მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ, ცოტა ხნის წინ ამაღელვებელი სოციალური რეკლამაც კი გადაიღეს (იხილეთ ვიდეო), მშობლებს მაინც ავიწყდებათ ელემენტარული ყურადღების გამოჩენა და პატარა ბავშვებს მარტოკებს ტოვებენ მანქანაში, რომელსაც ყველა ფანჯარა დახურული აქვს - მანქანის "უსაფრთხოებისთვის".
ამერიკაში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და რამდენიმე პატარა ემსხვერპლა მშობლების დაუდევრობას. ყოველკვირეულად მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი შემთხვევები და სხვადასხვა ქვეყნის მედიაში ჩნდება ინფორმაციები, რო მაგალითად, მშობელმა ბავშვი დატოვა მანქანაში მთელი შვიდი საათით, მზის ქვეშ და პატარა მზის დარტყმით და უჰაერობით გარდაიცვალა; 15 თვის პატარა მთელი დღე "მიავიწყდათ" ავტოსადგომზე, ჩაკეტილ ავტომანქანაში. პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ბავშვი მარტო იყო მანქანაში დიდხანს. სავარაუდოდ, რომელიღაც გამვლელმა შენიშნა. ვერავინ გაბედა მანქანის შუშის შემტვრევა – იქნებ ეშველათ პატარისთვის...
ბოლო წლებში ჰიპერთერმიის შედეგად მანქანებში გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი სავალალოდ იზრდება. მხოლოდ ამერიკაში ამ მიზეზით წელიწადში დაახლოებით 38 ბავშვი კვდება.
მორიგი შემთხვევა სულ ახლახან გერმანიის ქალაქ ჰაგენში მოხდა. 33 წლის კაცმა სამი წლის ბავშვი სიცხეში, გახურებულ მანქანაში დატოვა, თავად კი მეძავთან გასართობად წავიდა. მხოლოდ ყურადღებიანი გამვლელის წყალობით გადარჩა პატარა და მხოლოდ მსუბუქი გაუწყლოების ნიშნები ჰქონდა. გამვლელმა შენიშნა, რომ ბავშვი უკანა სავარძელზე იჯდა და ოფლში ცურავდა. მაშინვე გამოიძახა პოლიცია. ფანჯრები ერთ სანტიმეტრზე იყო ღია, რის გამოც მინიმალური რაოდენობის ჰაერი შედიოდა შიგნით და ვენტილაციის სხვა წყაროც არ არსებობდა. პოლიციის მისვლამდე, გამვლელის მითითებებით ბავშვმა მოახერხა კარის შიგნიდან გაღება და მაშინვე მიაწოდეს წყალი. თუმცა მას მაღალი ტემპერტურა ჰქონდა და გაუწყლოების პირველადი ნიშნები, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
მამა მანქანასთან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ მეგობართან იყო და ფიქრობდა, რომ ბავშვს ეძინა.
მომხდარის შესახებ ბავშვის დედას აცნობეს და ის მაშინვე კლინიკაში გამოჩნდა. გაიოცა ქმრის საქციელი და აღნიშნა, რომ მისგან ამას არ ელოდა. პოლიციამ საქმე აღძრა გულგრილობისა და გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მუხლით, ასევე აუწყა დეტლები სოციალურ სამსახურს.
კიდევ ერთხელ მოუწოდეს მშობლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ იმ ადამიანების მიმართ, რომელნიც ყველაზე უსუსურები არიან, მათ არიან მინდობილი და გაუფრთხილდნენ მათ სიცოცხლეს.