სასკოლო პროგრამაში ცომის მოზელა, ნაყინის ჭამა და მცენარეების დარგვა დაემატებათ - ეს ყველაფერი მეცნიერებმა ფიზიკისა და ქიმიის "შესაყვარებლად" მოიფიქრეს, რადგან მათი სწავლა ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ
ბრიტანეთში გადაწყვიტეს, რომ ბავშვებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უმარტივესი და ყოველდღიური, ცხოვრებისეული მაგალითებით ასწავლონ.
ფიზიკის ინსტიტუტის, ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების, განათლების ასოციაციის და ინგლისის სამეფო ქიმიის საზოგადოების მეცნიერებმა სახელმწიფოს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შესთავაზეს, წერს The Guardian.
კერძოდ, შემოთავაზებულია ბავშვებს გაკვეთილად ნაყინის ჭამა ჰქონდეთ - ამ გემრიელობის გამოყენებით ბავშვებს აუხსნიან, თუ როგორ მუშაობს გათბობისა და გაგრილების პროცესები.
„რა უკეთესია მასწავლებლისთვის, რომ ახსნას გათბობისა და გაგრილების ცნებები, თუ ეს საქმის დიდი ნაწილი ნაყინმა შეასრულოს? ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელს უწყობს შეგნებულ სწავლებას. ამიტომ გვჯერა, რომ ისინი სასწავლო გეგმის ნაწილი უნდა იყოს“, - თქვა აილინ ოზქანმა, განათლების პოლიტიკის ოფიცერმა სამეფო ქიმიის საზოგადოებაში.
დაწყებითი განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე დაემატება კლასები, სადაც ბავშვები ისწავლიან ცომის მოზელას, ბოსტნეულის დარგვას და ჩრდილებით თამაშს.
მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ საბუნებისმეტყველო საგნები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სულ უფრო და უფრო ნაკლებ პოპულარულია მოსწავლეებში, რადგან ისინი უმეტეს დროს ლიტერატურასა და მათემატიკას უთმობენ.