ჯეიმს ტარლინგტონზე უკვე რამდენიმე წელია, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მოდის სამყაროში. ბიჭი, რომელიც წარმატებული სპორტსმენი უნდა გამოსულიყო და ცნობილი ბეისბოლისტი მამის მსგავსად ბეისბოლს მისდევდა, უცებ მოდის სამყაროში გამოჩნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა.
როგორც მალევე გაირკვა, ჯეიმსი 90-იანების ცნობილი სუპერმოდელის, კრისტი ტარლინგტონის დისშვილია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამდვილი გვარი კარტერია, სწორედ ტარლინგტონის გვარით გამოჩნდა პოდიუმზე. ამბობენ, რომ 2019 წელს ჯეიმსი დეიდას უბრალოდ გაჰყვა გადაღებებზე და სკაუტებმა შენიშნეს. მალევე გააფორმეს მასთან კონტრაქტი და დღეს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სახეა მოდის კვირეულებზე თუ სარეკლამო გადაღებებისას.
ბევრი აღნიშნავს, რომ ჯეიმსი ძალიან ჰგავს ცნობილ დეიდას, რომელიც სინდი კროუფორდთან, ნაომი კემპბელთან და მისი თაობის სხვა სუპერმოდელებთან ერთად ლეგენდარულ თაობას წარმოადგენდა.