სკვერებსა თუ ეზოებში მოწყობილ სათამაშო მოედნებზე ბევრი მშობელი და ბავშვი იყრის თავს. რა თქმა უნდა, კონტაქტი როგორც სხვა მშობლებთან, ასევე სხვის შვილებთან, გარდაუვალია და არც ისე იშვიათად, კონფლიქტები და უსიამოვნო სიტუაციებიც წარმოიქმნება ხოლმე.
როდის არის სათამაშო მოედანზე მომხდარი უსიამოვნებები მშობლის „ბრალი“ და ყველაზე ხშირად რა შეცდომები მოსდით მშობლებს? სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, რამდენიმე გარემოება გამოვლინდა:
ყველაფერი ძალიან უწყინარი მიზეზით იწყება: „ერთ კომენტარს ვუპასუხებ“, „ერთ მესიჯს გავგზავნი“, „რამდენიმე პოსტს გადავხედავ და თან ბავშვს ვუყურებ“... მაგრამ პოსტს პოსტი მოჰყვება, მეგობრების ფოტოებიც არ თავდება, განსაკუთრებით ჩამთრევია მიმოწერა მშობლების ჩატში...
ამ დროს ფიზიკურად დედა ადგილზეა, მაგრამ სინამდვილეში სადღაც სხვაგანაა.
შეუძლებელია, ასეთ ვითარებაში ბავშვისთვის სრულყოფილად თვალყურის დევნება: სულ რამდენიმე წამში შეუძლია სასრიალოდან ჩამოვარდნა, შეიძლება გაქანებული საქანელა დაეჯახოს ან უფროს ბავშვებთან ერთად გაიქცეს. დედა ვერ შეძლებს დროულად რეაგირებას.
დიახ, სხვისი ბავშვები ხანდახან ცუდად იქცევიან: ხელს კრავენ თქვენს შვილს, ართმევენ სათამაშოებს, არ უთმობენ ადგილს საქანელაზე. მაგრამ ეს არ არის მათთვის საყვედურების მიცემის და მათთვის ჭკუის სწავლების მიზეზი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი შვილი აგრესიისგან, მაგრამ ამავდროულად პატივი უნდა სცეთ სხვის საზღვრებს. ეს არც ისე რთულია. "რა უხეში ხარ, გაჩერდი ახლავე, წადი სხვაგან ითამაშე" - მიუღებელია.
სავარაუდოდ, მეორე დედა ჩაერთვება პროცესში და მასთან ერთად მოაგვარებთ ბავშვების კონფლიქტს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ის არანაირად არ რეაგირებს, თქვენ არ უნდა მოირგოთ მოსამართლის როლი. შესაძლოა, ის უბრალოდ ვერ ხედავს ჩარევის მიზეზს და ეს ასევე პოზიციაა. მშობლებს საკუთარი მეთოდები და წარმოდგენები აქვთ, რაც შეიძლება საერთოდ არ ემთხვეოდეს თქვენსას. მშვიდად და კეთილგანწყობით გამოართვით თქვენი სათამაშო სხვა ბავშვს, ნუ დაანებებთ საქანელას, თუ თქვენს შვილის ჯერია, ან ფიზიკურად გაარიდეთ ბავშვი მოძალადეს. ანუ იზრუნეთ თქვენს შვილზე და სხვა მშობლებს კი ნება მიეცით, თავად გაზარდონ თავისი ბავშვები.
ადამიანს შეგიძლიათ უსასრულოდ უყუროს სამ რამეს - როგორ ელვარებს ცეცხლი, როგორ ღელავს ზღვა და როგორ ართობს ვინმე თქვენს შვილებს.
არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შემოდგომის მშვენიერ დღეს სკამზე ჯდომა, ყავის დალევა და ბავშვის თამაშის შორიდან ყურება. მშობლების ასეთი ქცევა, როგორც წესი, უფრო აქტიურ და პასუხისმგებლიან დედებს აღიზიანებთ, რადგან სხვა, ზუსტად თქვენნაირად დაღლილ ქალს ძალაუნებურად უწევს თქვენი ბავშვის გართობაც და მასზე თვალყურის დევნებაც მანამ, სანამ თქვენ ისვენებთ.
ზოგჯერ ბავშვები კიბეებიდან ეშვებიან, გარბიან საქანელებთან, აყრიან ქვიშას ყველა ცოცხალ არსებას და ერთმანეთს სათამაშოებს ართმევენ. ამ ყველაფერს ნებით თუ უნებლიეთ, სხვა, უფრო ჩართული და ყურადღებიანი მშობელი უყურებს. ამავდროულად, მას საკუთარი შვილი ჰყავს მისახედი და ნებისმიერ მინიმალურად სახიფათო სიტუაციაში ის მასთან გაჩნდება, ხოლო თქვენი შვილი დახმარების გარეშე დარჩება.
