17 წლის გიორგი ზარქუამ, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ჯერ კიდევ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მაშინ ყვებოდა, რომ ყველას აინტერესებდა, როგორ წერდა გამოცდებს.
"ფეხის საშუალებით კლავიატურაზე ვბეჭდავდი, ჩვეულებრივად. ქართულში სამი საათი გვქონდა, მაგრამ მე გაორმაგებული მქონდა, საათი და 32 წუთი გამოვიყენე. ვიყავი ორ დამკვირვებლებთან და ყველას აინტერესებდათ, როგორ წერს ეს ბავშვი გამოცდასო... 2006 წელს დავიბადე ხელების გარეშე. ამას ერთი წუთითაც არ შეუშლია ხელი ჩემთვის. პირიქით გამოწვევა გამოწვევაზე მოდიოდა და საინტერესო გახდა ჩემ ცხოვრება. ვერ წარმომიდგენია რომ ხელებით ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა", - ყვებოდა გიორგი
ინტერვიუში.
ახლა კი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ქართულის მაღალი შედეგი და მადლობა გადაუხადა პედაგოგს, რომელთანაც ბოლო ორი წელი ემზადებოდა.
"ერთიანი, დაუღალავი (სიზარმაცით გატენილი, რა თქმა უნდა) შრომით მიღწეული შედეგი. წინ კიდევ ბევრი მწვერვალი გვაქვს!
მადლობა, მას, ჩემი გაძლებისთვის!" - წერს გიორგი, რომელმაც ყველა საგანში საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო. ის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებს.