ექიმი-რეპროდუქტოლოგიმანანა მგალობლიშვილისოციალურ ქსელშისაკუთარ გვერდზესაუბრობს 10 ძირითადი პირობის შესახებ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, თავს უფრო ენერგიულად და ბედნიერად იგრძნობთ:
-ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ნაკლებად ენერგიული, უფრო პასიურია. ზოგი კი, პირიქით, ძალიან ენერგიულია, ბევრს შრომობს, ერთობა, ყველაფერს ასწრებს და უფრო წარმატებულიცაა და ბედნიერიც. ენერგია ჩვენი ცხოვრების წარმატების საწინდარია - იქნება ეს პირადი ცხოვრება თუ სამსახური, კარიერა და ასე შემდეგ. საერთოდ, ენერგია არის ის, რაც თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ის ენერგია, რომელიც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. ამისთვის 10 ძირითადი პირობაა, რომლებსაც ჩამოგითვლით.
- პირველი - ჯანსაღი კვება. დღის განმავლობაში, რაციონის დაახლოებით, 60-70%-ს ბოსტნეული და ხილი უნდა შეადგენდეს. ხოლო, 30-40%-ს ცილები და ნახშირწყლები.
- მეორე - ფიზიკური აქტივობა. ყოველდღე ფიზიკურად აქტიური უნდა ვიყოთ. 3-5 კილომეტრი ვიაროთ ფეხით, ვივარჯიშოთ, იქნება ეს ფიტნეს კლუბში თუ სახლში, ვირბინოთ, ვიცუროთ, მივმართოთ იოგას და ასე შემდეგ.
- მესამე - ძილი. მარტივად ვიტყვი: დღეს დაიძინეთ და ხვალ გაიღვიძეთ.
- მეოთხე - წყალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოთ. მეტი წილი კი დღის პირველ ნახევარში უნდა დალიოთ.
- მეხუთე - აკონტროლეთ თქვენი ფიქრები. თუ უმეტესად ნეგატიური ფიქრები გაქვთ, ასევე ნეგატიურად და ცუდად იგრძნობთ თავს და არც ენერგია გექნებათ.
- მეექვსე - რაც შეიძლება ნაკლებად იურთიერთეთ უარყოფითი ენერგიის მატარებელ ადამიანებთან. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნებენ, ყველაფერში ცუდს ხედავენ, ყველაფრის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი, გაკრიტიკებენ. ასეთი ადამიანები, ალბათ, საახლობლოში ყველას გვყავს.
- მეშვიდე - დაიცავით ,,ოქროს შუალედი“. გადამეტებული, ჭარბი არაფერი ვარგა. არც მუშაობა, არც დასვნება, არც კვება და არც ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ, რომ ყველგან და ყველაფერში ,,ოქროს შუალედი“ მოძებნოთ.
- მერვე - განვითარდით. 90 წლისაც რომ იყოთ, ყოველთვის განვითარებაზე უნდა იფიქროთ. წარსულს ხშირად ვიხსენებთ. განსაკუთრებით, 40 წლის ზემოთ. ნოსტალგია გვაქვს, რაღაცები გვენატრება - ეს ძალიან კარგია, მაგრამ პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც წარსულით ცხოვრობს. როდესაც წარსულით ვცხოვრობთ, ეს მომავალს გვიკლავს. გამოვიყენოთ ჩვენი წარსული გამოცდილება იმისათვის, რომ დღეს და მომავალში ბედნიერები ვიყოთ.
- მეცხრე - ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან კომუნიკაცია პოზიტიურ ენერგიას გვაძლევს.
- მეათე - მოეშვით სოციალური ქსელების სქროლვას მთელი დღე. დღეში მაქსიმუმ 2 საათი გამოყავით, როდესაც დაათვალიერებთ, რა ხდება მსოფლიოში. შეეცადეთ, რომ ნეგატიურ, აგრესიულ ინფორმაციას მოერიდოთ.