ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სეზონური ვირუსები აქტიურდება და როგორც წესი, ბავშვები ამ სეზონზე ხშირად ავადობენ. ამიტომაც, უწევთ როგორც საბავშვო ბაღის, ასევე სკოლის გაცდენა. ექიმების რეკომენდაციაც ასეთია, რომ ის ბავშვი, რომელსაც ვირუსი აქვს და თავს ცუდად გრძნობს, მშობელმა ბაღსა და სკოლაში არ უნდა გაუშვას, გაუფრთხილდეს საკუთარი შვილისა და სხვა ბავშვების ჯანმრთელობას. ამიტომაც, გაცდენის საკითხი მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:
- აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
- ოჯახის წევრის გარდაცვალება;
- სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.
რაც შეეხება სკოლის მოსწავლეს, მას სტატუსი შეუჩერდება, თუ გადაბმულად 45 დღის განმავლობაში გააცდენს სკოლას. ან გაცდენების რაოდენობა წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი იქნება. ამ შემთხვევაში ექსტერნის ფორმით გამოცდის ჩაბარებაა საჭირო.
უფრო ზუსტად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
- მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;
- მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
- სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
- არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.
- სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.
- მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
თუ მოსწავლეს კონკრეტულ საგანში გაცდენა დაუგროვდება, ვალდებულია ექსტერნის ფორმით დაძლიოს და სკოლის მიერ შემუშავებული გამოცდა ჩააბაროს.
თამარ იაკობაშვილი