თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყარულებს გამომცემლობა „პალიტრა L”-სგან სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ახალგაზრდა ავტორის, ნათია ჯაგოდნიშვილის ბესტსელერი წიგნი - „გადამწვარი ხიდები“, ახალი, ლიმიტირებული სახით გამოიცემა და მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ, palitra.ge-ს საიტზე იქნება შესაძლებელი.
წიგნი განსხვავებული არა მარტო ახალი დიზაინის გამოა, არამედ იმ პატარა მოულოდნელობით, რომელიც წიგნში დაგხვდებათ. მხოლოდ ლიმიტირებულ ვერსიაშია ბონუსეპიზოდი, სადაც მკითხველი გაიგებს იმ პერსონაჟის მკვლელობის ამბავს, რომელსაც თავად წიგნში მხოლოდ გაკვრით ეცნობა და სრულიად განსხვავებული რაკურსით დაინახავს საკვანძო მოვლენების განვითარებას.
ამ მხრივ, წიგნის ლიმიტირებული გამოცემა საინტერესოა მათთვისაც, ვისაც უკვე წაკითხული აქვს „გადამწვარი ხიდები“.
„გადამწვარი ხიდები“ გამოსვლიდან ძალიან მალე გახდა ბესტსელერი. მისი ავტორი „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ნათია ჯაგოდნიშვილია. რომლის ავტორობით გამომცემლობამ უკვე სამი წიგნი გამოსცა („ცდუნება“, „შეცდომა“ და „გადამწვარი ხიდები“).
ნათია ჯაგოდნიშვილის მკითხველს ასევე შესაძლებლობა მიეცემა ონლაინ შეიძინოს აქსესუარები წიგნის თემატიკით: დაპრინტული ჩანთა და ჭიქა, რომელზეც გაცხელებისას ილუსტრაცია გამოჩნდება.
"გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
R