სახლის ტელეფონზე რუსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები რეკავენ და ამბობენ, თითქოს, ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი ავარიაში მოყვა და მას გადაუდებელი ოპერაციისათვის თანხა სჭირდება. ეს ქალბატონი ხან ტირის, ხან აგრესიულია, ხან გვემუქრება და ამბებს ჩვენი რეაქციების შესაბამისად იგონებს. მსგავსმა ზარებმა არაერთი ადამიანი შეაშინა და უკვე რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელებში ამ პრობლემაზე აქტიურად წერენ და აფრთხილებენ კიდეც ერთმანეთს, რომ ინფორმაციას არ ენდონ. თემის შესახებ სიუჟეტი "იმედის დღემ" მოამზადა, სადაც მსგავსი ზარებით შეწუხებული რესპონდენტები თავიანთ გამოცდილებაზე ლაპარაკობენ.
"დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ავარიაში მოყვა და სიკვდილს ებრძვის. გადასარჩენად კი თანხა მოსთხოვეს. დედაჩემი, რა თქმა უნდა, გადაირია. ვერ გაარკვია, ვისზე ესაუბრებოდა ის ადამიანი. მე ამერიკაში ვიმყოფები, ჩემი და ირლანდიაშია. ქალი ძალიან ცუდად გახდა. ამ დროს დედაჩემმა ჩემს შვილს დაურეკა, რომელიც თბილისში, ტაქსიში იმყოფებოდა, სამსახურიდან სახლში მოდიოდა. ბავშვს ნერვიულობისაგან გული წაუვიდა. რომ არა ტაქსის მძღოლი, არ ვიცი ამ ამბავს რა მოჰყვებოდა. რუსულენოვანმა ქალბატონმა ასე კინაღამ მომიკლა დედა და შვილი ლამის კომაში ჩამიგდო. მე ვფიქრობ, რომ ეს საქციელი დასჯადი უნდა იყოს, თორემ შესაძლოა, სხვა ვინმე მსგავს ამბავს შეეწიროს." - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, თეა ლოლუა.
"რამდენიმე დღის წინ ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ჩემმა ოჯახის წევრმა უპასუხა. რუსულენოვანი ქალი ლაპარაკობდა. ჩემმა ოჯახის წევრმა მეზობელს მიამსგავსა, რომელიც ასევე რუსულად ლაპარაკობს. ის ქალბატონი ტიროდა და ოჯახის წევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა. ყურმილი მე გადმომაწოდა. რომ ავიღე, მეც მეგონა რომ ჩვენი მეზობელი იყო და გავესაუბრე. ტიროდა, ამბობდა, რომ ავარიაში მოყვა, მაგრამ, მისი თქმით, ვინც ეჯახებოდა, მანქანა ააცილა და თავად დაზიანდა ისე, რომ რეანიმაციაშია გადაიყვანეს. ან გადარჩება ან ვერაო. ყველას ვურეკავ და ვისაც რა შეუძლია, იქნება ჩამირიცხოსო. 15 ათასი დოლარი სჭირდებოდა. ძალიან ვინერვიულე... თანხა რომ დაასახელა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც თაღლითობა იყო და ყურმილი გავუთიშე." - თქვა იანა წულუკიძე.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით უკვე დაწყებულია, რაც თაღლითობას გულისხმობს.
ამავე გადაცემაში თამარ ქურდაძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, საუბრობს, როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი თაღლითობისაგან:
- თუ დააკვირდებით, ვიდრე მსგავსი სატელეფონო ზარები განხორციელდებოდა, ტექსტური შეტყობინებები იყო აქტუალური. საქართველოს ფოსტის, სხვადასხვა ბანკის სახელით ყალბი ესემესები მოდიოდა. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მოსახლეობაში, ამ კუთხით, ცნობიერება აგვემაღლებინა. საბედნიეროდ, დღეს რომ ვინმე ბმულზე გადავიდეს და თავიანთი პირადი მონაცემები შეიყვანოს, სულ უფრო მცირე შემთხვევა ფიქსირდება. სატელეფონო ზარები ალტერნატივა აღმოჩნდა. სახლის ტელეფონებზე რეკავენ, რადგანაც ნომრის იდენტიფიცირება უფრო რთულია. ორივე მაგალითი გვაქვს - როცა საქართველოდან რეკავენ და როცა ზარი უცხოეთიდან შემოდის.
როდესაც ასეთი შეტევები ხდება, ის ყოველთვის კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. ამ შემთხვევაში, 50+ აუდიტორიაა. ზოგადად, არა მხოლოდ სატელეფონო ზარების, არამედ ყალბი იმეილებისა და შეტყობინებების მიღების დროს მნიშვნელოვანია, ერთ დეტალს დავაკვირდეთ: თაღლითები აუცილებლობისა და გადაუდებლობის სიტუაციას ქმნიან და მოგვიწოდებენ, რაღაც სასწრაფოდ გავაკეთოთ. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რამაც უნდა გვაფიქრებინოს, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გვაქვს. აუცილებელია, გადავამოწმოთ, ვის ვესაუბრებით ან ვეკონტაქტებით. მაგალითად, შესაძლოა, ბანკების სახელით ყალბი ზარი განხორციელდეს და ბარათის ნომერი მოგთხოვონ რაღაცის დასადასტურებლად. უნდა გადავამოწმოთ, ვინ და რატომ გვირეკავს.
არსებობს საიტი: virustotal.com, სადაც შეგიძლიათ, შეხვიდეთ, საეჭვო ლინკი ჩასვათ და გაიგოთ, რამდენად სანდოა. შეგიძლიათ, ფაილებიც ატვირთოთ, რადგანაც დავირუსებული ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენი მონაცემები გასაჯაროვდეს. შედეგად კი შეიძლება, რასაც კლავიატურაზე ავკრეფთ, სადღაც შეინახოს. ასევე, შესაძლოა, რაღაც კამერა იყოს ჩართული კომპიუტერში ისე, რომ ვერც გავიგოთ, ჩვენი ხმა ჩაიწეროს და ასე შემდეგ.