მარი ომანაშვილი გუშინ დაკრძალეს. თელაველი გოგონა, რომელიც ცნობილი ტიკ-ტოკიდან გახდა ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 33 წლის მარის 9 წლის ვაჟი ჰყავდა, რომელიც დღემდე ზესტაფონში მიმნდობ ოჯახში ცხოვრობს.თელაველი ქველმოქმედი დინა ნაწიფაშვილი,რომელიც მარის პატრონობდა, ამბობს, რომ მას შვილის მოვლა არ შეეძლო. დინამ არ იცის, ვინ არის ბავშვის მამა, ამბობს, რომ ამაზე მარი თავადაც არ საუბრობდა.
მარის დაკრძალვას ორგანიზება დინამ გაუწია. მისი ყოველი დღე მარისთან ერთად ჭიქა ყავით იწყებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა მისთვის, უვლიდა, საკვებს აძლევდა, ორი წლის წინ, ხალხის დახმარებით სახლი კონტეინერი შეუძინა, სადაც მარის შეეძლო ადამიანურ პირობებში ეცხოვრა. სოციალურ ქსელში მარი თავადაც ხშირად აღიარებდა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როგორც დინამ ჩვენთან წინა ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო დროს, იშვიათად სვამდა.
მარი არა მარტო თელავში, სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც ძალიან უყვარდათ, ეხმარებოდნენ, ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ გოგონას, რომელსაც ყველანაირი საჩუქარი პატარა ბავშვივით უხაროდა...
- საღამოს 8 საათი იყო, რომ დამირეკეს, მარის დაბადების მოწმობა უნდოდათ, მითხრეს, ავარიაში მოჰყვა და ძალიან ცუდად არისო. როდესაც ვკითხე, ცუდი ხომ არაფერია-თქო, არა, საშიში არ არისო. მეორე დღეს, როგორც კი გათენდა, საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ მარი დაიღუპა. აქამდე არ ვიცი ვინ გაიტანა.
- საზოგადოებამ, ვინც თქვენს საერთო ტიკ-ტოკის ვიდეოებს თვალს ადევნებდა, იცის, რომ მარის ჰყავს შვილი, 9 წლის ბიჭი, რომელიც ზესტაფონში მშვილებელ ოჯახთან იზრდება. რა არის ცნობილი ბავშვის მამის შესახებ და გაიგო ბავშვმა დედის დაღუპვის შესახებ?
- მარის ძალიან უყვარდა თავისი შვილი, ისეთი ბედნიერი იყო როდესაც ხვდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო. რაც შეეხება ბავშვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამაზე მარიც არ საუბრობდა. ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგ ოჯახშია, კარგად უვლიან. რამდენჯერაც ვიყავი, აღფრთოვანებული წამოვედით იქიდან. მარის დაღუპვაზე მე არ დამირეკავს, ვერ ვეტყოდი, რომ დედა გარდაეცვალა.