიანმა სავარჯიშოებმა დააბალანსა.
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ მასწავლებელთან ერთად გაწეულმა შრომამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ბევრი იშრომონ, პერიოდულად, დრო განტვირთვასაც დაუთმონ და საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდეთ.
გიორგი ზაბახიძემ კომაროვის სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური, 51 ქულა მიიღო. მაქსიმალური შეფასება აქვს ქართულშიც. ის სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს და მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- მადლობა, კომაროვის სკოლას, მასწავლებლებს თანადგომისა და მეგობრებისთვის, რომელთაგან კიდევ უფრო მეტი რამ ვისწავლე. ეს განსაკუთრებით მეხმარებოდა, რომ მოტივაცია შემენარჩუნებინა და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. მათი გამოცდილება და მონდომება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებული წვლილისთვის, უდიდესი მადლობა ჩემი სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ლუნა გუგეშაშვილს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ლია აბაშიძეს. აქვე აღვნიშნავ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის ჩემს მასწავლებელს, მანანა ჟამერაშვილსაც დიდ მადლობას გადავუხდი.
მათემატიკაში სისტემატურ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, უმაღლესი შედეგი სწორედ შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას მოსდევს.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ იშრომონ, იმეცადინონ და ყველაფერი კარგად იქნება. მათემატიკაში უმაღლესი შედეგისთვის დეტალებზე დაკვირვება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მასალა კარგად იცი, ამის შემდეგ დეტალებზე დაკვირვებას განსაკუთრებული როლი აქვს. რაც უფრო მეტს იმეცადინებთ, მით მეტი გამოცდილება დაგიგროვდებათ. თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, იშრომოთ.
შეგახსენებთ, რომ მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. მინიმალური გამსვლელი ქულა - 10.2-ზე მეტი.
თამარ იაკობაშვილი