ფრანგი იზაბელ დინუარი მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქალი, რომელსაც პირველად გადაუნერგეს სახე. ექიმებმა მისი ფიზიკურად გადარჩენა შეძლეს, თუმცა მორალურად და სულიერად მისი "გამოჯანმრთელება" გაუჭირდათ....
39 წლის იზაბელი ბედნიერად ცხოვრობდა. ქმარი და ორი შვილი ჰყავდა, საყვარელი საქმე ჰქონდა... თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა... 2005 წლის მაისში მას მოულოდნელად თავს დაესხა მისი საყვარელი ძაღლი, ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის. თავდასხმა საკმაოდ სერიოზული იყო, ფაქტობრივად, ქალს სახე ჰქონდა მოჭმული. დაზიანებული იყო ცხვირი, ტუჩები და ნიკაპი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ძაღლის თავდასხმას წინ უძღოდა სხვა ფაქტი - იზაბელმა გონება დაკარგა საძილე წამლების დოზის გადაჭარბების გამო. ზოგიერთები შემდეგ წერდნენ, რომ იზაბელს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სწორედ ამ დროს, უგონო მდგომარეობაში მყოფს დაესხა თავს ძაღლი. იზაბელის ქალიშვილი ამტკიცებდა, რომ ძაღლი იზაბელის გაღვიძებას ცდილობდა ასე... წლების შემდეგ იზაბელმა მემუარებში დაწერა: "საკმაოდ რთული კვირა მქონდა, მრავალი პირადი პრობლემა და რამდენიმე აბი მივიღე, რომ გავთიშულიყავი... გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი, ავეჯს ჩამოვარტყი თავი... ძაღლი ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა..."
ასე იყო თუ ისე, იზაბელი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში.
ისე ჰქონდა დაზიანებული სახე, რომ ექიმებმა მაშინვე გამორიცხეს ჩვეულებრივი პლასტიკური რეკონსტრუქციის ჩატარების ალბათობა. ამის შემდეგ, მაშინვე შესთავაზეს იზაბელს, რომ ეცადათ მსოფლიოში პირველი სახის ტრანსპლანტაციის ჩატარება.
2005 წელსვე ჩატარდა ოპერაცია. სახის დონორი იყო საფრანგეთის ქალაქ ლიპლში მცხოვრები ქალბატონი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო და ოჯახის წევრები დათანხმდნენ, რომ მისი სახე გამოეყენებინათ.
ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა ემსგავსებოდა მისი სახე ჩვეულებრივს, თუმცა იზაბელს საკმაოდ გაუჭირდა ამ ყველაფრის მიღება და იმისაც, რაც ამ ამბებს მოჰყვა. მისი შემთხვევა საყოველთაოდ ცნობილი გახდა და იზაბელს პოპულარობის ბნელი მხარის გადატანა მოუწია. ფაქტობრივად უკან დასდევდნენ პაპარაცები, ჟურნალისტები, გამვლელები თვალს აყოლებდნენ. რამდენიმე თვე სახლიდან გამოსვლაც არ უნდოდა. "ეს ნამდვილი წამება იყო. პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ყველამ იცოდა, რა მოხდა. ბავშვები იცინოდნენ, რომ ჩავივლიდი, უფროსები თვალს მაყოლებდნენ და ჩურჩულებდნენ..." - ყვებოდა მოგვიანებით.
ახალ სახესთან შეგუება თავადაც ძალიან გაუჭირდა. სარკეში იყურებოდა და ის აღარ იყო, ვინც მანამდე. თავს იმშვიდებდა, რომ შინაგანად იგივე დარჩა, უბრალოდ, სხვა სახით.
თითქმის ათი წელი იცხოვრა ასე იზაბელმა, საკმაოდ მძიმე სტრესებში, რომლებმაც მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ასევე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა ძლიერმა მედიკამენტებმა, რომლებსაც ტრანსპლანტების შესანარჩუნებლად სვამდა, ქსოვილი რომ რომ არ დაზიანებულიყო, ასევე უამრავ ტკივილგამაყუჩებელს. ამ ყველაფერმა ერთად საბოლოოდ სიმსივნე გამოიწვია.
2016 წელს იზაბელი სიმსივნით გარდაიცვალა, თუმცა ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.