ყველასათვის საყვარელ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს, რომელიც 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლობლები სოციალურ ქსელშიც იხსენებენ და ემშვიდობებიან.
მისი დიშვილი ანო მაისურაძე, რომელიც მთელი რთული პერიოდის განმავლობაში აცნობდა საზოგადოებას ზურას მდგომარეობას, წერს:
"მადლობა ყველა წამისთვის!
ახლა იქ მოგივლიან გივიკო და ლეკა.
შეხვედრამდე, ჩემო ზუკა...
ყველაზე ონავარო და თან ყველაზე დარდიანო!
რაღაცნაირად უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, ჩემი საყვარელი ოჯახის წევრია-თქო, ვიძახდი.
როგორ აღმოვჩნდით ამ გაუგებრობაში?
რა ვქნა ახლა? სიტყვებით როგორ გადმოვცე, როგორ მოვუყვე ჩემს შვილებს, ვინ იყო ზურა პაპა?
რა ჰქვია ამ წარმოუდგენელ ტკივილს? რა ხდება ჩვენ თავს?!"


რეჟისორი ციცინო კობიაშვილი:
"ჩემო უსაყვარლესო ადამიანო, ჩემო ერთგულო, ნიჭიერო მეგობარო, საამაყო მამის საამაყო შვილო, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება უშენოდ…. მიჭირს ამ სიტყვების შენი მისამართით თქმა…… ბოლო წუთამდე მჯეროდა…. დაუბრუნდებოდი შენს ოჯახს, სამეგობროს და შენს საყვარელ თეატრს, რომელსაც უზომოდ დააკლდები შენი ნიჭიერებით და შენი განუმეორებელი ადამიანური თვისებებით…. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი".
რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი:
"ეს დღეც დადგა! დღე, რომელსაც ყველა ველოდით, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, თუმცა იმდენად დაუშვებლად და წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რომ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდით შენი ბავშვობის ძმები. იმ ტანჯვისა და იმ ტკივილისთვისაც გვენანებოდი ბიჭო, მაგრამ რომ შემოგირბენდით პალატაში, თავზე ხელს გადაგისვამდით, იმ გამხდარ ლოყაზეც ისე გიჩქმეტდით, როგორც შენ იცოდი და ეფერებოდი ყველას - ეგოისტურად თითქოს წამიერი სიმშვიდე გვეუფლებოდა. თუ თვალსაც გაახელდი, ვხედავდით რომ მზერა არსაიდან და არსად არ იყო, მაგრამ ხავსს მაინც ვეჭიდებოდით, თავსაც ვიმშვიდებდით - დამინახაო, იგრძნოო - ვამბობდით. მტერს და ავს თუ იმ გოლგოთის გზის თითოეულ დღეს გრძნობდი. ცხრა თვე მოდიოდი ამქვეყნად და პრაქტიკულად ცხრა თვე დაგჭირდა იმაშიც ამ ქვეყანას რომ გაცლოდი. გგონია შეგვაგუე უშენობას? ვერა! და ვერც ვერასოდეს შევეგუებით. ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!! ეს არ უნდა მომხდარიყო! არა და არა! ახლა რა ვქნათ? როგორ ვიყოთ ასე ფრთამოტეხილნი?
ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, არტისტთა დიდ ამქარს მივმართავ! ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. სულით სპეტაკი და სულით ლამაზი კაცი დადიოდა ჩვენს გვერდით და ეს სისპეტაკე გარეგნულადაც ალამაზებდა. მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასეთი დასასრული. ახლა ამ სიტყვების წაკითხვა რომ შეეძლოს ჯერ ანათემას გადამცემდა, მერე ბევრს დამცინებდა და მერე თვითონაც გულიანად იხითხითებდა, მაგრამ ეს მართლა ასე იყო. დილიდან არ წყდება სოცქსელებში წერილები და მოგონებები მასზე - ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა. ეს ასეცაა და ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩემო გიგა, ჩემო მახო, ჩემო ბექა, ჩემო მიშა, ჩემო მამუ, ჩემო ნიკუშ, ჩემო გიგი, ჩემო გობე... ჩვენ ხომ ის ბერიკა გვყავდა, რომელიც მარტო ჩვენი იყო. ის ხომ არცერთის ბერიკას არ ჰგავდა. ის ხომ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი იყო ისევე, როგორც ჩვენ მისი. ამ საძმოს ვერანაირი წლები ვეღარ გაამთელებს. ისეთი დიდი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებას ჩვენი დარჩენილი წლები აღარ ეყოფა. ერთი კია სიკვდილი გაგვიიოლა, იქ გვეგულება უკვე. რა ბედნიერებაა, რომ არსებობდი. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ გადავეყარეთ ერთმანეთს და ძმობა შევფიცეთ... სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში - ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ რომ იხუმრე - ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!!! რა დროს სიკვდილი იყო, ბიჭო?!"
