ყოველწლიურად ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმაზე გაცილებით ნაკლები აბიტურიენტი იღებს მაქსიმალურ შეფასებას, ვიდრე უცხოურ ენებში. ახალი თაობის წიგნიერებაზე, მეტყველებასა და წერის კულტურაზე კი ფილოლოგები ხშირად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით, არაერთი გამოწვევაა. მანანა ბეგიაშვილი უკვე მრავალი წელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, აქვს საკუთარი ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნო, იგი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესშიც დასაწყისიდანვე აქტიურადაა ჩართული. საკუთარი გამოცდილებისა და იმ მთავარი პრობლემების შესახებ გვიყვება, რომლებიც დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას ახლავს:
- მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც ძალიან უყვარს. მარკ ტვენი ამბობდა: "პროფესიად აირჩიე, რაც გიყვარს და მუშაობა აღარ დაგჭირდება." 26 წლის ასაკში შემოქმედებითი აზროვნების სწავლების გამო საკავშირო პრემიის ლაურეატი ვიყავი, განსხვავებული მიმართულების არჩევა და კარიერის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მასწავლებლობა გადავწყვიტე. დღემდე იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. არსებობს რამდენიმე პროფესია, რომლებსაც შინაგანად უნდა გრძნობდე და ხვდებოდე, რომ ის შენი არის, რადგან, მათი რთული ფორმატიდან გამომდინარე, მარტო ცოდნითა და სურვილით ვერაფერს გახდები. ვფიქრობ, მასწავლებლობა ერთ-ერთი მათგანია. მოსწავლეებთან მუშაობა სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის პარალელურად, ლიტერატურულ-შემოქმედებით სახელოსნოში შემოქმედებითი აზროვნებისა და წერის მიმართულებითაც ვმუშაობ, რომლის ავტორი და ხელმძღვანელი მე გახლავართ. შემოქმედებითი აზროვნება, ფაქტობრივად, არა მხოლოდ კრეატიული თვისებების გამომუშავებაში ეხმარება ახალგაზრდებს, არამედ ემოციური ინტელექტის დაუფლებაშიც. ესაა პიროვნული თვისებების პროექცირებისა და მასზე მუშაობის ერთ-ერთი გზა. გარდა ამისა, ამ კუთხით ვმუშაობ სტუდენტებთანაც. ასევე, ვმუშაობ აბიტურიენტებთან და ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიაში პირველი დღიდან დღემდე ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე თემის მესამე გამსწორებელი ვარ. დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების კუთხით, შემოქმედებითი წერის განხრით, არაერთხელ მიმუშავია არასრულწლოვან დამნაშავეებსა და განრიდების პროგრამის ბავშვებთან და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა.
- ჩვენი ეპოქა აბსოლუტურად განსხვავებულია. დრო იმდენად უცნაური რამ არის, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს, სპირალურად ვითარდება და ზოგჯერ, საწყის წერტილსაც უბრუნდება, მაგრამ იმდენად განსხვავებულად, რომ ამოცნობაც კი ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ, წესით, ასაკობრივი თავისებურებები ერთნაირი უნდა იყოს, სინამდვილეში, ყველა თაობა სხვადასხვაა. ეპოქა და ზოგადი ფონი კი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ახალ თაობას საკუთარი თავის დამკვიდრება განსხვავებულ გარემოში უწევს. ევროპისა და ამერიკისკენ გზა უფრო მეტად ხსნილია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა და წამყვან კულტურულ ქვეყნებში ცხოვრებასა და განათლების მიღებაზე ბევრი მოზარდი ოცნებობს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალგაზრდები ინგლისურის შესწავლას, როგორც შემდგომი პერსპექტივის გზას, გაცილებით მეტ ენერგიას უთმობენ და ,ამიტომაც, სამწუხაროდ, ამ თაობამ (ცხადია, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ უმეტესობამ) ქართული ენა, ლიტერატურა ბევრად ნაკლებად იცის. სამაგიეროდ, მცირე ასაკიდანვე ინგლისურს შესანიშნავად ეუფლებიან. ესაა მათთვის, მათი მშობლებისთვის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ინგლისურისა და სხვა უცხო ენების შესწავლაში ცუდი არაფერია - პირიქით. თუმცა, მშობლიური ენის სრულყოფილად ცოდნა მეორეხარისხოვანი არ შეიძლება, რომ იყოს. ბავშვებს, რომლებსაც მცირე ასაკიდანვე გაძლიერებულად ასწავლიან ინგლისურს, ქართულად მეტყველება, წერა ძალიან უჭირთ. წინადადებებს გამართულად ვეღარ აგებენ, რადგანაც სიტყვათა წყობა, გრამატიკა ამ ორ ენას შორის განსხვავებულია. თავისუფლად აზროვნებაც უჭირთ. როგორც მოგახსენეთ, საკუთარი ლიტერატურული სახელოსნო მაქვს. სახელოსნოში სწავლება ხდება არა ანალიტიკური მეთოდით (მთელის ნაწილებად დაშლა), არამედ სინთეზური მეთოდით (ნაწილების გაერთიანება, ერთიანად აღქმა). შემოქმედებითი წერის სწავლებისას სხვადასხვა სავარჯიშოთი თუ მეთოდური კუთხის მეშვეობით, მოზარდები საგნებისა და მოვლენების კრეატიულად აღქმასა და გამოხატვას იწყებენ. ადამიანს, რომელიც აზროვნებს, სიტუაციებში თავისუფლად ორიენტირება შეუძლია და ამ მხრივაც, მშობლიური ენა და წერითი კულტურა უადვილდება.
გვახსოვდეს, რომ სახლი კარიდან იწყება. ვფიქრობ, სასკოლო სისტემა, პროგრამებიც გადასახედია. პირველ-მეორე კლასელის ჩანთა აგიწევიათ? შესაძლოა, გაგიჭირდეთ... უზარმაზარი სახელმძღვანელოებია. თითქოს ეს წვრილმანია, მაგრამ სწავლების მეთოდიკაც რომ ანალოგიურია? დაწყებითი კლასების ქართულის წიგნებში ზოგჯერ ისეთი არაადეკვატური ტექსტები წერია, გაოცდებით. გულაბი მსხლის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო, - გოგებაშვილის პატრონებს, დაახლოებით, ეს გვჭირს. უამრავი კარგი ნაწარმოები, ტრადიცია გვაქვს, რომლებსაც შეუძლია, ბავშვებს აზროვნება და ფიქრი ასწავლოს, ჩვენ კი არ ვიყენებთ...
ვფიქრობ, ძირითადად, პროგრამები ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს არ ითვალისწინებს. მოსწავლეს ჰაგიოგრაფიის შესწავლას მაშინ ვაწყებინებთ, როცა ამისათვის მზად არ არის. ენობრივი ბარიერიც აქვს, იქამდე სერიოზული ლიტერატურა არ წაუკითხავს, არც რელიგიის საფუძვლები იცის და ამ რთული ტექსტების პირისპირ რჩება. საერთოდ, რაიმეს სწავლება, პირველ რიგში, ორმხრივი პროცესი უნდა იყოს. მარტო გონებით აღქმა ლიტერატურაში ვერაფერს მოგვცემს. მოსწავლე შინაგანად უნდა გრძნობდეს ტექსტს, შეეძლოს ავტორისეული სიმართლის მიხვედრა. ძველი მწერლობა მეორე გარდატეხის ასაკის მოზარდისათვის უცხოა, რადგან მას სრულიად სხვა ფასეულობები უყალიბდება, ავტორიტეტის სხვანაირი განცდა აქვს. ის, უბრალოდ, ხელახლა, საკუთარი კუთხით სივრცესა და სიტუაციებში გარკვევას ცდილობს. მას მისი იმჟამინდელი მენტალობის შესაფერი ლიტერატურა უნდა შევთავაზოთ. