ჩვეულებრივ რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობა? საშუალოდ, პირველი 8-12 საათში სრულდება, მეორე მშობიარობა - 6-10 საათში. თუ ბავშვი 6 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში დაიბადა, ეს სწრაფ მშობიარობად ითვლება. ხოლო თუ მაქსიმალურ დროზე ვსაუბრობთ, ბავშვი შეიძლება კუმშვების დაწყებიდან 14 საათის შემდეგაც დაიბადოს, მაგრამ არც ერთი მშობიარობა არ გაგრძელებულა 75 დღის განმავლობაში! დიახ, სწორედ ამდენ ხანს მშობიარობდა პოლონელი იოანა კრშიშტონეკი.
2013 წლის დასაწყისში პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მცხოვრებმა იოანამ გაიგო, რომ ორსულად იყო. ქალი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა დედობაზე, ამიტომ ამბავმა, რომ სამ ტყუპს ელოდა, ძალიან გაახარა. პოლონელი ქალი ექიმების ყველა რეკომენდაციას ასრულებდა და მშვიდად ელოდა შვილების დაბადებას, მაგრამ ორსულობის 22-ე კვირაზე მდგომარეობა შეიცვალა. იოანას ხანგრძლივი ტოქსიკოზის შემდეგ გართულებები და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ჭინთვების შეგრძნებით ქალი საავადმყოფოში წავიდა. სამწუხაროდ, ერთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ნაადრევად დაიბადა და თანამედროვე მედიცინაც კი უძლური გახდა.
ექიმებმა დარჩენილი ორი ბავშვის გადასარჩენად დაიწყეს ბრძოლა. ამისათვის შეიმუშავეს ძალიან რთული სქემა, რომელიც, როგორც დრომ აჩვენა, ეფექტური იყო. ორსულობის გახანგრძლივება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. წოლითი რეჟიმის, მედიკამენტების და სხვა ღონისძიებების დახმარებით ექიმებს შეუძლიათ ნაადრევი მშობიარობა შეაჩერონ და დაელოდონ დროს, სანამ ბავშვის დაბადება უსაფრთხო არ იქნება. მაგრამ იოანას შემთხვევა უნიკალური იყო იმით, რომ ერთი ბავშვი გაჩნდა და მხოლოდ დანარჩენი ორის დაბადება გადაიდო. ამიტომ მისი მშობიარობა იწყება იმ დღიდან, როდესაც საშვილოსნოდან პირველი ბავშვი დაიძრა. პროცესი 75 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ქალი ორ თვეზე მეტ ხანს დღე და ღამე იწვა სპეციალურ მოწყობილობაზე 30 გრადუსიანი კუთხით. იოანასთვის უკიდურესად არასასიამოვნო იყო მუდმივად ერთ პოზაში ყოფნა, როცა ფეხები თავზე მაღლა ჰქონდა, მაგრამ ბავშვების გადასარჩენად მზად იყო ყოველგვარი მსხვერპლი გაეღო.
პირველი შვილის ნაადრევად დაბადების შემდეგ ექიმებმა იოანას სპეციალური მედიკამენტები დაუნიშნეს, რამაც მშობიარობის პროცესი შეანელა. 10 კვირის განმავლობაში პრაქტიკულად თავდაყირა პოზიციაში წოლამ მშობიარობისთვის არახელსაყრელი პირობები შექმნა. ჭიპლარი საშვილოსნოში შეაბრუნეს, მაგრამ გასაკვირი ფაქტია, რომ მშობიარობა კი არ შეჩერდა, არამედ შენელდა.
75 დღის შემდეგ, როდესაც ბავშვები საკმარისად მოძლიერდნენ, ექიმებმა გადაწყვიტეს, კვლავ გამოიწვიეს ჭინთვები. ასე დაიბადა ტყუპი და-ძმა იგა და იგნასი.
მოგვიანებით იოანამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ ის ზრი ამხნევებდა, რომ ორი შვილის დაბადება მასზე იყო დამოკიდებული. ”შთაგონებული ვიყავი იმით, რომ ჩემი შვილების სიცოცხლის გადარჩენის შანსი მომეცა”, - თქვა ქალმა.
მოგვიანებით მარიუშ ზიმერმა, იმ კლინიკის მთავარმა ექიმმა, სადაც იოანამ იმშობიარა, უფრო დეტალურად განმარტა, თუ რა გადაიტანა მშობიარე ქალმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როდესაც ქალმა 22 კვირაში მშობიარობა დაიწყო, ექიმებმა პროცესის შეჩერება ვერ შეძლეს. ამიტომ, მთავარი მიზანი ჭინთვების შეჩერება, მათი განახლების თავიდან აცილება გახდა.
ამ მიზნით ექიმებმა ქალს მშობიარობის შესაჩერებელი წამლები მისცეს. შემდეგ მათ ქალი მოათავსეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც სხეულისთვის უბრალოდ არახელსაყრელი იყო სამშობიაროდ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვები ჭიპლარის მეშვეობით იკვებებოდნენ და იზრდებოდნენ.
„მითხრეს, რომ ჩემი მშობიარობა მსოფლიო რეკორდი იყო. გაოგნებული ვარ მომხდარით, მაგრამ ერთადერთი, რაც მინდა, მადლობა გადავუხადო ამ საავადმყოფოს პერსონალს მათი სიბრძნისა და დახმარებისთვის. მათ გარეშე ამას ვერ გავუძლებდი“, - თქვა იოანამ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.
სამწუხაროდ, უცნობია, როგორ არიან ახლა იოანა კრშიშტონეკი და მისი ტყუპი. ახლა გოგონა იგა და ბიჭი იგნასი 10 წლისანი უნდა იყვნენ.