ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიჭებში სქესობრივი მომწიფების დროს.
- სქესობრივი მომწიფება ადამიანის განვითარების ის პერიოდია, როცა მას უყალიბდება რეპროდუქციული, ანუ გამრავლების ფუნქცია და ბავშვობიდან გადადის მოზრდილობაში. ამ დროს მისი სხეული იძენს ახალ ფუნქციებს, რაც ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს. სქესობრივი მომწიფების მთავარ და წარმმართველ ფაქტორს როგორც ქალებში, ასევე კაცებში, ჰორმონები წარმოადგენს. ყველა ცვლილება სწორედ ჰორმონების ზემოქმედებით ხდება. გარკვეულ ასაკში ტვინის ქსოვილი აღწევს განვითარების იმ სტადიას, როცა იწყებს ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც განაპირობებს სქესობრივი მომწიფების დაწყებას. სქესობრივი მომწიფება ბიჭებში ჩვეულებრივ 9-დან 14 წლამდე ასაკში იწყება და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. ბიჭებში სქესობრივ მომწიფებას განაპირობებს თავის ტვინის სტრუქტურიდან, კერძოდ ჰიპოფიზიდან სასქესო ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა, ისინი ასტიმულირებენ სათესლე ჯირკვლების უჯრედებს, რომლებიც იწყებენ ტესტოსტერონის გამოყოფას. მაღალი ტესტოსტერონი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს: 9-10 წლის ასაკში იზრდება სათესლე ჯირკვლები, სათესლე პარკის ფერი მუქდება, სხეული იზრდება, ხშირაც ეს ხდება ძალიან სწრაფად და ბიჭი სულ რაღაც თვეებში მკვეთრად იმატებს სიმაღლეში. 11-13 წლის ასაკში იზრდება სასქესო ასო, ჩნდება თმიანი საფარველი სახეზე, ბოქვენზე, იღლიებში. იზრდება კუნთოვანი მასა და სხეული ნელნელა იცვლის ფორმებს. 13-15 წ - მატულობს თმიანობა, იცვლება ხმა, ამ პერიოდდი ბიჭებს არასტაბილური ხმა აქვთ, ბიჭი მკვეთრად იმატებს სიმაღლეში, შესაძლოა მადის მომატება, ოფლი იძენს სპეციფიურ სუნს, ანდროგენების ჭარბი რაოდენობის გამო შესაძლოა გამოვლინდეს აკნე - გამონაყარი სახეზე. 15-18 წ. ასაკში ფორმირებულია სხეული- იკვეთება მამაკაცური აღნაგობა, სწრაფი ზრდა მცირდება და უკვე თმები ყველგან სტაბილურად ეზრდება. სქესობრივი მომწიფებისას სპერმატოზოიდების გამომუშავება სეთესლე ჯირკვლებში დაახლოებით 12-16 წლის ასაკში იწყება. სწორედ ამ პერიოდში ხდება პირველი პოლუციები - სპერმის უნებლიე გამოყოფა, რომელიც ძირითადად ღამის პერიოდში და ძილში აღინიშნება. სქესობრივი მომწიფების დროს ბიჭებს ახასიათებთ ემოციური ცვლილებები, რაც ხშირად დაკავშირებულია მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილთან.
სქესობრივ მომწიფებას ბიჭები გარკვეული ტემპით გადიან და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მდგომარეობას, თუ:
1. სათესლე ჯირკვლების განვითარება არ აღინიშნება 14 წლისთვის.
2. თმიანი საფარველის განვითარება არ აღინიშნება 15 წლამდე.
3. არ იზრდება სიმაღლეში 15 წლისთვის.
4. მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება დაიწყო 9 წლამდე ასაკში.