კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს ონლაინ-კონტენტის შემქმნელთა დიდ არმიას. ჩინელი ფუდბლოგერი პიან სიაოტინი, მუკბანგის 24 წლის ვარსკვლავი, პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა. ტრაგედიის მიზეზი გახდა ზედმეტი საკვები და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რამდენად საშიშია მსგავსი ექსპერიმენტები, რომლებსაც პოპულარობისა და ფულისთვის მიმართავენ.
ვიდეობლოგების ჟანრი მუკბანგი სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბდა 2010 წელს და ძალიან მალე გახდა პოპულარული. ეს არის ტრანსლაცია, რომლის დროსაც მონაწილე საკვების უზარმაზარ პორციებს ნთქავს, ხშირად - სრულიად გაუგონარი ზომისას, და პარალელურად აუდიტორიას ესაუბრება.
მილიონობით ხელმომწერი, კომენტარი - ზოგი ირწმუნება, რომ ეს არ არის სასიამოვნო სანახაობა, თუმცა მაინც უყურებს, სხვები კი თვალს არ აშორებენ ბლოგერებს და საკმაო აზარტითაც ელოდებიან, როდის დაასრულებს მორიგი პორციის მირთმევას.
სიაოტინი, მეტსახელად პანი, ნამდვილი მუკბანგ ვარსკვლავი იყო, რომელიც ყველაფერს "ნთქავდა", რაც გზად შეხვდებოდა. გოგონამ ბლოგერის კარიერა შემთხვევით დაიწყო, როცა ერთმა მეგობარმა უამბო მუკბანგზე და აქედან მიღებულ შემოსავლებზე და გააცნობიერა, რომ ფულის შოვნა შეეძლო ამით. მის სტრიმებს ათასობით ადამიანი უყურებდა, რომლებიც მზად იყვნენ საათობით ედევნებინათ თვალი, როგორ აორთქლებდა გოგონა კილოგრამობით საკვებს.
პოპულარობა იზრდებოდა საკვები პორციების ზრდასთან ერთად. მისი "გამოსვლები" საათობით გრძელდებოდა და პოპულარობის პიკზე მას შეეძლო, ერთ ჯერზე 10 კგ-ზე მეტი საკვები მიეღო. თაყვანისმცემლები არ აკლებდნენ საჩუქრებს და ქათინაურებს "გმირობისთვის". თუმცა სინამდვილეში ბლოგერი თვითგანადგურების გზას ადგა.
მიუხედავად იმისა, რომ 120 კგ-ს მიაღწია, აგრძელებდა ყოველდღიურად ეთერში გასვლას და უგულებელყოფდა ახლობლებისა და მეგობრების გაფრთხილებებს. ბევრი მაყურებელიც ეუბნებოდა, რომ ცუდი შედეგი დადგებოდა, თუ ასე გააგრძელებდა, მაგრამ მას რიტმი არ დაუგდია.
გარდამტეხი აღმოჩნდა მორიგი ნადიმი, როცა მან თავი ცუდად იგრძნო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კუჭნაწლავის სერიოზული პრობლემებით გადაიყვანეს კლინიკაში, საყვარელ საქმეზე უარი არ თქვა. ის უბრალოდ შეპყრობილი იყო ამ ამბით და არავისი არ ესმოდა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მეორე დღესვე წამოიწყო ახალი ლაივი და შეუდგა იმავე ტემპში.
14 ივლისს პანმა კვების შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ბრძოლა პორციებით აზარტულად მიმდინრეობდა, მაგრამ ორგანიზმმა საბოლოოდ უმტყუნა. პირდაპირ ეთერშივე გახდა ცუდად და მალევე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ზედმეტი საკვების მიღება იყო...
სხვათა შორის, ჩინეთში მსგავსი კონტენტი სამი წლის წინ აკრძალეს, მაგრამ როგორც ჩანს, სიაოტინის მსგავსი ადამიანები მაინც პოულობენ ხვრელებს კანონმდებლობაში და შოუ გრძელდება.