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ფასეულობები, რაც არ უნდა მოსწონდეს, მისთვის მხოლოდ ტექსტუალურადაა გასაგები და არა - შინაგანად. ასევე "ვეფხისტყაოსანი", გურამიშვილი... სწავლით კი ისწავლის, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული სწავლა იქნება. ვთვლი, ეს საკითხი გასათვალისწინებელია. მაღალ კლასებში ლიტერატურის სწავლება ილია ჭავჭავაძით უნდა დავიწყოთ, რადგან ილიას გზა, ისევე, როგორც ამ ასაკის ახალგაზრდებისა, წინ გახედვაა, ახალი, ცოცხალი იმპულსის ძიებაა. ეს კი ლიტერატურისა და, საერთოდ, ეროვნული თვითმყოფადობის აღქმაში დაეხმარებათ. ჰაგიოგრაფია და "ვეფხისტყაოსანი" რაც შეიძლება გვიან უნდა ისწავლებოდეს, რომ მოსწავლე გონებრივადაც და ემოციურადაც შინაარსის გასაგებად მზად იყოს. სხვა შემთხვევაში, ეს მხოლოდ დაზეპირება იქნება, რომლითაც მსჯელობას, თავისუფლად აზროვნებას ვერ შეძლებს. სწორედ ესაა ამ თაობის მნიშვნელოვანი პრობლემა. მათ ტექსტები ზედაპირულად იციან იმიტომ, რომ არ ესმით. ლიტერატურის ქრონოლოგიურად შესწავლა, ვფიქრობ, ეს უკვე სტუდენტებისათვისაა აუცილებელი.
- ახალი თაობა ხშირად წიგნებს ინგლისურად კითხულობს. ერთმანეთთანაც ინგლისურად ლაპარაკობენ. ამ გზით, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ (სამწუხაროდ, ამას, გარკვეულწილად, სნობური იერი დაჰკრავს). როგორც გითხარით, აბიტურიენტის ნამუშევარს ვეცნობი. მათი თემებიდან ჩანს, რომ აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი საკმაოდ ნაკითხია. ლიტერატურული პარალელების სახით გვხვდებოდა როგორც ღირებული ნაწარმოებები, ასევე, ყოვლად მდარე თინეიჯერული ლიტერატურის ნიმუშებიც, რომლებიც უხვად იბეჭდება. არ შეიძლება, შვილებს მხოლოდ სერიალები და ზედაპირული ლიტერატურა გავაცნოთ.
თანამედროვე ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვა უჭირს. წიგნებსაც მათი უმეტესობა უფრო მეტად ინგლისურად კითხულობს. როგორც წესი, მოსწავლეთა 80% ევროპისა და ამერიკისაკენ იყურება. პირველი, რაც ჩვენს მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმია". რა თქმა უნდა, ვაჟა სწორედ ამას გვასწავლის - ნამდვილი კოსმოპოლიტი, ღრმა ადამიანი, უპირველესად, თავისი ერის შვილია! ევროპული, ამერიკული კულტურა უნდა ვიცოდეთ და განვითარების კარგი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, მაგრამ ჯერ სამშობლო უნდა გვიყვარდეს...
ასევე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვები მაგალითს მშობლებისაგან იღებენ. თუ ისინი დედას, მამას, ოჯახის წევრებს წიგნით ხელში ვერ ხედავენ, მათთან კითხვის ჩვევის ჩამოყალიბება ძალიან რთულია.
გარდა ამისა, თავიდანვე უნდა შევთავაზოთ ისეთი წიგნები, რომლებიც მათი ასაკისათვის შესაბამისი და სახალისოა. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, რომ შვილებს რაც შეიძლება, მარტივი, გასაგები ნაწარმოებებით დავაწყებინოთ კითხვა, რომ წიგნმა მათში სირთულის მხრივ თავიდანვე ნეგატიური განწყობა არ გამოიწვიოს.
