"ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და უახლოესმა მეგობრებმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრი აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს... ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ დავხოცავდი", - თქვა სასამართლო პროცესზე სამი კაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა. თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ იმსჯელა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე. პროკურორმა სასამართლოს გააცნო მტკიცებულებები და პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული ციხეში გაუშვა. ბრალდებულის ადვოკატს გია ფარადაშვილს ალტერნატიულ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო არ მოუთხოვია. თუმცა ამბობს, რომ ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ღალატის გამო ჩაიდინა. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს: "მან განმარტა, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც გარდაცვლილი მეგობრისა და მეუღლის საუბარი მოისმინა. მიმალვის შემდეგ 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში". ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი პასუხობს, რომ ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა. არც თელაველებს და არც დახოცილთა ახლობლებს არ სჯერათ ამ ვერსიის. მიაჩნიათ, რომ ბრალდებული ამით ცდილობს სასჯელის შემსუბუქებას.
სოფელში ყველა ამბობს, რომ ბრალდებულს იმდენად კარგი მეუღლე ჰყავდა, ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ჰალუცინაციები და პათოლოგიური სიმთვრალე. 39 წლის ზვიად ზურაბაშვილის ბრალი გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ და არაერთგზის, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ძალიან განიცდის მომხდარს ფიქრიას მეგობარი. ის ხშირად დადიოდა მათ სახლში და კარგად იცის, რა მძიმე მდგომარეობაში უწევდა ცხოვრება ორი შვილის დედას. "ფიქრიასთან ვმეგობრობდი. ძალიან განიცდიდა ქმრის პათოლოგიურ ქცევებს. 9 წლის ცოლ-ქმარი არიან, ორი შვილი ჰყავთ და ორივეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შვილებზე საოცრად მზრუნველი დედა იყო. სულ დაჰყავდა ექიმებთან. მეც ხშირად მივდიოდი სტუმრად, დასასვენებლადაც ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ. ზვიადი ოჯახზე გადამკვდარი იყო, მაგრამ რომ დალევდა, სულ სხვანაირი ხდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ მოსაწევის მოხმარება დაიწყო, მერე კი ამის გამო ჰალუცინაციები დასჩემდა.
"ზვიადმა ცოლი ორი წლის წინაც დაჭრა. სუფრა იყო გაშლილი და აუშარდა ფიქრიას. ახლა რომ მოკლა ბიჭი, იმის ძმაზე იეჭვიანა. ის ბიჭი თურმე ხელზე ეამბორა, უთქვამს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, და არ ვიცი, რა მოეჩვენა ზვიადს. სტუმრები რომ გააცილეს, ზოგი მათთანაც დარჩა. სუფრას ალაგებდა ფიქრია, ამ დროს მიეპარა უკნიდან და რამდენჯერმე დანა ჩაარტყა კისრის არეში. თურმე დაჭრილი ცოლის თმაში ჰქონდა ხელი ჩაბღაუჭებული და არ უშვებდა. ფიქრია მიყვებოდა, დანა გავაგდებინე ხელიდან, ვყვიროდი, სახლში მყოფებმა გაიგეს, მოცვივდნენ და მიხსნეს სიკვდილისგანო. წარმოიდგინეთ, სასიკვდილოდ გაწირა და მაშინაც არ უჩივლა პოლიციაში. "სასწრაფოს" მოჰყვა პოლიცია და ასე გაიგეს ეს ამბავი.
. ზვიადს წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. თვე-ნახევარია, რაც გამოვიდა და ახლა სამი კაცი მოკლა.