ზოგიერთ ბავშვს ალერგია აქვს, ზოგი ტკბილეულს არ აჭმევს შვილებს, ზოგს არ უნდა, რომ კვებათა შორის შუალედებში მისმა შვილმა არაფერი ჭამოს, რომ მადა არ დაეკარგოს. თითოეულ ოჯახს თავისი წესები და გარემოებები აქვს და სხვისი ბავშვის საკუთარი საკვებით გამასპინძლება კარგი იდეა არ არის. მაშინაც კი, თუ ის თავად გთხოვთ. უკიდურეს შემთხვევაში, ჰკითხეთ მის მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ გაუზიარეთ სასუსნავი.
ახლა თითქმის არც ერთი მშობელი არ გამოართმევს შვილს სათამაშოს სხვა ბავშვის სასარგებლოდ და, ფსიქოლოგების აზრით, ეს სწორია, სამაგიეროდ, საპირისპირო სიტუაცია გვხვდება ხშირად. ზოგიერთი დედა და მამაც კი, მზადაა, ხელებში ეცეს სამი წლის ბავშვს უნებართვოდ აღებული სკუტერის გამო. ან ერთ ამბავს ატეხავს მანქანის ხუთი წუთით თხოვებაზე.
რა თქმა უნდა, მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა სპეციალურად არ ასწავლის შვილებს სხვისი სათამაშოების აღებას, მიტოვებული სკუტერების ტარებას ან მანქანების მოპარვას. მაგრამ ყველა მცირეწლოვანი ბავშვი პერიოდულად ასე იქცევა. ეს ასაკის გამოა და არა იმიტომ, რომ უზნეოა. თუ სათამაშოები ნამდვილად ძვირია და განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, ჯობია საერთოდ არ წაიღოთ ასეთ ბავშვმრავალ ადგილას.
ყველაზე თავგადაკლული მრჩევლები პირველი შვილის ახალგაზრდა დედები არიან. ერთი სული აქვთ, მთელ მსოფლიოს ასწავლონ, როგორ კვებონ სწორად ბავშვი, როგორ აღზარდონ და რაც მთავარია, სწამს, რომ მხოლოდ მისი შეხედულებებია სწორი. ბუნებრივია, გარკვეული რეკომენდაციები არსებობს, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით, უფრო სწორია. მაგრამ ყველაფერი მაინც გამოცდილებასთან ერთად მოდის, მათ შორის იმის აღმოჩენა, რომ არ არსებობს უნივერსალური რეცეპტები და რჩევის მიცემა შეიძლება მხოლოდ მათთვის, ვინც ამას ითხოვს.
გამძლეობა და სიმშვიდე მრავალშვილიანი დედებისგან შეგიძლიათ ისწავლოთ. მათ არ აინტერესებთ, დადის თუ არა თქვენი ბავშვი ქუდის გარეშე, ამბობს თუ არა წინადადებას ორი წლის ასაკში და რა ასაკამდე წოვდა ძუძუს. ამ გმირ ქალს სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად დრო არ აქვს, მთელ საბავშვო ბაღს უვლის და რესურსებს ზოგავს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას, ისევე როგორც არავის, ესმის, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, ყველა მშობელი განსხვავებულია და არც ერთი გარემოება არ არის ერთნაირი. ასეთი დედები იდეალური მოსაუბრეები არიან.
ბედნიერებაა, როცა დედას სჯერა შვილის, მას ჭკვიანად და ნიჭიერად მიიჩნევს, მაგრამ კატასტროფაა, თუ ამის დამტკიცებას მთელი სამყაროსთვის ცდილობა. ასეთი მშობლები უბრალო კომპლიმენტს ეტყვიან თქვენს პატარას და თითქმის მაშინვე გადადიან შეტევაზე: ”უკვე მათემატიკაზე დაგვყავს, მასწავლებლები ძალიან აქებენ. ნიჭიერი ბავშვების თეატრალურ სტუდიაშიც სწავლობს და სულ მთავარ როლებს აძლევენ“.
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს სჭირდება და უნდა ეძებოთ ჰობი ასაკის, გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ადამიანების შვილების წარმატებები არავის აინტერესებს, გარდა მათი მშობლებისა და უახლოესი წრისა. ასეთი საუბრები მხოლოდ მოწყენილობას და თანამოსაუბრისგან სწრაფად თავის დაღწევის სურვილს იწვევს.