ახლახან, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. უმაღლესი ქულების მქონე მოზარდებს შორის გახლავთ წარმატებული პარასპორტსმენი, 17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე (ზედა კიდურების აგინეზია) დაიბადა. თავად გიორგი გამოცდებზე საკუთარი თავისგან კიდევ უფრო მეტს ელოდა... რა გზა გაიარა აბიტურიენტმა, რომ გამოცდების ასე კარგად ჩაბარება მოეხერხებინა, რომელი პროფესია აირჩია და რა გეგმები აქვს? - ამის შესახებ თავად გვესაუბრა...
- საერთოდ, ქართულის გარდა, ყველა საგანში ისეთ ქულებს ველოდი, როგორიც მივიღე, ინგლისურში - ოდნავ მეტსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 67 ავიღე, რაც საკმაოდ მაღალი ქულაა. უბრალოდ მინდოდა, 70-დან 70 ამეღო. ამაზე გული დამწყდა. ისტორიაში ხომ საერთოდ, გული დამწყდა!.. საკუთარი შეფასებით, კატასტროფულად დაბალი ქულა ავიღე, თორემ ისე, დაბალი არაა. მაქსიმალისტი ვარ. ჩემთვის 2-3 ქულაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს - ინგლისურში, თორემ ქართულ ენაში საკუთარ თავთან ფურორი, გადატრიალება მოვახდინე. აღმოჩნდა, რომ შემძლებია და ძალიან მიხარია!
- პირველ რიგში, ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. ამბიციურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ფაქტია, მაღალ დონეზე ვფლობ. როცა ბრიტანეთში, ჩემპიონატზე ვიყავი, ფაქტობრივად, ჩემი საუბარი იქ უფრო მეტად დაიხვეწა. ინგლისურში ბავშვობიდან ვემზადები. ენების შესწავლის მიმართ მიდრეკილება მაქვს. უბრალოდ, სიზარმაცე მახასიათებს... ქართულ ენას რაც შეეხება, მეც გული მწყდება, რომ ბავშვები ქართულში უფრო დაბალ ქულას იღებენ, ვიდრე ინგლისურში, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ამას მარტივი მიზეზი აქვს, რაც ქართველობის დავიწყებას არ უკავშირდება. მიზეზი ეროვნულ გამოცდებზე ესსეს შეფასების კრიტერიუმია. ქართულსა და ინგლისურში ესსე სხვადასხვანაირად ფასდება, ქულათა სკალა სხვადასხვანაირია: თუკი ქართულში 60 მაქსიმალური ქულაა და აქედან 34 - ესსესია, რომელიც იმდენი კრიტერიუმით ფასდება, რომ ფაქტობრივად, ჩამოთვლა შეუძლებელია (გრამატიკა, აზროვნება, ერუდიცია... სინტაქსი, პუნქტუაცია ცალკე "იზომება", თითოეული მაგალითი ცალ-ცალკე ფასდება...), ინგლისურში ესსედან მაქსიმალური ქულა 16-ია, საიდანაც 8 - აზრობრივ ნაწილში "მიდის", 8 კი - ტექნიკურში, თუ როგორ იცი გრამატიკა... ამბობენ ხოლმე, ბავშვებმა ქართული საერთოდ არ იციანო. ქართული ენა კარგად ვიცი. ჩემი მასწავლებელი, რომელიც წლებია, საგამოცდო ნამუშევრების გამსწორებლად მუშაობს, მეუბნება, რომ ასეთი კარგი ესსეები, რაც წელს ნახა, დიდი ხანია, არ შეუფასებია. გული მწყდება, როცა ამბობენ, ბავშვები ქართველობას ივიწყებენო. რეალურად, ჩვენ უფრო ვაფასებთ ქართველობას, ვიდრე ნებისმიერი მათგანი, ვინც ამას ამბობს.
- ჟურნალისტიკა და მაქსიმუმ, პოლიტიკის მეცნიერება, ასევე - ბოლოსკენ პიარი და მსგავსი ფაკულტეტები მიწერია... მომწონდა ბიზნესის ადმინისტრირება, პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი, ასევე - მათემატიკაც, მაგრამ ბავშვობიდნავე გავიაზრე, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათემატიკაში გამოცდის ჩაბარება ძალიან გამიჭირდებოდა... საბოლოო ჯამში, ჟურნალისტიკაზე შევჯერდი, თუმცა საკუთარ თავს მხოლოდ ერთ პროფესიაში ვერ ვხედავ. აქტიური ადამიანი ვარ, გეგმები მაქვს... ჟურნალისტიკასთან ერთად, პიარიც მაინტერესებს, ციფრული მარკეტინგის კურსიც აუცილებლად უნდა გავიარო, სოციალური მედიის მენეჯერობაც შემიძლია... ბევრი რამისკენ მიმიწევს გული.
- გამოცდაზე სტენდი ავაწყვეთ, რომელიც თავად მივიტანე, რადგან ისეთი ზომისას ვერავინ ამიწყობდა, როგორიც მჭირდებოდა. ამისთვის სახლში რაღაც მაგიდა გადავხერხე. გამოცდაზე ჩემი კლავიატურა, მაუსი მივიტანე... სხვანაირი, საოფისე სკამი მოვითხოვე... ქართულის გამოცდაზე გაორმაგებული დრო მქონდა: თუკი სტანდარტულად 3 საათი იყო განკუთვნილი, მე 6 საათი მომცეს, მაგრამ 3 საათსა და 32 წუთში გამოვედი, რადგან მუშაობა დავამთავრე. სხვათა შორის, სხვები გამოცდიდან ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსულები... ინგლისურის გამოცდისთვის 2 საათ-ნახევარი იყო განსაზღვრული, მე 5 საათი მომცეს, თუმცა საათსა და 29 წუთში გამოვედი - იოლი იყო... ისტორიაში მეც ჩვეულებრივი დრო გამოვიყენე და ზუსტად 2 საათ-ნახევარში გამოვედი - რაც ვიცოდი, დავწერე, რაც არ ვიცოდი, ვერ დავწერდი, ზედმეტი ნერვიულობა კი არაფერში მჭირდებოდა.
- ბავშვობიდან მოყოლებული, სკოლა მაგრად არ მაინტერესებდა. ერთადერთი, ისტორია მიყვარდა და სპორტი, იდეალური ქულები მქონდა - ჩათვლა არ გამომიტოვებია... სკოლაში, ქართულის დავალებების შესრულებას ვცდილობდი, რადგან იმედი მქონდა, უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. როცა გავიზარდე, მივხვდი, შეუძლებელი არაფერია, თუ ადამიანი მოინდომებს. უბრალოდ, პანდემიის გამო, მერვე კლასიდან სწავლა სულ დავივიწყე - პანდემიაა, სწავლა აღარ მინდა-მეთქი. მერე, როცა სიტუაცია შემსუბუქდა, დედამ მითხრა, - წადი, ქართული ისწავლე. შეიძლება, უნივერსიტეტში ჩაგაბარებინოო. წავედი რეპეტიტორთან... მერე უკვე ქართულზეც დავდიოდი, ინგლისურზეც და ისტორიაზეც... განაგრძეთ კითხვა