"თუ აბიტურიენტს პირველ ადგილას აქვს პროგრამა მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?" - პასუხები აბიტუიენტების შეკითხვებზე - მშობლები

"თუ აბიტურიენტს პირველ ადგილას აქვს პროგრამა მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?" - პასუხები აბიტუიენტების შეკითხვებზე

2024-08-23 14:17:09+04:00

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება) 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში აბიტურიენტები ვეღარაფერს შეცვლიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:

- ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს - თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?

იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას, ვთქვათ, მესამე ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.

- რას გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის ცვლილება?

პროგრამების ცვლილება გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში.

- რამდენი პროგრამის არჩევა შეუძლიათ აბიტურიენტებს?

აბიტურიენტები საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი - გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე.

მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობის გათვალისწინებაც, ასევე - კონკრეტული პროგრამის სწავლის საფასური და სწავლების ენა. ყურადღებამისაქცევია აგრეთვე, თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

- იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა ჩააბარა, მაგალითად, მათემატიკაც და ისტორიაც და ერთ-ერთ საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რა პრინციპით უნდა აირჩიოს მან საგანმანათლებლო პროგრამები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა კარგად უნდა გადაამოწმოს არჩევანი და ჩამონათვალში დატოვოს მხოლოდ ის პროგრამები, სადაც იმ საგნით ჩაირიცხება, რომელშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქვს გადალახული.