სამწუხაროა, რომ ახალ თაობას საკმაოდ მჭიდროდ აქვს ჩაბეჭდილი, თითქოს ინგლისური ქართულზე ბევრად უკეთესად უნდა იცოდნენ, თუ უნდათ, რომ რაღაცას მიაღწიონ... მაგრამ აქ მასწავლებლებს მოზარდთა სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მისია აქვთ. თუ ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით, რა მნიშვნელობა აქვს მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თუ პირველ ღილს სწორად ვიკრავთ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, თუ პირველ ღილს არასწორად ვიკრავთ, არაფერი გამოვა. ამ თაობამ, რომ ინგლისური და სხვა უცხოური ენები უნდა იცოდეს, ამას რა ახსნა უნდა?!. მაგრამ, იმიტომ არა, რომ ქვეყნიდან წავიდნენ და აქეთ აღარ გამოიხედონ...
- ძალიან უჭირთ... როდესაც გრამატიკას ვხსნი, პირველი, რასაც ვაკეთებ, ფორმულას ვადგენ. ვცდილობ, მოსწავლეებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვაჩვენო, რომ მათ მხოლოდ დაზეპირებული წესები კი არა, გააზრებული ცოდნა ჰქონდეთ. სკოლის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსწავლეებს სინთეზურ აზროვნებას არ აჩვევს. შესაძლოა, მათ თეორიულად წესები შესანიშნავად იცოდნენ, მაგრამ არა გააზრებულად. ამიტომაა, რომ გამართულად მეტყველებაც და წერაც უჭირს, მსჯელობა, საკითხის განზოგადება არ შეუძლიათ. ლიტერატურული ნაწარმოების გააზრებისას ხშირადვზოგადი, თუნდაც დღევანდელობასთან კავშირის დანახვა ურთულდებათ და ნაწარმოებებზეც მხოლოდ ფრაგმენტულად, მოცემული მონაკვეთის მიხედვით მსჯელობენ.
არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: "ჩემის აზრით", "მთელს ქვეყანას" … ჯერ ერთი, ეს მიუთითებს, რომ ენა არ იციან, მეორეც - მიაჩნიათ, რომ ზედმიწევნით აკადემიურად ლაპარაკობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკულტურობაა. ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ ვცდილობთ, ყველაფერი ინგლისური სიტყვებით ჩავანაცვლოთ.
- როგორც გითხარით, არაერთი აბიტურიენტის ნამუშევარი გამისწორებია. ბევრი ისეთი თემაა, ვგრძნობ, რომ მოსწავლემ მასწავლებელთანაც იარა, სწავლასაც შეეცადა, მაგრამ მაინც, მოცემულ საკითხს გარშემო უტრიალებს და ვერაფრით ხვდება, რა უნდა, მსჯელობას ვერ აგებს... ეს მისი ბრალი არ არის - მასწავლებლისა და სკოლის ბრალია. ერთია, როდესაც რაღაც იცი და მეორე, როდესაც იყენებ შენს ცოდნას მოცემული საკითხის გარშემო, ანუ ადეკვატურად მსჯელობ. ამიტომაც, პირველ რიგში, როდესაც ტექსტს კითხულობთ, შეეცადეთ, გაარკვიოთ, რას გეკითხებიან, რომელი კუთით უნდა გაიაზროთ და ახსნათ მოცემული ტექსტი: ტექსტსა და, ზოგადად, არსებულ სიტუაციაში, დღევანდელობაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იპოვოთ, გაარკვიოთ, რატომ იქცევა ესა თუ ის გმირი ასე, რამ აქცია ის ბოროტმოქმედად თუ კარგ ადამიანად.... როგორც კი აბიტურიენტი მოცემული პირობის მიხედვით ფიქრს იწყებს, პირველი ღილი სწორადაა შეკრული. ერთია, რომ მასალა კარგად ვიცით, მაგრამ მეორეა, რამდენად შეგვიძლია მისი გააზრება. აბიტურიენტი ასე უნდა მოვამზადოთ, მოვლენებს შორის კავშირის დანახვა ვასწავლოთ.
თამარ იაკობაშვილი