სიახლე არ არის, რომ თამბაქო დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. კონკრეტულად რა დაავადებებს იწვევს მწეველის ორგანიზმში თამბაქოს აქტიური მოხმარება, რამდენი ადამიანი იღუპება სასუნთქი სისტემის დაავადებებით მსოფლიოში, რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ე.წ. აიქოსი და არის თუ არა ის ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლების ალტერნატივა?
რაშია ზოგადად ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ამ თემაზე გვესაუბრება ფთიზიატრი, პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე.
- სასუნთქი სისტემის დაავადებები მსოფლიოში ლიდერ პოზიციას იკავებს. სიკვდილიანობის კუთხით პირველ ათეულშია ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ფილტვის კიბო, ტუბერკულოზი, პნევმონია, ბრონქო ექტაზიური დაავადება, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი, ფქოდი (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ხოლო ამ ჩამონათვალში მესამე ადგილზეა ფქოდი და სტატისტიკურად 3-დან 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა და მუდმივად მზარდი. ამას თუ დავუმატებთ ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობას, მილიონ ნახევრიდან 2 მილიონ-ნახევრამდე პნევმონიას, ფილტვის კიბოს და ფილტვების იდეოპათიურ ფიბროზს, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც ფილტვის კიბოს დროს, 1-დან 5 წელს არ აღემატება, საკმაოდ მძიმე სურათი იქმნება. კონკრეტულად ტუბერკულოზით სიკვდილიანობა, ინფექციურ დაავადებებს შორის, პირველ ადგილზეა, ხოლო არაინფექციურ და ინფექციურ დაავადებებს შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მე-6-მე-7 ადგილი უკავია. ჯამში კი მსოფლიო მოსახლეობას ეს დაავადებები დღეს მძიმე ტვირთად აწევს.
- ამ ყველაფერს არაერთი მიზეზი აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ მათი მაპროვოცირებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - თამბაქოს მოხმარებაა...
- დიახ. მსოფლიოში ყოველი მერვე-მეათე მოქალაქე მწეველია. სამწუხაროდ ამ კუთხით საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. სასუნთქი სისტემის დაავადებების სიკვდილიანობა მსოფლიოში ტოტალურად 6-დან 8%-მდეა. მერე მნიშვნელოვანია, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში უზარმაზარი ფინანსები იხარჯება - აშშ-სა და ევროპაში დაახლოებით 30-32 მილიარდ დოლარამდე. თუმცა შედეგი ნაკლებ კეთილსაიმედოა. გაწეული თანხების დაახლოებით 50-56% ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზეა. პაციენტები ძალიან მძიმე მიმდინარეობით - სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით იღუპებიან. დაავადების ერთ-ერთი მიზეზი მწეველებში ფილტვების ობსტრუქციული დაავადებაა. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 80% მწეველია. თამბაქო უშუალოდ სასუნთქ გზებში ხვდება და აანაგურებს მთელ სისტემას.
- თამბაქოს მწეველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ზიანს აყენებენ თავის ორგანიზმს და არა სხვებს...
- რეალურად კი ასეა - მოწეული თამბაქოს მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებები 25% ქრება, 25% ორგანიზმში რჩება და 50% გარეთ გამოიყოფა. მწველი ზიანს აყენებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებს. ესენი არიან ოჯახის წევრები, თანამშრომლები, რომლებიც პასიური მწველები ხდებიან. პასიურ მწეველად ის პიროვნება ითვლება, რომელიც არ ეწევა, მაგრამ მეორადი ბოლით ზიანდება. განაგრძეთ კითხვა