პოლონური წარმოშობის იტალიელი მსახიობი კასია სმუტნიაკი წლებია, პოპულარობას არ კარგავს და საკმაოდ წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა იტალიაში. თუმცა მსოფლიო მას ყოველ ჯერზე ხელახლა იხსენებს კინოფესტივალების წითელ ხალიჩებზე, სადაც ყოველთვის ბრწყინავს. წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე კი 45 წლის კასია სოციალური ქსელების ვარსკვლავადაც იქცა.
კატარინა ანა (კასია) სმუტნიაკი 1979 წელს დაიბადა პოლონეთის ქალაქ პილაში, პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების გენერლის ზენონ სმუტნიაკის ოჯახში. ავიაციის სამყაროში გაზრდილს ფრენის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა და 16 წლისამ მიიღო პლანერების პილოტის ლიცენზია. 17 წლისამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სილამაზის კონკურსში და მეორე ადგილი აიღო. მუშაობდა მოდელად პოლონეთში, იაპონიაში, ინგლისსა და იტალიაში, სადაც 1998 წელს საცხოვრებლადაც დარჩა.
როგორც მსახიობს, 2000 წელს ჰქონდა დებიუტი ჯორჯო პარანიელოს ფილმში "საჭირო დროს", ხოლო 2003 წელს "რადიო უესტის" გადაღებებზე შეხვა თავის მომავალ ქმარს - მსახიობ პიეტრო ტარიკონეს.
2007 წელს ფილმში "ყველაფერი შენს ხელშია" მისი როლი იტალიური "ოქროს გლობუსით" აღნიშნეს და მიიღო საუკეთესო ახალი მსახიობის ტიტული. ფართო მაყურებელი იცნობს 2010 წლის ფილმით "პარიზიდან სიყვარულით", რომელშიც ჯონ ტრავოლტას გაუწია პარტნიორობა. ასევე დაჯილდოებულია ფილმისთვის "ღვედები შეიკარით".
მშობლიური პოლონურის გარდა, კასია თავისუფლად საუბრობს რუსულად, ინგლისურად და იტალიურად.
როგორც ხშირად წერენ, მისი მთავარი სიყვარული პიეტრო ტარიკონე იყო, რომელიც 2010 წელს ტრაგიკულად დაიღუპა პარაშუტიდან ხტომის დროს. მასთან თანაცხოვრებისას კასიას შეეძინა ქალიშვილი სოფია.
2014 წელს ვაჟი გააჩინა კინოპროდიუსერ დომენიკო პროკაჩისგან, რომელსაც ოფიციალურად 2019 წელს გაჰყვა ცოლად.