სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბინის დაგირავებას გადაწყვეტთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ:
- მანკიერი პრაქტიკა გვაქვს - რეალურად, ბინის გირავნობა არ არსებობს. მხოლოდ მოძრავი ნივთების გირავნობა შეიძლება. რასაც ჩვენ გირავნობას ვეძახით, იურიდიულად ეს ორი ხელშეკრულების სინთეზია. პირველი, ეს ქირავნობის ხელშეკრულებაა, მეორე იპოთეკა. ბინის გირავნობა არ არსებობს. მოძრავი ნივთები შეიძლება დავაგირაოთ, მაგალითად მანქანა, ოქრო... ლომბარდს რასაც ვეძახით, ეს გირავნობაა. ბინის დაგირავება ქირავნობა და იპოთეკის ხელშეკრულებაა. სახელწოდება კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებას თავისი ფორმა აქვს. ქირავნობის ხელშეკრულება შეგვიძლია, ზეპირადაც დავდოთ. შეგვიძლია, წერილობით ან დავარეგისტრიროთ. მაგრამ, თუ იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, ის არ წარმოიშობა.
ეს კი ნიშნავს შემდეგ: შეიძლება, მხარეები ბინის ე.წ. გირავნობაზე შეთანხმდნენ. წერილობითაც კი გააფორმეს. მაგრამ, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, გირავნობა არ წარმოიშობა. ე.წ. დამგირავებელმა შესაძლოა, მეპატრონეს თანხა გადაუხადა, მესაკუთრემ თანხის დაფარვა ვერ შეძლო, დამგირავებელი ბინას ვერ მოითხოვს. სხვათა შორის, ვერც სასამართლოს წესით მოითხოვს. ერთადერთი, რაც შეუძლია, მოითხოვოს, თანხის დაბრუნებაა. ბინას დამგირავებელი ვერ მოითხოვს. ეს არის პირველი წესი, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ზეპირად და წერილობით ბინის გირავნობა არ იდება. ამისთვის რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია.
ამავე გადაცემაში იურისტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ერთი და იგივე ქონება რამდენიმე რიგის იპოთეკით იყოს დატვირთული. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, რომ საკუთარ ქონებას საფრთხე არ შეუქმნათ, იხილეთ ვრცლად გადაცემაში: