რა იწვევს ფეხების ქრონიკულ შეშუპებას, რომელი გამოკვლევები დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მიზეზი დაადგინოთ და რა უნდა იცოდეთ იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას განაპირობებდეს - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე დეტალურად საუბრობს:
- ფეხების შეშუპება ბევრნაირი არსებობს. არის მწვავე შეშუპება, როცა უცებ შუპდება ფეხი და ცალმხრივია. ამ შემთხვევაში კლინიკას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. სასწრაფო შემთხვევაა და შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზი იყოს. მაგრამ, უფრო გავრცელებული სიტუაცია, რომელიც კლინიკაში დაუყოვნებლივ წასვლას არ მოითხოვს, მაგრამ, ამ ფაქტების გააზრების შემდეგ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ - ეს ფეხების ქრონიკული შეშუპებაა. ფეხები გიშუპდებათ, მაგრამ ქრონიკულად ასე გაქვთ... ორივე მხარეს შეშუპებულია, საღამოობით რომ დახედავთ, ეს ფეხები ისე აღარ გამოიყურება, როგორც აქამდე იყო.
როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ფეხი უეცრად მწვავედ შეგიშუპდათ ცალ მხარეს, მაშინ კლინიკაში დაუყოვნებლივ წადით. მაგრამ, თუ ორივე ფეხი ქრონიკულად შეშუპებული გაქვთ, მაშინ მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
ფეხების ქრონიკული შეშუპება ყველაზე ხშირად, 71%-ში, ქრონიკული ვენური დაავადებითაა გამოწვეული. აქ ქვემო კიდურების სისხლძარღვების სხვადასხვა პათოლოგია მოიაზრება.
ასევე, ფეხების შეშუპებას შესაძლოა, თირკმლის დაავადებები იწვევდეს. საქმე იმაშია, რომ თუ თირკმელი შარდში ცილებს აპარებს და ცილები დაიკარგება, სისხლძარღვები წყალს სისხლძარღვებშივე ვერ შეაჩერებენ და წყალი ქსოვილებში, ქვედა კიდურებში წავა. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თირკმლის დაავადებები ქვემო კიდურების შეშუპებით ხასიათდება. შეგიძლიათ, ანალიზით შარდში ცილის რაოდენობა განსაზღვროთ. ასევე, შრატში კრეატინინის რაოდენობა შეამოწმოთ. თუ ამ ორიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, მაშინ პრობლემა სწორედ რომ თირკმელში ყოფილა.
ქვემო კიდურების შეშუპება შესაძლოა, ღვიძლის დაავადებებსაც უკავშირდებოდეს. თუ ღვიძლი საკმარისი რაოდენობის ცილას არ წარმოქმნის, ამ შემთხვევაში, რაკი ცილები სისხლძარღვებში აღარ არის, წყალი აღარ კავდება და ქსოვილებში ჟონავს. ამიტომ, პრობლემა შეგიძლიათ, შრატში ალუმინის განსაზღვრით ან ღვიძლის ფუნქციური სინჯებით გადაამოწმოთ.
ქვემო კიდურების შეშუპება შესაძლოა, მენჯის სიმსივნეებითაც იყოს გამოწვეული. როცა მცირე მენჯში წარმონაქმნებია, მათ ვენებზე ზეწოლა და ქვემო კიდურების შეშუპება შეუძლიათ.
გარდა ამისა, გული ქვემო კიდურების შეშუპების წამყვანი მიზეზია. აქ მოიაზრება: გულის უკმარისობა, გულის სარქვლოვანი და კუნთოვანი პათოლოგიები, პერიკარდიუმის დაავადებები და სხვა. გულის პრობლემები შეგვიძლია, ექოკარდიოგრაფიით გადავამოწმოთ.
არც ფარისებრი ჯირკვალი უნდა დაგვავიწყდეს. თუ ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს, TSH იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვალი სწორად ვერ ფუნქციონირებს და ქვემო კიდურები შუპდება.
ერთ-ერთი მსუბუქი პათოლოგია, რაც შეიძლება, ფეხების შეშუპებას იწვევდეს, პრემენსტრუალური შეშუპება იყოს. მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე ჰორმონების რაოდენობა იკლებს, რაც თავისთავად ვენებზეც აისახება.
თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, შესაძლოა, Amlodipine-ს სვამთ. ეს ნივთიერება წნევის ძალიან ბევრ დამწევში შედის. Amlodipine საოცარი წამალია, შედევრია, მაგრამ მას თავისი გვერდითი ეფექტებიც აქვს. აღმოჩნდა, რომ როდესაც პაციენტი 10- მილიგრამიანი დოზით სვამს, მათ 10%-ს ფეხები უშუპდება. ეს პრეპარატი გულის არეში უსიამოვნო განცდით ხასიათდება, სახეზე შეხურების, დაღლილობის, გულისრევის შეგრძნება ახლავს და შესაძლოა, ღრძილოვანი ქსოვილის შეშუპებაც გამოიწვიოს. თუ თქვენ წნევის წამლებს გადახედავთ, კარგად დააკვირდით, ძირითადი სახელწოდების ქვეშ რა შემადგენლობა წერია. თუ შემადგენლობაში Amlodipine წერია, მიზეზი, რატომაც შეიძლება ქვედა კიდურები გიშუპდებოდეთ, სწორედ ეს პრეპარატი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ წამალი ცუდია. საოცარი მედიკამენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და უკუჩვენების შესახებ უთხრათ.